საახალწლო საჭადრაკო ტურნირი სასიამოვნო სიურპრიზით დამთავრდა

დამატებულია: 2019-01-19
picture1

ოზურგეთის ცენტრალურ საჭადრაკო კლუბში დამთავრდა ტრადიციული სახაალწლო ტურნირი აქტიურ ჭადრაკში , რომელშიც ძირითადად მუნიციპალიტეტის გამოცდილი და ტიტულოვანი მოჭადრაკეები მონაწილეობდნენ. ორგანიზატორების გადაწყვეტილებით ტურნირში ექსპერიმენტის წესით ჩართული იყო 10 წლის თენგიზ თოიძე, რომელმაც გასულ წელს წარმატებული თამაშით და კარგი შედეგებით გამოიჩინა თავი როგორც ადგილობრივ, ისე რესპუბლიკურ საჭადრაკო ღონისძიებებში. ამჯერად მას 4 ოსტატობის კანდიდატთან და 5 პირველთანრიგოსან მეტოქესთან უნდა გამოევლინა თავისი შესაძლებლობები.

ტურნირის მონაწილეებმა თამაში საპრიზო ადგილებზე გასვლის იმედით დაიწყო, თუმცა 4 ტურის შემდეგ 4 ქულით ერთპიროვნული ლიდერი პატარა თენგო გახდა, რომელმაც მოახერხა ორი მთავარი მეტოქის დამარცხება. მეხუთე ტურში ქულ;ა დაკარგა მის უფროს მეგობართან თორნიკე მახარაძესთან, მაგრამ შემდეგ ისევ ოთხი პარტია მოიგო ზედიზედ და ერთი დაკარგული ქულით (9 დან 8 ქულა) მივიდა ფინიშთან. ასეთივე შედეგით დაასრულა თამაში ოსტატობის კანდიდატმა, ტიტულოვანმა გივი სიამაშვილმაც. დებულების შესაბამისად გამარჯვებულის გამოსავლენად მათ შორის დაინიშნა დამატებითი ბლიც პარტიები, რომელიც ამჯერად მეტოქის გამარჯვებით დასრულდა. ტურნირის გამარჯვებულმა გივი სიამაშვილმა, ხუმრობით აღნიშნა „გასულ წელს ნახევარი ქულა წამართვა და გურიის ჩემპიონობა დამაკარგვინა, წელსაც ქულა წამართვა და პირველობაც საეჭვო გამიხადაო“. ასე რომ თენგო თოიძემ პირველი ადგილის ტოლფასი სპორტული შედეგი აჩვენა, რაც უდავოდ სასიამოვნო სიურპრიზია. მესამე ადგილზე 7 ქულით ოზურგეთელათვის კარგად ცნობილი მოჭადრაკე და მწვრთნელი ელგუჯა ურუშაძე გავიდა, ხოლო მეოთხე საპრიზო ადგილი არანაკლებ ცნობილ, ახალგაზრდა მოჭადრაკეს თორნიკე მახარაძეს ხვდა წილად (6 ქულა).

წარმატებული მოჭადრაკეები დაჯილდოვდნენ სპეციალური დიპლომებით და ფასიანი საჩუქრებით.

ჩვენთან საუბარში შეჯიბრების ორგანიზატორმა ზურაბ ანდღულაძემ ხაზი გაუსვა ადგილობრივი საჭადრაკო ღონისძიებების მნიშვნელობას და მის როლს პერსპექტული ახალგაზრდა მოჭადრაკეების გამოვლენა-დაოსტატებაში. მისი თქმით თენგო თოიძე, მიუხედავად პატარა ასაკისა, უკვე სერიოზულ ჭადრაკს თამაშობს,. იგი ორი წელია მწვრთნელ ნინო წიტაიშვილთან მეცადინეობს და დღითიდღე ირღმავებს თეორიულ ცოდნას, რაც პრაქტიკულად ამ ტურნირშიც გამოავლინა. პატარა თენგოს ახლოს გასაცნობად ჩვენი გაზეთი გეგმავს სპეციალური მასალის მომზადებას,რაც ინტერესმოკლებული არ იქნება ჭადრაკის მოყვარულებისათვის.

ავტორი: სტატიის ავტორი;

© alion.ge 2015 წელი ყველა უფლება დაცულია.