კონტურები გურული კაცის პორტრეტისთვის, ანუ ჩემი თვალით დანახული ნუგზარ ბარამიძე

დამატებულია: 2019-01-19
picture1

მე რომ მხატვარი ვიყო და გურული კაცის პორტრეტის შექმნის მუზამ შემიღიტინოს, აუცილებლად ნუგზარ ბარამიძეს დავხატავდი. ბატონი ნუგზარი ის კაცია, ვინც სწორედ გურულ განწყობაზე, ანუ იუმორის ხასიათზე დაგაყენებს; ვისი მკვირცხლი, ღიმილიანი გამარჯობა მთელ დღეს გაგყობა საგზლად და სახლში დაბრუნებულსაც შეგინარჩუნებს ხალისს; ვინაც იცის, რომ პატარა, მაგრამ უკიდეგანოა თავისი ქვეყანა; ვისაც უსაზღვროდ უყვარს თავისი, ორ ზურგს შუა ხავერდოვან ხალიჩად განფენილი ქალაქი, ოჯახი, მეგობრები, კოლეგები, ნაცნობები, უცნობებიც კი, რამეთუ ოდენ სიყვარულის კაცია თვითონ.

გასულ კვირაში შევხდით. ჩემმა კოლეგამ ლია კილაძემ გაგვიჩალიჩა ექსპრომტად ეს შეხვედრა. მოვემზადები და ხვალ შევხდები-მეთქი, მაგრამ ვინ გაცალა, რამდენიმე წუთში სასაუბრო მაგიდასთან დამისვა სასურველი რესპოდენტი. სადღეგრძელო და დღეგრძელობა რომ უყვარს, ისეთ კაცს მხოლოდ რამდენიმე კითხვით `გაწყობილი სუფრა~ დავახვედრე. მოკლედ, ლიას ბრალია, რომ ძალიან `მშრალი~ შეხვედრა გამოგვივიდა, ჰოდა, მივაღწევთ ერთ დღეს მაგის სახლამდე ყელის გასასველებლად.

მეც კაი ტიპი ვარ, კაცი 6 დეკემბერს 75 წლის გახდა და 4 იანვარს მივულოცე იუბილე.

`აგერ ახლა მდინარეზე დავდიოდი, ვჭყუმპალაობდი და ხელათ გავიდა დრო. ორმოცდამეცამეტე წელია ოზურგეთის თეატრში ვარ, ბატონმა ბეჟან ნაკაიძემ და გურამ აბესაძემ მიმიღეს 1966 წლის 3 მარტს. მიმიღეს და არ გამიშვეს თუ ვერ წავედი, მას შემდეგ მართლა მშობლიურ თეატრში ვარ~. _ თვალები ისე უციმციმებს, ვხვდები, რომ თეატრი მისთვის ის ტაძარია, საიდანაც ფეხს არსად მოიცვლის, ან თეატრი როგორ შეელევა.

განსახიერებულ როლებზე ვეკითხები. მთავარიც და ეპიზოდურიც ათეულობითო, _ მორიდებით მეუბნება. მოკლე პასუხების სხვა მიზეზიც ვიცი, ეჩქარება, გარეთ თავისი განუყრელი მეგობრები ომარ ურუშაძე და თემურ კვირკველია ელოდებიან.

პირველი როლი, რომელსაც აპლოდისმენტები და კარგი პრესა მოჰყვა, ნოდარ დუმბაძის სოსოია იყო:

`ეს მოხდა 1966 თუ 1967 წელს, ორსაათნახევარი ვიდექი სცენაზე ბუმბერაზ მსახიობებთან _ ლამარა თურმანიძესთან, რომან ლომინაძესთან, შურა ცქიტიშვილთან, ლადო ბურჭულაძესთან, მიხეილ წიგნაძესთან, ანა ანდღულაძესთან ერთად. არ მჯეროდა, რომ ეს ყველაფერი რეალურად მოხდა. რასაკვირველია, ბედის უფრო კმაყოფილი ვიყავი, ვიდრე როლის თამაშისა. ეს იყო ჩემთვის ინსტიტუტიც და აკადემიაც~. _ მოწიწებას აქსოვს ხმაში.

საკუთარი შემოქმედებიდან სამუელ ატილიოს `ცილინდრში~ მორგებული როლი გამოარჩია. ბელა კიკვაძე მიწევდა პარტნიორობას და სუსტი როგორ გამომივიდოდა?! _ ნიშნისმოგებით მეუბნება.

