ალიონი. მას შემდეგ რაც ოზურგეთში პარკირების ახალი წესები ამოქმედდა, უკმაყოფილოა პარკირების მართვის ცენტრის ოპერატორებიც და სერვისის მომხმარებლებიც. დღევანდელი რეგულაციით პარკირების გადასახდელი, მანქანის გაჩერების დროის მიხედვით იანგარიშება.
-თუ ნახევარი საათი გაჩერდა მანქანა 25 თეთრს ვახდევინებთ, თუ ერთ საათს გაჩერდა_ 50 თეთრს, _ გვეუბნება ავთანდილ ჯორბენაძე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის პარკირების მართვის ცენტრის ოპერატორი.
_10 წუთი თუ გაჩერდა?
_მაშინ, მე, იძულებული ვიქნები მაინც 25 თეთრი გადავახდევინო. სხვა უფლება არ მაქვს. მაგრამ ქვითარს იმ ნახევარი საათის განმავლობაში ძალა აქვს მიმდებარე ტერიტორიებზე მოქმედ პარკირების ადგილებზეც.
_ დროს ინიშნავთ თუ როგორ ხდება?
_ქვითარს ვაწერთ დროს.
_გამოდის, ძალიან შრომატევადი სამსახური გაქვთ.
_შრომატევადი კი არა ამაზე მეტი დასჯა არ შეიძლება ადამიანის. დილიდან საღამომდე შეუსვენებლად ვმუშაობთ.
_ იმ ადამიანებმა რა უნდა გადაიხადონ, რომლებიც ახლომდებარე აფთიაქებში, საყოფაცხოვრებო ობიექტებში, მაღაზიებში მუშაობენ და მთელი დღე მოუწევთ თქვენთან მანქანის გაჩერება?
_ ხუთი ლარი უნდა `ჩამაბაროს~ მე. მე უნდა მივუტანო `იმათ~. _ანუ გამოდის, თითოეულმა თვეში 150 ლარი უნდა გადაიხადოს. თქვენ როგორ ფიქრობთ ეს სამართლიანია?
_ ჩემი თავი ენაცვალოთ, კარგი ხალხია, მაგრამ ასეა და რა ვქნათ. _ჯარიმებს წერთ?
_მე არა. ჯარიმებს სპეციალურად შექმნილი მონიტოტინგის ჯგუფი წერს.
_რა შემთხვევაში წერენ ჯარიმას?
_მე ყველას ვეუბნები, აიღე ქვითარი და გადაიხადე მეთქი. თუ არ გადაიხდის, აჯარიმებენ.
_ხელფასი როგორი გაქვთ?
_200 თუ 250 ლარს დამპირდნენ. 200 ლარად ამ წვიმაში მთელი დღე უნდა ვიდგე. Eეს თანხა რას მიშველის, გრიპი რომ დამემართოს ამ სიცივეში.
როცა ბატონ ავთანდილთან დავამთავრეთ საუბარი, იქვე რამდენიმე მეტრში მდებარე სილამაზის სალონში შევედით. თანამშრომლები ახალი ტარიფით უკმაყოფილოები არიან.
-სად გვაქვს ამდენის გადახდის საშუალება. ან რომელ ქალაქშია ამხელა გადასახადი `სტაიანკაზე~? დიდ ქალაქებში 40-50 ლარად აძლევენ ტალონს, რომელიც მთელი წელი მოქმედებს. ჩვენ უფრო მდიდარი ქალაქი ვართ ვითომ? იყოს აბონიმენტები რეალურ ფასად, როგორც დიდ ქალაქებშია და ყველა გადავიხდით. რატომ არ შეიძლება? Gგაგვცეს პასუხი ვინც აკანონებს და ამ ფასებს აწესებს.-ერთხმად გააპროტესტეს ადგილობრივი ხელისუფლების დადგენილი წესები სალონის თანამშრომლებმა.
_აგერ სტილისტი გია გელენიძე დააჯარიმეს. წესიერი კაცია და მე-3 დღეს გადაიხადა. დღეს კიდევ მოუვიდა ჯარიმის ქვითარი განმეორებით. ეს საქმეა?
