დღეს ოზურგეთში, ფოლკლორის ეროვნული ცენტრის დარბაზში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერმა საზოგადოებას წლიური ანგარიში ჩააბარა მერიის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ.
თითქმის საათნახევრიანი მოხსენების თავსა და ბოლოში შარაშენიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მას ერთ-ერთი საუკეთესო მერის სტატუსი აქვს საქართველოს მოქმედ 64 მერს შორის.
ვიზუალური მასალების გამოყენებით, დარგობრივ ჭრილებში წარმოდგენილი ანგარიში მართლაც შთამბეჭდავი იყო, მაგრამ ჯობდა მისი საუკეთესო მერობა სხვას აღენიშნა, რადგან, უბრალოდ, `თავის ქება კიტრად არ ღირს~, მით უფრო, ერთ გამოსვლაში ორჯერ. მერის წლიურ ანგარიშზე, რასაკვირველია `ალიონის~ მომავალ ნომერში ვრცლად გვექნება საუბარი, ამ წერილში კი მხოლოდ რამდენიმე ასპექტზე შევჩერდებით.
მერის ვალდებულებების ჩამოთვლისას კონსტანტინე შარაშენიძემ აღნიშნა, რომ მისი ერთ-ერთი ვალდებულებაა, გაგებით მოეკიდოს განსხვავებულ აზრს, მათ შორის მედიაში გამოქვეყნებულ მასალებს, თუმცა, იქვე უბრად მოიხსენია მისი საქმიანობის შესახებ მომზადებული საგაზეთო მასალები და ტელერეპორტაჟები, რომელიც `ერთი ადამიანის ინტერესებშია და ამ ადამიანის მოფიქრებულია~ თურმე.
რაც შეეხება ოპონენტებს, მათ ქმედებას მუნიციპალიტეტის მერმა უაზრო იმპიჩმენტები უწოდა, თქვა რომ ამით ვერაფერს დააკლებენ და იქვე დასძინა: `თუ ვინმე ხელს შემიშლის, ეს იქნება მისი პრობლემა, ჩემს უკან ხალხი დგას... ჩემს ხელშეშლაზე ვისაც აქვს აწყობილი ცხოვრება, ჯობს გადაუხვიოს~...