როგორც ჩვენი გაზეთის 22 ოქტომბრის ნომერში ვწერდით, ლეიბორისტული პარტიიდან პრეზიდენტობის კანდიდატის, შალვა ნათელაშვილის თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ გაპრეზიდენტების შემთხვევაში, გარანტირებულია ომი რუსეთთან.
ეს განცხადება ნათელაშვილმა 15 ოქტომბერს ოზურგეთის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ადგილობრივ ამომრჩევლებთან შეხვედრაზე გააკეთა.
30 ოქტომბრის „მოამბე-დღის თემის“ პირდაპირ ეთერში ამ საკითხზე დამაფიქრებელი მოსაზრებები გამოთქვეს პოლიტიკური გაეთიანება თავისუფალი საქართველოს“ ლიდერმა, ასევე უკვე პრეზიდენტობის ყოფილა კანდიდატმა კახა კუკავამ და „ქართული ოცნება - დემოკრატული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გედევან ფოფხაძემ, რომლებიც ღიად საუბრობენ რევანშისტული ძალების გააქტიურებასა და მოსალოდნელ სამოქალაქო დაპირისპირებაზე.
კუკავას თქმით, ვაშაძემ რომ გაიმარჯვოს, მეორე დღიდან შს მინისტრად დანიშნავენ ახალაიას და ისევ იგივეს დაიწყებენ, რასაც 9 წლის განმავლობაში აკეთებდნენ:
„რაც შეეხება დამდგარ შედეგს, ეს არის იმის შედეგი, რასაც ბოლო ერთი წლის მანძილზე აწარმოებდა „ქართული ოცნება“, რომელიც ჩარჩა 2012 წელში და 6 წლის მანძილზე აყვედრიდა ხალხს მხოლოდ იმას, რომ ციხეში აღარ აუპატიურებდნენ პატიმრებს, მეტი არაფერი სათქმელი არ ჰქონია ქართველი ხალხისათვის. როგორც წინა ხელისუფლებამ, ამათაც წინა პლანზე წამოსწიეს უტიფარი სახეები,რომლებიც ხალხს უმტკიცებდნენ, რომ არა ოპოზიცია, ქვეყანაში ყველაფერი მიდის აყვავებისკენ. ჩემი აზრით, პირველ ტურში ვაშაძის წარმატება, „რუსთავი-2-ზე“ უფრო მეტად, განაპირობეს ირაკლი კობახიძის, მამუკა ბახტაძის, არჩილ თალაკვაძის, მამუკა მდინარაძის და სხვების ქმედებებმა.
პირველ ტურში ხალხმა ვაშაძეს კი არ დაუჭირა მხარი, არამედ ხმა მისცა ბიძინა ივანიშვილის უტიფრობის წინაააღმდეგ, ვაშაძე იქნებოდა იქ თუ სიკინჭილაშვილი, არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდა.
რა თქმა უნდა, გაგებით მოვეკიდები, თუ ჩემი რომელიმე მხარდამჭერი ხმას მისცემს რომელიმე კანდიდატს, მაგრამ მე პირადად, ხმის მიცემას არც ერთი მათგანისთვის არ ვაპირებ. აგიხსნით, რატომ – რამდენიმე საათის წინ ვუსმინე სალომე ზურაბიშვილის განცხადებას და ვერ დავინახე, რომ მან ერთი შეცდომა მაინც დაინახა. ვერ დავინახე, რომ „ქართულმა ოცნებამ“ რამე გადააფასა. ერთი თანამდებობის პირი მაინც გადადგა?!
კონსტიტუციაზე, საარჩევნო კოდექსზე, ან სამართლიანობის აღდგენაზე რამე კონკრეტული თქვეს, რის შეცვლას აპირებენ?!
როგორც ვასაძის არ მჯერა, ისე არ მჯერა ზურაბიშვილისა. ვაშაძის შემთხვევაში, პირდაპირ ვიტყვი, მეორე დღესვე შს მინისტრად ახალაიას დანიშნავენ და დაიწყება ისევ ის, რაც კეთდებოდა 9 წლის განმავლობაში. არ მინდა ამაზე პასუხისმგებლობის აღება, მაგრამ არც იმაზე არ მინდა პასუხისმგებლობის აღება, რომ სალომე ზურაბიშვილს მივცეთ ხმა და მეორე დღიდან თალაკვაძემ, მდინარაძემ და სხვებმა უტიფარი ნოტაციები გვიკითხონ.
