შეიტანეს თუ არა უვარგისი ხორცი ოზურგეთის ბაღებში?

დამატებულია: 2018-12-08
picture1

„წინა ორშაბათს, ისევ შეიტანეს უვარგისი ხორცი საბავშვო ბაღში, საბავშვო ბაღს არ ვასახელებ...

ხორცის ერთ-ერთი ნაჭერი ისევ დაავადებული (დაჩირქებული) აღმოჩნდა და თავიდან დატრიალდა ძველი სქემა. არ გაიგოს არავინ, დამალეთ, მშობელმა არ გაიგოს, ამ კედლებიდან ხმა არ გავიდეს და ასე შემდეგ...

მერე იყო დაბარებების მთელი კასკადი გაერთიანების დირექტორთან: თუ მშობლები (მხოლოდ რამდენიმე), თუ ბაღის თანამშრომლები... შედეგი ხორცი შეიცვალა ჩუმად, თუმცა ტაშტი გატეხილი იყო და ხმაც გავარდნილი.

მშობლებო იცოდეთ რითი იკვებება თქვენი შვილები...

ის, რომ ნატურალური რძის ნაცვლად პალმის რძეს მიირთმევენ ალბათ იცით და გავატაროთ უნდა ხომ?! მინდა იცოდეთ თქვენ ეს ამბავი, უბრალოდ უზნეობაა და მეტი არაფერი, როცა ბავშვს გაფუჭებულ ხორცს და პალმის რძეს აჭმევენ.“,_წერდა რამდენიმე საათის წინ ქ. ოზურგეთის ბაღების გაერთიანების ყოფილი უფროსი ეკა ნინიძე. მას ამ პოსტის ადრესატად გაზეთ „ალიონის“, გურია ნიუსის“ და ტვ „გურიას“ ჟურნალისტები ჰყავდა მონიშნული.

თავდაპირველად სურსათის უვნებლობის ეროვნული სააგენტოს ოზურგეთის სამმართველოს უფროსს ნინი შეწირულს დავუკავშირდით. იგი აღნიშნულზე არანაირ ინფორმაციას არ ფლობდა.

დავუკავშირდით ა(ა) იპ ოზურგეთის ბაღების გაერთიანების შესყიდვების სამსახურის უფროსს კაკო ზაქარიაძეს:

_ჩვენს გაერთიანებას ტენდერში გამარჯვებული შპს „სოფო“ აწვდის ხორცს. ეს ფირმა აჭარიდანაა, ყოველთვის კარგ ხორცს აწვდის ბაღებს -გვითხრა მან.

შემდეგ აღნიშნული ბაღების გაერთიანების უფროსს მაკა ჭყონიას დავუკავშირდით:

_ეს არ არის სწორი ინფორმაცია. დვაბზუს სასაკლაოზე იკვლება საკლავი, გვაქვს მაქსიმალური კონტროლი. დაკვლას გაერთიანების მონიტორინგის სამსახური ესწრება, მშობლებსაც ვასწრებთ. ადგილზე არის ექიმი-ვეტერინარი ნუგზარ გოგიტიძე, რომელიც გასცემს საბუთს. სურსათის უვნებლობის სამსახურმა შეგვამოწმა...

_ კი, მაგრამ შპს „სოფო“ აჭარიდანაა, იქედან შემოჰქონდათ ხორცი... _უკვე 6-ჯერ შევიტანეთ ოზურგეთში დაკლული ხორცი. შპს „სოფოს“ დვაბზუს სასაკლაოსთან აქვს ხელშეკრულება გაფორმებული და იქ ფართიც აქვს აღებული..

გადაწყვეტილი გვაქვს, ტრენინგები ჩავუტაროთ თანამშრომლებს, ხორცის ხარისხში უკეთ გასარკვევად, დაზიანებული კერების გამოსავლენად. სურსათის უვნებლობის სამსახურის უფროსს ნინი შეწირულს ვთხოვეთ, მათი სამსახურის სპეციალისტებმა ჩაუტაროს ტრენინგი ჩვენს თანამშრომლებს.