იქვე, ერთ-ერთმა მოქალაქემ გვითხრა, რომ სილამაზის სალონის წინ შშმ პირებისთვის მანქანის გასაჩერებელი ადგილი იყო გამოყოფილი. ამისთვის იყო სპეციალური აბრა, რომელიც მოხსნეს (ზედ ჩვეულებრივი პარკინგის ნიშანი გადააკრეს).
ნუგზარ ევგენიძეც ოპერატორად მუშაობდა. რაც ახალი რეგულაციები ამოქმედდა `მუშაობა აღარ უღირს.~ ამ წვიმაში ხელში ქოლგა, ჯოხი, ტალონი, კალამი და 11 საათიანი სამუშაო დღე. რომელიმე მანქანას ქვითარი თუ არ ექნება, შენ დაგაჯარიმებთო. ესეიგი არცერთი მანქანა არ უნდა `გამეპაროს~. გამოდის 11 საათის განმავლობაში არც საჭმელი უნდა ვჭამო და არც საპირფარეშოში წავიდე. დაგვიწერეს გეგმა, კონკრეტულად რამდენი უნდა შეგვეტანა. გეგმა ადრეც იყო, მაგრამ რეალური. ხელშეკრულებაში ხელფასი 250 ლარი ეწერა, მაგრამ 100 ლარი მოგვცეს, ზოგს ნაკლებიც.
შპს `ჭალასაყდარის~ დამფუძნებელი და დირექტორი ზურაბ გობრონიძე 1996 წლიდან აღნიშნულ სფეროში მუშაობს. ახალ რეგულაციებთან დაკავშირებით შენიშვნა მასაც ბევრი აქვს. : _სამი ტერიტორია მაქვს პარკინგისთვის ჭანტურიას, ცხრა აპრილის და ერისთავის ქუჩებზე. რამიშვილის ქუჩაზეც მაქვს ადგილი პარკინგისთვის, მაგრამ ამავე დროს აღნიშნულ ტერიტორიაზე დგას ნიშანი-„დგომა აკრძალულია“. ამის გამო მაქვს დავა. ჩემი შპს ფინანსთა სამინისტროშია დარეგისტრირებული და გვაქვს მათი სპეციალური ქვითრები.
_საგადასახლო პრინციპი როგორია თქვნთან?
_ოპერატორს აქვს ქვითრები. აღებულ თანხას ოპერატორი საღამოს ან მეორე დილით მოიტანს ჩემთან და ჩამაბარებს. მე სალარო აპარატზე დავაფიქსიებ შემოსულ თანხას. ადგილზე გადასახადი გვაქვს საათში 30 თეთრი. მაგრამ ოზურგეთის მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე ხან 20 თეთრს გვიხდიან, ზოგჯერ საერთოდ ვერ იხდიან.
_ახალ საპარკინგო რეგულაციაზე რას ფიქრობთ? Aახალი წესების შემოღებით გაუმჯობესდა მდგომარეობა?
_რა გაუმჯობესდაო, რას ამბობენ? მოძრაობა, თქვენ თვითონ ხედავთ, რომ არ გაუმჯობესებულა. თუ ფინანსურ მხრეს გულისხმობთ, კარგი რაა, ტარიფის გაზრდა?
სულიკო ჯაფარიძე (ოპერატორი): 15 წელია ამ ტერიტორიაზე ვმუშაობდი მაგრამ ასეთი რთული პირობები არ იყო.
_ხელფასი რამდენი მოგცეს?
_რასაც ჩააბარებთ თანხას იმის მიხედვით მოგცემთ ხელფასსო და მე 30 ლარი მომიწია. ბევრი არ იხდის პარკირების თანხას. როცა გაჩერების დრო ვკითხე, შენ ვინ გკითავსო.
_რომ არ იხდიან, დაჯარიმების არ ეშინიათ?
_მასეთი ფაქტი ბევრია. ზოგმა მეიდვა ქვითარი ზურგზე, გარეკა და წევიდა. იმის გამო, რა თქმა უნდა, დააჯარიმებენ. თუ გაგეპარა მანქანა და ქვითარი ვერ ამოწერე, შენ დაგაჯარიმებთო მითხრეს.
