გუბერნატორი მუნიციპალიტეტების საკადრო პოლიტიკაში რეკომენდაციების დონეზეც არ ერევა

დამატებულია: 2018-12-06
picture1

ზურაბ ნასარაია-„რეკომენდაციები არ მქონია იქედან გამომდინარე, რომ სამივე მუნიციპალიტეტი არის დამოუკიდებელი სტრუქტურული ერთეული“

ინტერვიუ გურიის გუბერნატორთან

_ამ დღეებში ბრიუსელში იმყოფებოდით, ნატოს შტაბ-ბინასა და ევროკავშირის სათაო ოფისში. რას ეძღვნებოდა ეს შეხვედრები?

_გვქონდა შეხვედრა როგორც ნატოს შტაბ ბინაში, ასევე გაეროს ევრო კომისარიატში. ამ შეხვდრებში ქართული მხარიდან მონაწილეობდა შიდა ქართლის გუბერნატორი, კულტურის მუშაკები, საზოგადო მოღვაწეები, არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელები. დელეგაცია საკმაოდ მრავალფეროვანი იყო დაახლოებით 20 ადამიანი იღებდა ქართული მხარიდან მონაწილეობას. შევხვდით ნატოს გენერალურ მდივანს, მის მოადგილეებს. ასევე შეხვედრები გვქონდა ევროკომისიის წარმომადგენლებთან, სადაც საუბარი იყო საქართველოს და ევროკავშირის თანამშრომლობაზე, იმ პროექტებზე რომლებიც ევროკავშირის მიერ არის დაფინანსებული რეგიონებში, მათ შორის გურიაშიც. დავაყენეთ საკითხები, რომ ის დაწყებული პროექტები, რომლებიც მათი დაფინანსებით მიმდინარეობს, კიდევ გაგრძელდეს და მივიღოთ მეტი დაფინანსება და მხარდაჭერა.

ნატოს შტაბ ბინაში შეხვედრის დროს, საქართველოსა და ნატოს სამომავლო თანამშრომლობის პაკეტზე ვისაუბრეთ. დეტალებში იქნა განხილული დღეს არსებული მდგომარეობა სხვადასხვა სახელწიფო უწყებებში რეგიონალური მმართველობის დონეზეც,მივიღეთ დაპირება, რომ ნატოს შესაბამისი კომისიები განიხილავენ და იმსჯელებენ იმ საკითხებზე, რომლებიც სამომავლოდ დააჩქარებს ნატოსთან ინტეგრაციის პროცესს. ჩვენც გამოვხატეთ მზადყოფნა, რომ ის საშინაო დავალება, რომელიც მოგვცა ნატომ მის შესრლებაში საქართველო იყოს პირნათელი.

_გვინდა საკადრო საკითხებზე გკითხოთ. წელს, ზაფხულში, გურიის სამხარეო ადმინისტრაციამ გამოაცხადა კონკურსი რამდენიმე ვაკანსიაზე. ჩვენი ინფორმაციით, დასაქმების 20-მდე მსურველს ჰქონდა შემოტანილი განცხადება კონკურსში მონაწილეობისთვის. თქვენი გუბერნატორად დანიშვნის შემდეგ, ეს კონკურსი გააუქმეთ. რა იყო ამის მიზეზი.

_აღნიშნული კონკური მე გამოცხადებული დამხვდა. მის გაუქმებაზე გადაწყვეტილება მივიღეთ იმის გამო, რომ იგეგმება რეორგანიზაცია გუბერნიის აპარატში. გარკვეული მონახაზი უკვე გვაქვს გაკეთებული და გაგზავნილი გვაქვს შესაბამის უწყებებში. ველოდებით, რომ თანხმობა მივიღოთ. სავარაუდოდ, ამ ეტაპისთვის განვახორციელებთ შიდა გადაადგილებებს. მოხდება ჩვენი თანამშრომლების ფუნქციების გამიჯვნა. ახალი თანამშრომლების მიღებაზე სამომავლოდ მივიღებთ დაგაწყვეტილებას. ამ ეტაპზე განხილვის პროცესში ვართ.

_თქვენ ახლო ურთიერთობაში ხართ რეგიონის სამივე მუნიციპალიტეტის მერთან. აძლევთ მათ რეკომენდაციებს და ეხება თუ არა ეს საკადრო საკითხებს?

_რეკომენდაციები არ მქონია გამომდინარე იქედან, რომ სამივე მუნიციპალიტეტი არის დამოუკიდებელი სტრუქტურული ერთეული. შესაბამისათ თვითონ უნდა მიიღონ გადაწყვეტილება თავიანთ მუნიციპალიტეტებში, ვინ ეყოლებათ თანამშრომლები. ჩვენი ერთადერთი და მთავარი მოთხოვნა არის ის, რომ შეირჩეს კვალიფიციური კადრები, რომლებიც დაკისრებულ სამსახურეობრივ მოვალეობას შეასრულებენ პირნათლად.

