ანარჩენების შემომტანებს ფულს იქეთ უხდიან
ალიონი. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ზღვისპირეთში, მდინარე ნატანებსა და ჩოლოქს შორის ურეკი-ქობულეთის ტრასის მარცხენა მხარეს, ზღვიდან 2 კილომეტრის დაშორებით მანდარინის ანარჩენების სამარხია მოწყობილი. როგორც ამბობენ, აქ უკვე ასობით ტონა ანარჩენია დაყრილი, რომელიც მეზობელი რეგიონიდან, ქ. ქობულეთში მდებარე ციტრუსის გადამამუშავებელი საწარმოდან ღამით შემოაქვთ.
როგორც წყარომ გვითხრა, იმის გამო, რომ ანარჩენების ოდენობა ძალიან ბევრია, ურეკი-ქობულეთის მარცხენა მხარეს, ყოფილი სატბორე მეურნეობის მიმდებარედ დიდი ტრანშეა გათხრილი, ერთ-ერთი ფერმერის კერძო ტერიტორიაზეც არიან შეჭრილნი და მის მფლობელთან დავა აქვთ მიყენებული ზიანის გამო. ტრანშეები უკვე ამოივსო და ახლა ანარჩენებს მიწის ზედაპირზე ყრიან.
გაზეთი „ალიონი“ ყოფილი სატბორე მეურნეობის ერთ-ერთ მეპატრონეს ა.ვ-ძეს დაუკავშირდა.
_ ყოფილი სატბორე მეურნეობის ტერიტორიაზე არ იყრება დამპალი ციტრუსის ნარჩენები, მაგრამ ეს მიმდებარე ტერიტორიაზე ხდება_გვითხრა მან.
მეცნიერები ძალიან დიდ შეფასებას აძლევენ მანდარინის საღ ნაყოფში არსებულ ეთერზეთებს. ნაყოფში არსებულ ნავთობს გააჩნია ძლიერი ანტიოქსიდანტური და ანტიტოქსიკური ეფექტი, მაგრამ უკუეფექტები აქვს ერთ ადგილზე თავმოყრილ დიდი ოდენობით დამპალ ნაყოფს. როგორც ერთ-ერთმა მოქალაქემ გვითხრა, მეზობელმა რეგიონმა არაოფიციალური ნაგავსაყრელი გახსნა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე. რატომ ყრიან ამ რაოდენობის ეთილის შემცველ ათასობით ტონაზე მეტ მასას ატრაქციონების პარკ „ციცინათელასა“ და „ბლექსი არენადან“ არც ისე შორს, ამ კითხვაზე პასუხი ჯერჯერობით არ ჩანს.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის რწმუნებული ნატანების მუნიციპალიტეტში ნაირა ცენტერაძე არ ფლობდა დაზუსტებულ ინფორმაციას ანარჩენების სამარხის შესახებ. ჩვენი დარეკვის შემდეგ ცენტერაძის მოადგილე ამირან ბაქანიძემ ადგილზე მოინახულა ნაგავსაყრელი და შპს „Georgian Industrial Asset Management Group“ ხელმძღვანელ რ. გ-საც ესაუბრა. ბაქანიძის თქმით, აღნიშნულ ორგანიზაციას ხელშეკრულება აქვს კერძო მიწის მფლობელთან, რომლის ტერიტორიაზეც იყრება ციტრუსების ანარჩენები.
_„Georgian industrial Asset Managment Group “ ხელშეკრულება აქვს დადებული ფიზიკურ პირ ე. ბ.-სთან (ცხოვრობს ქ. ოზურგეთში), რომელიც პირიქით უხდის ფულს ნარჩენების მომწოდებელს(?!) _გვითხრა ამირან ბაქანიძემ.
ხელშეკრულების ასლი რედაქციას ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა მიაწოდა. აღნიშნული ხელშეკრულების მიხედვით, ზემოთ დასახელებული ფირმა ოზურგეთის ტერიტორიაზე 10 000 ტონა მანდარინის ნარჩენს შემოზიდავს, რაშიც ფიზიკური პირი ე.ბ. თითოეულ ტონაზე 2 ლარს გადაუხდის(?!)
გაზეთი „ალიონის“ რედაქცია გარემოს დაცვის ზედამხედველობის გურიის განყოფილების უფროსს ალექსი გოგილაძეს დაუკავშირდა:
_ციტრუსის ნარჩენები კერძო ტერიტორიაზე იყრება და არ აზიანებს გარემოს. ჩვენ ამის შესახებ შევატყობინეთ როგორც გარემოს დაცვის სააგენტოს, ასევე ამ სააგენტოს აჭარის საამმართველოს, სადაც შედის გურიის განყოფილებაც. ჩვენი წერილის საფუძველზე, ადგილზე ჩამოვა მონიტორინგის ჯგუფი, რომელიც შეამოწმებს მიადგა თუ არა გარემოს რაიმე სახის ზიანი- გვითხრა ალექსი გოგილაძემ.