იასონ მეშველიანი: 30 თეთრიანი კი არა, სპეციალურად 50 თეთრიანი ქვითარი ამოწერეო. 30 თეთრი რომ მომცმა და 50 ამოვწერო დანარჩენი 20 ჩემი ჯიბიდან მოგიტანო მეთქი?! გაჭირვებულ კაცს 20 თეთრი არ ქონდა, ახლა 50 თეთრი მოვთხოვო? იმწუთასვე ფული გამოართვიო . ადამიანი რომ მეუბნება, ამწუთას ხურდა არ მაქვს, გამოგივლი და დაგიტოვებო, რა ვუთხრა? გინდა თუ არ გინდა დღეში 40 ლარი უნდა შემოგვიტანოო. შეუძლებელია მეთქი_ ვუთხარი. მაშინ გაიხადე ფორმა და წადი სახლშიო. ხოდა წამოვედი.
ამისწინ აიპის ხელმძღვანელები დამადგნენ თავზე, დამიყენეს მანქანა წინ, საღამომდე იჯდნენ შიგ თბილად. მე გამწარებული, გაყინული ვმუშაოდი. იქედან მაძალებდნენ, ქვითარი ამოწერეო. ბოლოს ავდექი, მივუყარე ქვითრები და ვუთხარი: _ბიძია, შენ სითბოში ხარ, მიადექი და შეავსე მაგი ქვითარი მეთქი. წარმოიდგინეთ წვიმაში ქოლგა დაიკავე, ქვითარი ავსე და მანქანა გარბის უკვე.
გოჩა ცინცაძე (ტაქსის მძღოლი): რამდენ ხანსაც გავჩერდებით, იმის მიხედვით ვიხდით თანხას. ხან სამი ლარი, ხან მეტი. შეიძლება ერთჯერადად შემომსვლელი მძღოლისთვის არ იყო დღევანდელი ტარიფი ძვირი, მაგრამ ტაქსს უნდა ჰქონდეს ფიქსირებული გადასახადი. რომ მოვიკითხე, ინტრიგანი ხარო_ მითხრეს.
თემურ მჟავია, აფთიაქი „სალბის“ მეპატრონე: _მე კანონმორჩილი ადამიანი ვარ. მივესალმები ბიუჯეტში თუ დამატებითი შემოსავლები იქნება, მაგრამ, მოვითხოვთ, ისევე, როგორც დიდ ქალაქებში (თბილისი, ქუთაისი, ბათუმი) შემოიღონ პარკირების საშვები. მაგალითად, ქ. ქუთაისში მსუბუქ ავტომობილს 1 საათში 50 თეთრს ახდევინებენ; 3 საათამდე პერიოდში _1ლარს; ერთი დღე _2 ლარს; კვირაში 5 ლარს: 30 დღე _10 ლარს; 6 თვე-25 ლარს, ხოლო წლიური საშვი 40 ლარი ღირს. გადაიხდი პარკირების გადასახადს და გააჩერებთ ქალაქის ტერიტორიაზე პარკირების ნებისმიერ ადგილას.
სასურველია 3 თვის, 6 თვის შემდეგ გაკეთდეს ანალიზი, პარკირების ახალმა წესმა რა შემატა ადგილობრივ ბიუჯეტს, ან ხომ არ ემსახურება ახალი აიპის შექმნა გარკვეული პირების კეთილდღეობას, მათთვის ხელფასების მიღების სახით.
რომან გოგიტაური, ა(ა)იპ ოზურგეთის პარკირების მართვის ცენტრის დირექტორი: _ჩვენი აიპი ახლადშექმნილი ორგანიზაციაა. შტატში გვყავს ბუღალტერი, მონიტორინგის ჯგუფის უფროსი, ამ ჯგუფის ინსპექტორი, და ოპერატორების ჯგუფის უფროსი. ხელშეკრულება გაფორმებული გვაქვს 60 ოპერატორთან.
ჩვენ პარკინგს ვახორციელებთ ჭანტურიას ქუჩაზე გმირთა მოედნიდან რამიშვილის ქუჩის კვეთამდე; გაბრიელ ეპისკოპოსის ქუჩის კვეთიდან გურიის ქუჩის დასაწყისამდე; გაბრიელ ეპისკოპოსის, იოანე პეტრიწის, აპოლონ წულაძის, გურიის ქუჩებზე; ექვთიმე თაყაიშვილის ქუჩის პირველ ჩიხში.
პარკინგის თანხა შეადგენს 50 თეთრს საათში, 25 თეთრს-30 წუთამდე.
