გურიის რეგიონის XXIII საჭადრაკო ჩემპიონატი დამთავრდა

დამატებულია: 2018-12-28
picture1

ოზურგეთის სპორტის სასახლეში მიმდინარე გურიის რეგიონალური საჭადრაკო ჩემპიონატის შესახებ ინფორმაცია ჩვენს მკითხველს მივაწოდეთ. გურიის 2018 წლის ჩემპიონატი, რომელიც შვეიცარული სისტემით, 7 ტურად მიმდინარეობდა, 25 დეკემბერს, საღამოს დასრულდა. საბოლოო შედეგები ბოლო ტურში გოგოლაური-გვარჯალაძის, თოიძე-სიამაშვილის, ტ.ხუხუნაიშვილი-ქორიძის და ცეცხლაძე-ცხომელიძის პარტიებს უნდა გაერკვია. ჩემპიონობასთან ყველაზე ახლოს 5-ქულიანი ქორიძე იყო, რომელიც ყაიმის შემთვევაშიც სხვებისგან მიუწვდენელი იქნებოდა. დანარჩენ 4-ქულიანებიდან კი ყველას მოგება აძლევდა ხელს, თუმცა თუ ქორიძე წააგებდა და სიამაშვილი თოიძეს მოუგებდა, მაშინ ჩემპიონი ბუჰგოლცის კოეფიციენტით (დებულებით პირველი კრიტერიუმი) ჩემპიონი გივი სიამაშვილი ხდებოდა. პროგნოზები და მოლოდინები სულ სხვაგვარად წარიმართა. მიუხედავად დიდი მცდელობისა, ჩემპიონობის რეალურმა კანდიდატმა სიამაშვილმა თენგიზ თოიძესთან მხოლოდ ნახევარი ქულა აიღო რითაც 4,5 ქულით საპრიზო სამეულს გარეთ დარჩა.

გ.გოგოლაური, რომელმაც საპრიზო ადგილის შანსი ადრევე დაკარგა (ერთ ერთი მიზეზი ისევ თოიძე), ამჯერად ლანჩხუთელი ნ.გვარჯალაძის დამარცხებას შეეცადა, რითაც ოზურგეთელ დავით ცეცხლაძეს კონკურენტს ჩამოაშორებდა, თუმცა ასე არ მოხდა. გასული წლის ჩემპიონმა დავითმა ჩოხატაურელ ცხომელიძესთან ბოლო პარტია კი მოიგო, მაგრამ გამოკვეთილი ლიდერობისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა. ლანჩხუთელ ტარიელ ხუხუნაიშვილს კი ნამდვილად გაუმართლა გივი ქორიძესთან, რომელმაც მოსაგებ პარტიაში შეცდომით ითამაშა და მეტოქეს მეტად საჭირო ქულა ააღებინა.

საბოლაოდ ჩემპიონატზე ჯერ არნახული, უჩვეულო შედეგი დაფიქსირდა, ოთხმა მოჭადრაკემ: ჩოხატაურელმა გივი ქორიძემ, ოზურგეთელმა დავით ცეცხლაძემ და ლანჩხუთელებმა ტარიალ ხუხუნაიშვილმა და ნუგზარ გვარჯალაძემ 5-5 ქულით დაამთავრა ასპარეზობა. დებულებით ასეთ შემთვევაში უპირატესობის გარკვევა ბუჰგოლცის კოეფიციენტით განისაზღვრება, რაც ამჯერად უკეთესი გივი ქორიძეს აღმოაჩნდა და მასვე მიენიჭა გურიის 2018 წლის ჩემპიონის ტიტული. (მანამდე იგი ორჯერ-2011 და 2013 წლებში იყო რეგიონის ჩემპიონი). აღნიშნული ოთხეულის სხვა წევრები კი ვიცე ჩემპიონებად გამოცხადდა. რაც შეეხება ჩემპიონატის ორგანიზატორების მიერ დაწესებულ საპრიზო ფულად ჯილდოს და ფასიან საჩუქრებს, ისინი ოთხივე პრიზიორზე თანაბრად განაწილდა.

იყო სხვა პრიზებიც, კერძოდ ჩემპიონს ამჯერადაც გადაეცა სპეციალური პრიზი, რომელსაც სააქციო საზოგადოება „იმედი“ (დირექტორი ოლეგ გობრონიძე) ყოველწლიურად აწესებს გამარჯვებულთათვის.

ორგანიზატორებმა შესაბამისი პრიზი დააწესეს ჩემპიონატის ყველაზე პატარა, 9 წლის მონაწილე თენგიზ თოიძისთვის, თუმცა მან თამაშის დონით და ანალიტიკური აზროვნებით თავის ასაკს ბევრად გაუსწრო. რაც არაერთხელ გამოავლინდა სპეციალისტების მიერ მისი პარტიების შეფასებებში. თენგიზმა ძლიერებთან ჭიდილში 4 ქულა დააგროვა და მხოლოდ ერთი ქულით ჩამორჩა ჩემპიონს(!).რაც უდავოდ მაღალი შედეგია. მასვე გადაეცა ოზურგეთის სახელმწიფო თეატრის ( ვასილ ჩიქოგიძე, ზაზა ჯინჭარაძე) მიერ დაწესებული პრიზი. გურიის ნარდის ფედერაციის სახელით, მენეჯერმა ტარიელ ჭყონიამ პრიზი გადასცა შეჯიბრების მსაჯს ელგუჯა ურუშაძეს.

ჩემპიონატი, რომელიც გურიის ჭადრაკის ფედერაციისა (ხელმძღვანელი ზურაბ ანდღულაძე) და ოზურგეთის სპორტულ-გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანების (დირექტორი გელა შაფაქიძე) ერთობლივი ორგანიზირებით ჩატარდა, წინა საახალწლო ვითარებაში დაიხურა.

ავტორი: სტატიის ავტორი;

© alion.ge 2015 წელი ყველა უფლება დაცულია.