წამყვანის შეკითხვაზე, რატომ არ მისცა ხმა ამომრჩეველმა პირადად მას, ან პრეზიდენტობის სხვა კანდიდატებს, კუკავამ უპასუხა:
„დავით უსუფაშვილმა და მე ვერ მოახერხეთ გაერთიანება და მესამე ცენტრის შეთავაზება, რაც, ჩემი აზრით, დავით უსუფაშვილის შეცდომა უფრო იყო, თუმცა ამაში ნაწილობრივ საკუთარ თავსაც ვადანაშაულებ... „ოცნება“ და „ნაცები“ ჩემთვის არ არიან ერთმანეთის ალტერნატივა. მე პირადად მიმაჩნია და მგონი საქართველოს მოსახლეობამაც უნდა გააცნობიეროს, რომ ჩვენ მეორე ტური წაგებული გვაქვს, ამ ორიდან ვინც არ უნდა მოიგოს, ჩვენ უნდა ვემზადოთ იმისთვის, რომ მეორე ტურის შემდეგ მაინც მოვახერხოთ, შევქმნათ ეროვნული ძალა, რომელსაც ხაზინა არ გაუძარცვია, პატიმარი არ გაუუპატიურებია, რომელიც სარდაფში არ დაათრევს ბიზნესმენებს. აი ეს ძალები უნდა გაერთიანდეს, ამიტომ ჩვენ უნდა ვემზადოთ, რომ აი ამ არასაპარლამენტო ოპოზიციიდან შევთავაზოთ ქართველ ხალხს მესამე ძალა, მესამე ცენტრი, ეს უკვე შემდეგ არჩევნებზე, რათა მან ერთი ბანდიტის წინააღმდეგ მეორე ბანდიტს არ მისცეს ხმა.
გედევან ფოცხაძე მიიჩნევს, რომ თუ მეორე „ნაციონალების“ კანდიდატი გაიმარჯვებს მოსალოდნელია სამოქალაქო დაპირისპირება. გრიგოლ ვაშაძის არჩევის შემთხვევაში ტროას ცხენი შეგვყავს პრეზიდენტის სასახლეში და როცა მისი ნიშები გაიღება,იქედან გადმობრძანდებიან სააკაშვილი, ადეიშვილი, მერაბიშვილი, ახალაია, ზონდერები და კრიმინალები:
„ქართული საზოგადოება, ქართული მორალი, ღირსება და მართლმადიდებლური ღირებულებები უბრალოდ ვეღარ გაუძლებს ვაშაძისა და „ნაციონალების“ გამარჯვებას, მიშას დაბრუნებას, მისი რეჟიმის რეანიმაციას და საქართველოზე იმ ძალადობრივი ტალღის კიდევ ერთხელ გადავლას. დღეს ამას ქართველი ამომრჩეველი უნდა აღუდგეს წინ. მას კანდიდატი სჭირდება, რომელთან ერთადაც ამას გააკეთებს და ამიტომ გამორიცხული იყო, სალომე ზურაბიშვილს საქართველოსთვის ეღალატა და თავისი კანდიდატურა მოეხსნა.
ერთად უნდა დავირაზმოთ ძალადობის, ფაშიზმის, ამ უტიფრობამდე მისული ნაძირლების წინააღმდეგ, რომლებსაც მორალური აღარაფერი დარჩათ. მათ ჰგონიათ, ყველაფერი გაუვათ, ნებისმიერი ტყუილი, ცილისწამება და თავიანთი რევანშისტული მიზნების მიღწევას შეძლებენ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ჩვენ ამის რესურსი გვაქვს ქართულ საზოგადოებასთან, იმ ადამიანებთან ერთად, რომლებთან ერთადაც წლების განმავლობაში გვიბრძოლია და ჩვენს სათქმელს ვიტყვით.
ვაშაძის გაპრეზიდენტის შემთხვევაში, ჩვენ უბრალოდ ტროას ცხენი შეგვყავს პრეზიდენტის სასახლეში, მას შემდეგ, რაც შევა სასახლეში, მისი ნიშენი გაიღება და იქედან გადმობრძანდებიან ბატონი სააკაშვილი, ადეიშვილი, მერაბიშვილი, ახალაია, ის ზონდერები და კრიმინალები, რომლებიც თბილისის ქუჩებში დადიოდნენ და ყვიროდნენ, ბადრის რაო და დედას აგინებდნენ საზოგადოებას, მთელ საქართველოს, რომლებიც აუპატიურებდნენ ციხეებში პატიმრებს. ეს ყველა გადმოვა და ეს იქნება ახალი პოლიტიკური მოცემულობა. ე. ი. იმ შემთხვევაში თუ ბატონი ვაშაძე გახდება ქვეყნის პრეზიდენტი, ჩვენ ჩვენი ხელით შეიძლება დავუშვათ ეს მოცემულობა, როდესაც შეწყალების უფლებით ის იგდებს ხელში შესაძლებლობას, ყველა ის ადამიანი, ვინც ცხრა წლის მანძილზე ძალადობდა საქართველოზე, იყოს თავისუფალი, დაუსჯელი, განახორციელოს რევანში და რევანშისტების ფსიქოლოგია, ქმედება და მორალი როგორია, ჩვენ ძალიან კარგად ვიცით.
თქვენ იცით ეს ძალა, მიხეილ სააკაშვილის სახით, რა გეგმებს ისახავს, ძალადობით, სისხლის ღვრით, გვამებით მოვიდეს საქართველოში, ეს არის აბსოლუტურად რეალისტური სცენარი. არაფერს ვიგონებ, ნებისმიერ ქართველს თვითონ შეუძლია გაანალიზოს შექმნილი მოცემულობა, გაანალიზოს ამ ადამიანების ფსიქიკა, გაანალიზოს რა შეიძლება მოყვეს ქვეყანაში ამ მოცემულობას“.