_მაგრამ აპოლონ წულაძისა და სხვა ქუჩებზე მყოფი აფთიაქების, საყოფაცხოვრებო და სავაჭრო ობიექტების თანამშრომლებს მიაჩნიათ, რომ რომ პარკინგის თანხის ეს ოდენობა მათთვის მიუღებელია, რადგან დღის განმავლობაში 5 ლარის გადახდა უწევთ?
_შპს „ჭალა საყდარს“, ავტოვაგზალს გააჩნიათ უფრო იაფიანი პარკინგი და შეუძლიათ იქ გააჩერონ. ან შეუძლიათ უფასოდ ისარგებლონ იუსტიციის სახლის წინ, რესტორან „არგოსთან“ არსებული ავტოსადგომები. რამდენად მიზანშეწონილი უნდა იყოს ბიზნესისათვის მათი ობიექტის წინ გაჩერებული საკუთარი ავტომანქანები?. ამ ადგილებზე ყველას უნდა შეეძლოს გაჩერება. ამჟამად „ელეგანტის,“ სააქციო საზოგადოება „იმედის“ წინ შედარებით მოწესრიგდა პარკინგის საკითხი.
_როგორია ოპერატორების შრომის ანაზღაურება?
_ოპერატორები შემოტანილი თანხის 40 პროცენტს მიიღებენ ხელფასის სახით. ჩვენ 14 დეკემბერს დავიწყეთ მუშაობა. დეეკემბრის დარჩენილ დღეებში ზოგმა ოპერატორმა 150 ლარი მიიღო ხელფასის სახით, ზოგმა 60 და ა.შ.
_აპირებთ თუ არა, ისე როგორც თბილისში, ქუთაისში, ბათუმში და სხვა ქალაქებში პარკინგის საშვის შემოღებას, რომელიც ერთგვარად მოაწესრიგებს და გაუადვილებს მძღოლებს ავტოსადომებით სარგებლობას?
_ჩვენ აიპი ვართ,ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გადაწყვეტილების მიხედვით ვმოქმედებთ. ალბათ მომავალში იფიქრებენ პარკინგის თემის დახვეწაზე.
კახა კვაჭანტირაძე, მონიტორინგის ჯგუფის უფროსი: _ფასიან ავტოსადგომზე მდგომ ავტომანქანის მძღოლს პარკინგის ქვითარი უნდა ჰქონდეს ავტომანქანაში გამოსაჩენ ადგილზე. თუ არ აქვს, ადმინისტრაციულ-სამართალდარღვევათა ოქმს ვწერთ ეს ოქმი გადაეცემა მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურს, რომელიც კავშირში საპატრულო სამსახურთან და ხდება ავტომობილის მძღოლის იდენფიცირება. ჯარიმის ოდენობა 10 ლარია და ჯარიმის თანხა შედის სახელმწიფო ხაზინაში.
_თუკი ამ მძღოლმა ჯარიმის თანხა არ გადაიხადა?
_თუკი დაჯარიმებულმა პირმა ერთი თვის განმავლობაში არ გადაიხადა ჯარიმის თანხა, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის (მუხლი 125, მე-4 პუნქტის პირველინაწილი) საფუძველზე დაეკისრება 150 ლარის გადახდა, ხოლო შემდეგ განხორციელდება აღსრულების ღონისძიებები.
ლევან მგელაძე, ფრაქცია „ოზურგეთის მომავლისათვის“ თავმჯდომარე:
_პარკინგის თემა მოუწესრიგებელი იყო ოზურგეთში. აღარ არსებობდა პარკინგის ადგილი. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიამ შეიმუშავა ახალი რეგულაციები პარკინგთან დაკავშირებით, რომელიც განიხილა ყველა ფრაქციამ, შესაბამისმა კომისიამ და საკრებულომ მიიღო დადგენილება.
ვთვლი, რომ ეს ინიციატივა თეორიულად მოწონებული იქნა, მაგრამ ჯერ-ჯერობით არ ასახულა პრაქტიკაში.
საზოგადოება ჯერ არაა შეჩვეული პარკინგის ახალ ფორმას. მოუმზადებელია ოპერატორები.
ვფიქრობ პარკინგის მოწესრიგების საკითხი თანდათან დაიხვეწება და ვიმედოვნებ უახლოეს ხანში დარეგულირდება.