რაც შეეხება „პალმის რძეს,“ იგი ამოღებულია საკვები პროდუქტებიდან და ამჟამადბაღები უკრაინულ პასტერიზებულ რძეს იღებს.

გაზეთი „ალიონი“ ქ. ოზურგეთის #9 ბაღის გამგე ვერა ვასაძეს დაუკავშირდა, სადაც ჩვენი ინფორმაციით დაზიანებული ხორცი მიიტანეს.

_სამსახურში ადრიანად დავდივარ. 9 საათსა და 15 წუთზე სამსახურში ვარ. ბაღში უამრავი საქმეა, მაგრამ მე განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევ ხორცის ხარისხს და სანიტარულ მდგომარეობას. ხორცი დისტრიბუტორს დილის 11-12 საათზე შემოჰქონდა. სამშაბათს, 4 დეკემბერს ხორცი დილით ადრე შემოიტანეს 40 კილოგრამი. აქედან ბარკლის ერთი ნაჭერი იყო 21, 7 კილოგრამი, ხოლო მეორე _18, 3 კილოგრამი. ორი სხვადასხვა საქონლის ხორცი იყო, ერთი ახალგაზრდის, მეორე ასაკოვნის.

მზარეულებმა დაიწყეს ხორცის დამუშავება უფრო პატარა ნაჭრებად. უფრო ასაკოვანი საქონლის ხორცში ჩირქის კერა აღმოვაჩინეთ. ეტყობა ავადმყოფობისას ნემსი ჰქონდა გაკეთებული. ჩირქის მცირე კერა სხვა ადგილასაც ჰქონდა.ავტეხეთ განგაში. ერთი წუთით წარმოიდგინე ბაღში 253 ბავშვია. ამ დროისათვის ვირუსების გამო 180 დადის. მე პასუხისმგებელი ვარ მათ ჯანმრთელობაზე, კვებაზე , ჩემი შვილიშვილებიც ბაღსი დადიან..ძალიან ვინერვიულე, წნევამ ამიწია. მოვიდა სასაკლაოს ვეტ.ექიმი ნუგზარ გოგიტიძე. ამოიღეს ხორცი. შპს „სოფოს“ დისტრიბუტორი კონჭკათში იყო ამ დროს და ცოტა შეაგვიანდა.მოვიდა ბაღების გაერთიანების წარმომადგენელი ნინო ქადეიშვილი, რომელიც დარსა თუ ავდარში ესწრება დაკვლის პროცესს დვაბზუს სასაკლაოზე. ხორცი შეცვალეს.

_ქალბატონო ვერა, ადრე ხორცი ხომ ბათუმიდან შემოჰქონდათ?

_ტენდერში ადგილობრივი დამამზადებლებიც მონაწილეობდნენ, მაგრამ როგორც ჩანს, შპს „სოფომ“ უკეთესი პირობები შესთავაზა გაერთიანებას. ვიცი, ავთო მექვაბიშვილი მეზობელი რეგიონის დისტრიბუტორებს არ იკარებდა, ხორცის ხარისხის გამო. შპს „სოფო“ უკვე მერამდენედ ოზურგეთში კლავს საქონელს.

არ ვიცი, მე როგორ გადავიტან ამ ამბავს _გვითხრა ვერა ვასაძემ. გაზეთი „ალიონი“ რამდენიმე მშობელსაც დაუკავშირდა. მათ დაადასტურეს აღნიშნულიინფორმაცია და ისინი შეშფოთებას გამოთქვამდნენ მომხდარის გამო.

_რა საჭირო იყო ამ ფაქტის დამალვა. ხომ ვიცით,ეს არ არის მაკა ჭყონიას ბრალი. მეტი კონტროლია საჭირო.- გვითხრეს მათ.

ავტორი: სტატიის ავტორი;

© alion.ge 2015 წელი ყველა უფლება დაცულია.