_ჩაგეკითხებით. ერთი წელი მიმდინარეობდა დაპირისპირება ოზურგეთის მერს კონსტანტინე შარაშენიძესა და და „ქართული ოცნების“ წევრს, სოციალური სამსახურის უფროს თამარ დუმბაძეს შორის. აუდიტის სამსახურმა რამდენჯერმე შეამოწმა აღნიშნული სამსახური. შიდა აუდიტის სამსახურის დროებით უფლებამოსილება შეჩერებული უფროსი კობა ხაბალაშვილი აცხადებს რომ მერი მას აიძულებდა დაეწერა ისეთი დასკვნა რომ დუმბაძე გაეთავისუფლებინა თანამდებობიდან. საბოლოოდ დუმბაძე სამსახურიდან გაათავისუფლეს. გქონდათ თუ არა სარეკომენდაციო საუბარი ამ თემაზე ოზურგეთის მერთან და დაინტერესდით თუ არა ამ თემით?

_კონსტანტინე შარაშენიძესთან ამ თემაზე საუბარი არ მქონია. სიმართლე გითხრათ, თემას ვიცნობ სოციალური ქსელით. არც ქალბატონ თამარს მოუმართავს ჩემთვის. კიდევ ვამბობ, რომ საკრებულო და მერია არის დამოუკიდებელი ერთეულები და მათ საქმიანობაში პირდაპირი ჩარევა არ არის ჩვენი მიზანი. არც კანონმდებლობა ითვალისწინებს ამას. თუმცა თითოეული საკითხთან დაკავშირებით, რამაც შეიძლება გამოიწვიოს საზოგადოების უკმაყოფილება ჩვენ უნდა ჩავერთოთ.

_შარშან, ამ დროს, ახლადარჩეულმა მერმა რეორგანიზაციის პროექტი წარადგინა ოზურგეთის საკრებულოში, რომლითაც იგი გარკვეული კატეგორიის მთლიან გაუქმებას და 40 თანამშრომლის სამსახურიდან დათხოვნას ითვალისწინებდა. რამდენიმე დღის წინ შარაშენიძემ ერთ-ერთ მედიასთან დააანონსა რომ ახალი წლიდან კვლავ აპირებს რეორგანიზაციას. საუბრობენ რომ ის ადამიანები რომლებიც მას არ მიაჩნია თავის მომხრედ მოხვდება გათავისუფლებულთა სიაში. რას გვეტყვით ამაზე?

_თუ რეორგანიზაცის გადაწყვეტილებას მიიღებს მერია საკითხი უნდა გაიაროს საკრებულოსთან ერთად. ჩემთვის ამის შესახებ ჯერ ცნობილი არ არის, ახლა გავიგე თქვენგან.

_ როგორ ავხსნათ რეორგანიზაციის მიზეზი , თუ ამით ბიუჯეტის ეკონომია უნდა მოხდეს, მაშინ რას ნიშნავს აიპიებში გაბერილი შტატები და დამატებით ადამიანების დანიშვნა?

_ მე დავინტერესდები, თუ განიხილება ეს საკითხი. შევეცდები მერთანაც გავიარო და საკრებულოსთანაც. რას ემსახურება, რა მიზანია, რატომ ხდება, არ ვიცი.

_გასულ წელს ოზურგეთის მუნიციპალიტეტი ყველაზე ღია მუნიციპალიტეტად აღიარეს. ამჟამად საკრებულო, მედია ვერ რებულობს საჯარო ინფორმაცია მერიისგან მუნიციპალიტეტის აიპიებში დასაქმებულთა შესახებ და სხვა საკითხებზე..

_ყველა საჯარო სამსახური, მერია იქნება ეს თუ საკრებულო, უნდა იყოს ღია. ყველა დაინტერესებულ მხარეს ყველას უნდა ქონდეს ინფორმაციაზე წვდომა. თუ ეს ინფორმაცია არ მოიცავს რამე განსაკუთრებულ შეზღუდვებს და საიდუმლოს, პირად ინფორმაციას.მე ასე ვთვლი. ჩვენთან არცერთი ინფორმაცია არაა დამალული.

(აღნიშნული ინტერვიუს სრულ ვერსიას გაეცნობით გაზეთ „ალიონის“ 10 დეკემბრის ნომერში)

ავტორები: ნუგზარ ასათიანი, მარი კოძოევი.

ავტორი: სტატიის ავტორი;

© alion.ge 2015 წელი ყველა უფლება დაცულია.