ოზურგეთის #9 საბავშვო ბაღში შეტანილი ხორცის ვარგისიანობაზე კითხვები კვლავ არსებობს

დამატებულია: 2018-12-12
picture1

4 დეკემბერს, ტენდერში გამარჯვებულმა შპს „სოფომ“ ა (ა) იპ ოზურგეთის ბაღების გაერთიანების #9 საბავშვო ბაღში, სადაც 253 ბავშვი სწავლობს, 40 კგ საქონლის ხორცი შეიტანა. სამზარეულოში ხორცის დამუშავებისას, რომელსაც ბაღის მენეჯერი ვერა ვასაძე და მზარეული ნინო დობორჯგინიძე ესწრებოდნენ, საქონლის 21,3 კილოგრამიანი ბარკლის დამუშავებისას ჩირქის კერა აღმოაჩინეს. სასწრაფოდ დაიბარეს სოფ. დვაბზუს სასაკლაოს (სადაც შპს „სოფოს“ იჯარით აქვს ოთახი აღებული) ვეტ. ექიმი ნუგზარ გოგიტიძე. ამოიღეს ხორცი. იმავე დღეს შპს „სოფოს“ დისტრიბუტორებმა ბაღში ხორცი შეცვალეს. სამწუხაროდ ეს ფაქტი დაიმალა და იგი გაზეთ „ალიონისთვის“ და საზოგადოებისთვის 4 დღის შემდეგ სოციალურ ქსელში ა (ა) იპ ქ. ოზურგეთის ბაღების გაერთიანების ყოფილი უფროსის ეკა ნინიძის პოსტის საშუალებით გახდა ცნობილი.

ბაღების ამჟამინდელი გაერთიანების ხელმძღვანელობამ რატომღაც ეს ფაქტი არ გაახმაურა, რადგან მიიჩნევენ, რომ ხორცი ჯანმრთელი იყო, მაინც შეცვალეს და პრობლემა აღმოიფხვრა.

_მაქსიმალური კონტროლი გვაქვს. მონიტორინგის სამსახური დაკვლის პროცესსაც ესწრება, მშობლებსაც კი ვასწრებთ. ადგილზე ექიმი ვეტერინარი ნუგზარ გოგიტიძე გასცემს შესაბამის საბუთს. ადრე შპს „სოფო“-ს მეზობელი რეგიონიდან შემოჰქონდა ხორცი, ერთ თვეზე მეტია საკლავი სოფელ დვაბზუში იკვლება. ვფიქრობ, საჭიროა ყველა ბაღის მზარეულს ტრენინგები ჩავუტაროთ როგორ უნდა მოიქცნენ მსგავს სიტუაციაში _გვითხრა მაკა ჭყონიამ.

გაზეთ „ალიონის“ რედაქცია აგრძელებს აღნიშნული თემის კვლევას. დღეს #9 ბაღში მზარეულს ნინო დაბორჯგინიძეს გავესაუბრეთ. _ხორცის დამუშავების პროცესს ბაღის გამგე ყოველთვის ესწრება. ხორცში ჩირქის კერა რომ აღმოვაჩინეთ, შევშფოთდით. სასაკლაოს ვეტ. ექიმს ნუგზარ გოგიტიძეს დავურეკეთ. მოვიდა, ხორცის ის ნაჭერი ამოიღო, სადაც დაზიანებული კერა იყო. შემდეგ სხვა ნაჭერი მოიტანეს... გაზეთი „ალიონი“ აღნიშნულ თემაზე სურსათის ეროვნული სააგენტოს გურიის რეგიონული სამმართველოს უფროსს ნინო შეწირულს ესაუბრა:

_„ქ. ოზურგეთის #9 ბაღში მოხდარი ფაქტის შესახებ სოციალური ქსელის საშუალებით შაბათს, 8 დეკემბერს გავიგე. რა თქმა უნდა, იმ წამსვე შევეცადე მომეკითხა, რა ხდებოდა.ინსპექტირების ჯგუფთან ერთად ვაპირებდით აღნიშნულის შეგვესწავლას, მაგრამ, სამწუხაროდ, აღმოჩნდა, რომ ფაქტი 4 დეკემბერს იყო მოხდარი, არც აღნიშნული ხორცი თვალად არ გვინახავს. ბუნებრივია, იმ დღეს #9 ბაღში შეტანილ ხორცის ვარგისიანობაზე, ვერანაირ პასუხს ვერ გაგცემთ.

ორშაბათს, 10 დეკემბერს, პირადად მივედი #9 ბაღში. ადგილზე გაირკვა, რომ 4 დეკემბერს შეტანილი ხორცის პარტია და ის ნაწილი, რომელიც იყო დაზიანებული (ბაღის მენეჯერისა და მზარეულის თქმით იყო დაჩირქებული კერა), რასაც ნამდვილად ადასტურებს დვაბზუს ცხოველთა სასაკლაოს ექიმი-ვეტერინარი ნუგზარ გოგიტიძე. იგი 4 დეკემბერს ინფორმაციის მიღებისთანავე ა (ა) იპ ოზურგეთის ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელობამ გამოიძახა. გოგიტიძემ მათ მისცა რეკომენდაცია დაზიანებული კერა ამოეკვეთათ და ხორცი გასულიყო მოხმარებაში. ბაღის მენეჯერი ვერა ვასაძე არ დაეთანხმა ვეტექიმის წინადადებას და მოითხოვა ხორცის მთლიანად ამოღება.

როგორც ჩემთვისაა ცნობილი, ხორცი შეიცვალა იმავე მომწოდებლის მიერ, თუმცა მას ვეტერინარიის ზედამხედველობის ცნობა არ მიჰყოლია. (?!)

-ქალბატონო ნინო, რა იცით შპს „სოფო“-ს შესახებ. როგორი რეპუტაციით სარგებლობს იგი ...

_შპს „სოფო“ ტენდერში გამარჯვებული ბიზნეს-ოპერატორია და აჭარაშია დარეგისტრირებული.მომწოდებელს ადრეც ჰქონდა უზუსტობები ხორცის წონასთან დაკავშირებით.

_თუ დარღვევები ჰქონდა, აცნობეთ თუ არა შესაბამის სამსახურებს...

_სურსათიის ეროვნული სააგენტოს გეგმიური შემოწმების შედეგად ფორმა2-ში იყო სხვადასხვა ხარვეზები, რომელიც დაუყონებლივ ეცნობა სურსათის ეროვნულ სააგენტოს ხელმძღვანელბს, ასევე გურიის გუბერნიას, ა (ა) იპ ოზურგეთის ბაღების გაერთიანებას.

ბაღების გაერთიანებას 2018 წლის 31 ოქტომბრის წერილით მივეცით რეკომენდაცია, სიტუაციის გარკვევამდე ბაღებს შეეჩერებინათ აღნიშნული ბიზნესოპერატორის მიერ მიწოდებული ხორცის მიღება... ამის შემდეგ იქირავა შპს „სოფომ“ სოფ. დვაბზუს სასაკლაოზე ოთახი და დაიწყო ოზურგეთში ხორცის დამზადება. თუმცა 4 დეკემბერს კონკრეტული ფაქტის წინაშე დავდექით“ _გვითხრა ნინო შეწირულმა.

ჩვენი ინფორმაციით შპს „სოფოს“ დარღვევებზე სურსათის ეროვნული სააგენტოს გარდა გურიის გუბერნიაც დაინტერესდა.

ავტორი: ავტორი: გაზეთი „ალიონი“;

© alion.ge 2015 წელი ყველა უფლება დაცულია.