ცდილობს წინა პლანზე პარტნიორი დააყენოს ყოველთვის. სიამოვნებით იხსენებს ვასო ჩიგოგიძის დადგმებს, ბედნიერად მიიჩნევს თავს, რომ ამ სპექტაკლებში გაბრიელ მდინარაძესთან, გივი ახმეტელთან, ომარ ურუშაძესთან, თემურ კვირკველიასთან, ზაირა თოთიბაძესთან და სხვებთან ერთად მოუხდა თამაში.

მაყურებლისა და თეატრალების მიერ მართალ მსახიობად მონათლულმა თავისი სასცენო მოღვაწეობიდან ერთი კურიოზიც გაიხსენა:

`რეჟისორი ილია მაცხონაშვილი მუშაობს გეწაძის პიესაზე. ყარამან ყანთელაძის როლში ომარ ურუშაძეა, მე კეჭოუკა ვარ. მძღოლმა, ჯუმბერ ნემსაძემ პატივი დაგვდო და თავის სოფელ მთისპირში წაგვიყვანა. ორი დღის ნაქეიფარს მოგვიწია სცენაზე გასვლა. სპექტაკლში არის ასეთი სცენა: მე და ყარამანი წამოწოლილები ვართ და ანტურაჟიდან მსახიობები გვიმღერიან `ნანა, ნანა ყარამანას, ნანა კეჭოუკას~. ნაბახუსევზე ვიყავით და ორივეს მართლა ჩაგვეძინა. მეორე დღეს მაცხონაშვილმა კედელზე გამოგვიკრა საყვედური უკანასკნელი გაფრთხილებით.~

ბატონი ნუგზარ ბარამიძე საინტერესო ნატურაა კინემატოგრაფისთვისაც. ჰქონდა მიწვევები, გადაღებები, რამდენიმე დასამახსოვრებელი სახე შექმნა კიდეც, მაგრამ თვითონ თეატრს ანიჭებს უპირატესობას: `როგორ გითხრათ, თეატრი ცოცხალი ხელოვნებაა. კინოში კადრს გადაიღებ, არ მოგეწონება და ისევ გადაიღებ, თეატრში თუ შეგეშალა, არაფერი ეშველება~.

თეატრში ჰყავს თავისი ფავორიტები როგორც უფროს, ისე შუათანა და ახალ თაობაში:

`ნუ ჩამომათვლევინებთ ახლა, თორემ რომელიმე რომ გამომრჩეს, ხომ მომეჭრა თავი. ნიჭიერი ბებრები და უფრო ბევრი და დიდად ნიჭიერი ახალგაზრდები გვყავს~, _ თვალს ისე უსწორებს ფოტოაპარატის ობიექტივს, თითქოს `სიცრუის დეტექტორი~ იყოს, რომელიც მის მართლად თქმულს დაადასტურებს.

1968 წელს მიიღო საქართველოს დამსახურებული არტისტის წოდება. შარშან, ნოდარ დუმბაძის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე გადაეცა შავგულიძის პრემია, დაჯილდოებულია ასევე ღირსების ორდენით. ორდენთან დაკავშირებით, მეუღლის კვიმატობაც გაიხსენა: `შემოდევი თაროზე, ფული თუ მოყობა მაგასო~.

როგორც გვითხრა, აზუხდა მეუღლის სიტყვები, მეორე წელი დაიწყო და ჯერჯერობით არაფერი მოჰყოლია.

სასმელზე ვაძლევ ბოლო შეკითხვას, ესიამოვნა კითხვა:

`წითელი ღვინო არ მიყვარს, ცოლიკოურზე ვგიჟდები, არაყი ცოტ-ცოტა შეიძლება, მაგრამ მეგობრობა და მეგობრები ყველაფერს და ყველას მირჩევნია. გარეთ ახლაც მელოდებიან ომარი და თემური, მე რომ არ წავიდე, მეორე ხმა არ იქნება~.

აუ, კარგია!!! თუ ეს სამეული მაგიდასთან არ გინახავთ, ჩათვალეთ, რომ ნამდვილი მოლხენისა და სუფრის იუმორისგან ძალიან შორს ხართ.

ავტორი: თემურ მარშანიშვილი;

© alion.ge 2015 წელი ყველა უფლება დაცულია.