ვინ გახდება საქართველოს პრეზიდენტი? პირველმა ტურმა გამარჯვებული ვერ გამოავლინა, მეორის მოლოდინში დებატები ყველა დონეზე გრძელდება. თამაშგარეთ დარჩენილი კანდიდატები და მათი პარტიის წევრები „ნაციონალებს“ და „ოცნებას“ ერთნაირი შემართებით „აქებენ“. განსაკუთრებულად აქტიურ, ორ მათგანს ჩვენც ვესაუბრეთ. დავით მამალაძე (ლეიბორისტული პარტია): პირველ რიგში, დიდი მადლობა მინდა გადავუხადო, იმ ერთგულ ამომრჩეველებს, რომლებიც ნამდვილად არ გაიყიდნენ და ყოველგვარი ანგარების გარეშე დაუჭირეს მხარი ნათელ მომავალს. რაც შეეხება შედეგს, რომ არ ყოფილიყო არჩევნების ტოტალური გაყალბება, საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ დაკვეთილი ეგზიტპოლები და ნაცებ-ქოცებს შორის ფარული, ბინძური გარიგება, სულ სხვა შედეგი დადგებოდა. ამის დასტურია ის 60 000 ხმა, რომელიც ლეიბორისტმა კანდიდატმა, ერთი თეთრის დახარჯვის გარეშე მიიღო. პრაქტიკულად არჩევნებში გამარჯვებული არის ლეიბორისტული პარტია. შედეგი დაიდო გაყალბების, მოსყიდვის, შანტაჟის და ძალადობის გზით. ამ ყველაფრის ავტორები სასწრაფოდ არიან ქვეყნიდან მოსაცილებელი თორემ კარგს არც ქვეყანას მოუტანენ რამეს, არც ხალხს.
-როგორია თქვენი მოლოდინი მეორე ტურთან დაკავშირებით?
-არჩევნები რომ ობიექტურად და დემოკრატიულად ჩატარებულიყო, პირველივე ტურით დამთავრდებოდა ყველაფერი. მეორე ტური გაყალბების შედეგია. უპრეცენდენტო დიდი ფულია დახარჯულიო მმართველი პარტის მხრიდან. ამ არჩევნებმა დაანახა ხალხს, რომ რეჟიმი არის მოსაცილებელი, ძველი რეჟიმი თავისთავად ვერ დაბრუნდება . ერთი რეჟიმია ორივე. ამიტომ უნდა შეიქმნას ერთიანი ეროვნული თანხმობის კოალიციური მთავრობა, მერე უნდა ჩატარდეს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები, თორემ მარტო მეორე ტური ვერ გვიშველის. ჩვენ ინტერესი აღარ არის მეორე ტური. ახლა საპარლამენტო არჩევნებზე ვფიქრობთ, რომელიც ჩატარდება გაყალბების გარეშე. ბინძურ ფულს ჯანსაღი ძალა უნდა დავუპირისპიროთ.
-ვის დაუჭერენ მხარს ლეიბორისტები?
-ჩვენი მხარდაჭერები, ვის დაუჭერენ მხარს, მე როგორ გეტყვით?
არჩევნები თავისუფალი ნებაა და ვინ, საით წავა, მათი გადასაწყვეტია. ჩვენ ელექტორატს არჩევანის გაკეთება უწევს ცუდსა და უარესს შორის. ამ შემთხვევაში ვერავის ვერ მოვუწოდებთ რომელიმე კანდიდატს დაუჭირონ მხარი. ორივე მათგანი მიუღებელია ჩვენთვის. როცა მერობაზე ვიყრიდი კენჭს, მაშინ, არ გამიკეთებია მოწოდებები, მხარი დამიჭირეთ მეთქი და ახლა ვაშაძის და ზურაბიშვილის მხარდაჭერისკენ ვერავის მოვუწოდებ.
-როგორ შედეგს ელოდებით?
-მეორე ტურის ნებისმიერი შედეგი არის ოლიგარქის წისქვილზე წყლის დასხმა. კიდევ ვიმეორებ ერთადერთი გამოსავალი რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებია. მმართველი პარტიისთვისაც ასე იქნება უკეთესი.
გოჩა ძიმისტარიშვილი (თავისუფალი საქართველო): ასეთ შედეგს არ ველოდი. მეგონა, რომ ოპოზიციურად განწყობილი ხმების 10-15 % განაწილდებოდა სხვა ოპოზიციურ პარტიებზე, მაგალითად, კახა კუკავასა და შალვა ნათელაშვილზე. ვერც კი წარმომედგინა რომ ხალხი ასე აზროვნებს.
-როგორი იყო წინასაარჩევნო გარემო? შედეგზე გავლენა რაიმე სახის რესურსმა იქონია?
-რაც შეეხება გარემოს , ჩვენს ქვეყანაში არჩევნებზე სახელისუფლებო რესურსი ყოველთვის არის გამოყენებული. ამას მე ამჯერადაც ვხედავდი. მობილიზებული ქალბატონები „მარშრუტკებში“, ავტომობილებში სიებით, არჩევნების დღემდე რაც ხდებოდა, ის უკვე ცალკე თემაა.
-როგორია თქვენი პოზიცია მეორე ტურში?
-მეორე ტურთან დაკავშირებით ახლა გავდივართ კონსულტაციებს, მოქალაქეებთან, ოპოზიციურ პარტიებთან.
-შესაძლებელია რომ თქვენ ოფიციალურად მხარი დაუჭიროთ ერთ-ერთ კანდიდატს?
-არ არის გამორიცხული. ვნახოთ. როგორც ვთქვი, მიმდინარეობს სერიოზული კონსულტაციები. მე, როგორც ერთ-ერთ ოპოზიციონერ ლიდერს, მაქვს ოპოზიციური განწყობა ამ ხელისუფლების მიმართ, მაგრამ, მეორე მხრივ, არის „ნაციონალური მოძრაობა“, რომელმაც ამხელა პროცენტი აიღო. ეს არის შოკი ჩემთვის. თან მაშინ, როცა სხვა ოპოზიციური კანდიდატები იღებდნენ არჩევნებში მონაწილეობას, იგივე კახა კუკავა, შალვა ნათელაშვილი, თუ გინდ, უსუფაშვილი. მე არ მინდა „ნაციონალებმა“ გაიმარჯვონ, არ მინდა ძველი დროის დაბრუნება, მაგრამ მეორეც უვარგისია. ჯერჯერობით ჩემს მხარდამჭერებს და ეროვნულად მოაზროვნე ძალებს ვერ გადაგვიწყვეტია რა გავაკეთოთ ამ არჩევნების დროს.