ოზურგეთის მუნიციპალიტეტში სოციალურ და ჯანდაცვის საკითხთა სამსახურის საჯარო მოხელეთა საქმეზე აუდიტის დასკვნის განხილვა დახურულ ფორმატში მიმდინარეობს
ამ წუთებში ოზურგეთის მუნიციპალიტეტში სოციალურ და ჯანდაცვის საკითხთა სამსახურის საჯარო მოხელეთა საქმეზე აუდიტის დასკვნის განხილვა დახურულ ფორმატში მიმდინარეობს. აუდიტის დასკვნის მოპასუხე მხარე თამარ დუმბაძე, ნათია ვაშალომიძე, ქეთევან სანიკიძე და მარიამ პაპაშვილი არიან. განხილვა მერის პირველი მოადგილის, ალექსანდრე სურგულაძის კაბინეტში მიმდინარეობს
.
აუდიტის დასკვნის განხილვაზე ჟურნალისტები არ დაუშვეს. გაზეთ „ალიონმა“, თუ რატომ იყო სხდომა დახურული, მერიის პრესსამსახურს მიმართა. პრესსამსახურის უფროსი ეკა მგელაძე მერიის იურისტს მიხეილ შილაკაძეს დაუკავშირდა. ჩვენს მოთხოვნას, რომ დაესახელებინა რომელი რეგულირებით არ აძლევენ ჟურნალისტებს თვითმმართველობაში ასეთ განხილვაზე დასწრების უფლებას, შილაკაძე ზოგადი განმარტებებით შემოიფარგლა.
განხილვას მერის მოადგილე, სოციალური სფეროს კურატორი ირაკლი სირაძე, იურიდიული სამსახურის უფროსი ლაშა თავაძე, აუდიტის სამსახურის ინსპექტირების განყოფილების უფროსი მარიკა ნაცვალაძე ესწრებიან. სხდომას უძღვება აუდიტის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი გერასიმე ბოლქვაძე; მდივანი თამილა კიღურაძე
.
სოციალური სამსახურის უფროსის უფლებებს იცავს ადვოკატი მარიამ ლევიძე
.
მისაღებთან მოქალაქეები არიან, რომლებიც აპროტესტებენ მათთვის ბინის ქირის დახმარებების შეწყვეტას. მათ სხდომაზე არ უშვებენ. ერთ-ერთი მოქალაქე ცუდად შეიქმნა, რომელიც ამჟამად პრესსამსახურის ოთახში იმყოფება.