რატომ ვერ უმატებს მუნიციპალიტეტი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში პედაგოგებსა და სხვა პერსონალს ხელფასს?

დამატებულია: 2018-12-27
picture1

დღეს საკრებულოს სხდომაზე, სადაც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტს განიხილავდნენ, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა თანამშრომლების ხელფასის მომატებაზეც დაისვა კითხვები.

ლელა საჯაია, მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლების, კულტურის, ახალგაზრდულ საქმეთა და სპორტის კომისიის თავმჯდომარე: _ჩვენ შემდეგი საკითხები გვაინტერესებს: საბავშვო ბაღების მშენებლობა; საბავშო ბაღებში პედაგოგების და პერსონალის ხელფასების მინიმუმ 50 ლარით გაზრდის თემა და მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში შშმ პირებისთვის ადაპტირებული გარემოს შექმნა.

ლელა საჯაიას შეკითხვებს მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა გია მამაკაიშვილმა უპასუხა: _ ქალაქში ამ ეტაპზე ბაღებში 7 ჯგუფის დამატებას ვფიქრობთ. სოფლის და ქალაქის ბაღების აღმზრდელ-მასწავლებლების ხელფასის გათანაბრება მოვახდინეთ. მესმის, დაბალი ხელფასებია, მაგრამ ცუდია მატერიალურ-ტექნიკური ბაზა. ჯერ შესაბამისი ბაზა უნდა შევქმნათ და შემდეგ მოვუმატებთ მათ ხელფასს.

კოტე შარაშენიძე, მუნიციპალიტეტის მერი: _მუნიციპალური განვითარების ფონდი ახალ სკოლებს და სკოლამდელ დაწესებულებებს აშენებს. ჩვენ გვინდოდა საბავშვო ბაღებში მოგვემატებინა ხელფასები, მაგრამ არ გვაქვს შესაბამისი საკონანმდებლო ბაზა.

გელა აროშიძე, ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე: _სკოლამდელი აღზღდის დაწესებულებებში ხელფასების მატება უნდა მოხდეს.

კოტე შარაშენიძე: _ხელფასის თემაზე ვიბრძოლებთ ფინანსთა სამინისტროში. ხელფასი რომ გავზარდოთ ითხოვენ სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების ავტორიზაციას, აიპებად ჩამოყალიბებას. ლავრენტი ბიგვავა, საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე: _დღევანდელი არსებული მდგომარეობით სკოლამდელ დაწესებულებებში ხელფასების მატება 2021 წლამდე არ იქნება.

ლალი სიჭინავა, სოფელ ცხემლისხიდის მაჟორიტარი დეპუტატი: _იქნებ მოხერხდეს და საბავშვო ბაღების თანამშროლებს საახალწლოდ პრემიები მიეცეთ..

კოტე შარაშენიძე: _სარვამარტოთ მივცემთ მე-13 ხელფასს.. საფინანსო სამსახურის განყოფილების უფროსმა პავლე ჭყონიამ განაცხადა იგეგმება ბაღების აიპებზე თანხების დამატება.

მარი ჩხიკვიშვილი, ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“თავმჯდომარის მოადგილე: _წელს დვაბზუს ნასაკირალში საბავშვო ბაღის მშენებლობა უნდა დასრულებულიყო. ასევე ცუდ მდგომარეობაშია აქ მისასვლელი 1,2 კმ. გზა.

ჩხიკვიშვილს აღნიშნულ კითხვებზე კონკრეტული პასუხები არ მიუღია.

ავტორი: სტატიის ავტორი;

© alion.ge 2015 წელი ყველა უფლება დაცულია.