ატარებს თუ არა მასტერკლასებს საკრებულოს სხდომაზე დავით მჟავანაძე?

დამატებულია: 2019-01-20
picture1

დღეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე სულ ხუთი საკითხი განიხილეს. მათგან სკანდალური გახდა საკითხი _„ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავ-მოძრავი ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხის დამტკიცების შესახებ“.

აუქციონზე გასატანად მუნიციპალიტეტის მერიამ წარმოადგინა: მოძრავი ქონების სახით _მუნიციპალიტეტის კუთვნილი 3 მსუბუქი ავტომობილი, კომპიუტერული ტექნიკა; უძრავი ქონების სახით _არასასოფლო და სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთები, ასევე მწვანე ნარგაობა იყო.

დაბა ლაითურში, „კამფეტის ხის“ გასხვისების გამო, პროტესტი გამოხატეს დაბა ნასაკირალისა და სოფელ ჭანიეთის მაჟორიტარებმა, ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა ბესო ქათამაძემ და დავით მჟავანაძემ:

_დაბა ლაითურში ოლიგარქი „კამფეტის ხეს“ 4400 ლარად შეიძენს, მისი გადატანისას ათეულობით კილომეტრზე მწვანე ნარგავებს გაანადგურებს ისევე, როგორც გაანადგურეს ლაითურის კულტურის სახლი, სტადიონი. ლაითურელებს დაპირდნენ, რომ აუშენებდნენ სარიტუალო სახლს, გაუშენებდნენ ახალ სკვერს და გაუკეთებდნენ სტადიონს, მაგრამ არ შეასრულეს. ოლიგარქმა ივანიშვილმა მძიმე ტექნიკით 9 აპრილის მემორიალიც გაანადგურა_თქვა დავით მჟავანაძემ. _ბიძინა ივანიშვილმა რომ გააკეთა, იმის ნახევარი გააკეთოს სხვამ _თავისი ემოცია გამოხატა ფრაქცია „ქართული ოცნება -მწვანეები“-ს თავმჯდომარე გენო ჩავლეიშვილმა.

_მასკარადისთვის ხართ აქ მოსული, რა გინდა საერთოდ?_ ასე მიმართა ნაციონალ დეპუტატებს ფრაქცია „ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს“თავმჯდომარის მოადგილე მარიკა ჩხიკვიშვილმა. საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩიამ მჟავანაძეს რეგლამენტი შეახსენა, რაზედაც მჟავანაძემ უპასუხა: „ხომ იცით, მე ჩემს სიტყვას მაინც დავასრულებ“..

_ვინ აგებს პასუხს 2010 წელს აგებული სტადიონის აოხრებაზე? მის გაკეთებაზე ხომ ბიუჯეტმა ფული დახარჯა?

_კითხვა დასვა ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ახალარჩეულმა თავმჯდომარე ბესო ქათამაძემ.

_რაში სჭირდება ივანიშვილს ჩვენი ნაჩუქარი ხე?_ დეპუტატები ოპოზიციონერ კოლეგას მიმართავდნენ.  ამავე საკითხზე განმარტება ითხოვა „ლეიბორისტმა“ დავით მამალაძემ. _იქნებ ვინმემ განმიმარტოს, მწვანე ნარგავობა უძრავ ქონებაში შედის, თუ მოძრავში?

დავით მამალაძის ამ შეკითხვას დარბაზში სიცილი მოჰყვა. ამ დროისთვის სიტყვას ითხოვა ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ტარიელ (გელა) აროშიძემ, თუმცა ნაციონალმა დეპუტატებმა პროტესტის მომიზეზებით დარბაზი დატოვეს. ნაციონალ დეპუტატებს კომენტარების ჩასაწერად დარბაზიდან გაჰყვნენ ცენტრალური და ადგილობრივი ტელევიზიების ჟურნალისტებიც.

_„ დავით მჟავანაძე მასტერკლასს ატარებს. დღეს მან გვაჩვენა, როგორ არ უნდა მოიქცეს საკრებულოს წევრი.„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა , დაბა ლაითურს უწოდეს „აოხრებული“, მე მოგახსენებთ, თუნდაც რამდენიმე მასშტაბურ პროექტის შესახებ , რომელიც განხორციელდა ამ დაბაში: დასრულდა სასმელი წყლით მომარაგების პროექტი, მიმდინარეობს გაზიფიცირების სამუშაოები. გასულ წელს დასრულდა ლაითური- ცეცხლაურის 7 კმ მონაკვეთის მოასფალტება და ახლა აჭარასთან გვაქვს ლაითურის გავლით თანამედროვე, მოასფალტებული გზა. მინდა შეგახსენოთ, რომ ორი წლის წინ ექსპლოატაციაში შევიდა მერია- ლაითურის დამაკავშირებელი ხიდი, რომლის მშენებლობაზე საკმაოდ დიდი თანხა დაიხარჯა ბიუჯეტიდან. მილენიუმის პროგრამით მიმდინარეობს ლაითურის საჯარო სკოლის სარემონტო სამუშაოები. უახლოეს პერიოდში იგეგმება ლაითური-ნარუჯა- ოზურგეთის დამაკვშირებელი 8 კილომეტრიანი გზის მონაკვეთის მოასფალტება _ეს ის პროექტებია, რომლებიც მცირე დროში განხორციელდა და უახლოეს პერიოდში დაიწყება დაბაში. თქვენ ოპონენტებო ამას თუ „აოხრებას“ ეძახით, ეს თქვენი პრობლემაა! ... და ბოლოს, მივმართავ, ბატონ დავით მჟავანაძეს, რომელიც ამავდროულად სოფელ ჭანიეთის მაჟორიტარია: _ბატონო დავით, თუ ასეთი ტიპის „აოხრებები“ გაგრძელდა, როგორც ეს თქვენ სოფელშია, უნდა გიხაროდეთ. სწორედ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის პირობებში განხორციელდა სოფელ ჭანიეთში გაზიფიცირების სამუშაოები, აშენდა ახალი საბავშვო ბაღი, ულტრა თანამედროვე საჯარო სკოლა, ჭანიეთის ცენტრის გავლით, ქობულეთის საზღვრამდე მოეწყო ახალი მოასფალტებული გზა და თუ თქვენ ამას „აოხრებას“ ეძახით? დიდი სურვილი გვაქვს ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში ჩატარდეს მსგავსი მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები.“_განაცხადა ტარიელ(გელა) აროშიძემ.

ავტორი: ავტორი გაზეთი „ალიონი“;

© alion.ge 2015 წელი ყველა უფლება დაცულია.