შეხვედრა სოფელ მთისპირის მოსახლეობასთან

დამატებულია: 2019-01-28
picture1

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია სოფლის განვითარების პროგრამის ფარგლებში შეხვედრებს აწყობს დაბებისა და სოფლების მოსახლეობასთან. დღეს ერთ-ერთი ასეთი შეხვედრა სოფელ მთისპირში გაიმართა. ვანისქედელები „ძმერხლის“ შესაგროვებლად არიან წასულნი ტყეში, ან რა უნდა ქნან, თხილის მოსავალი არ იყო და არსებობის გზებს ეძებენ_წუხდნენ კრების ორგანიზატორები, თუმცა 100-ზე მეტი მთისპირელი, ოქროსქედელი, ვანისქედელი და უაკანაველი მოვიდა შეხვედრაზე.

შეხვედრას ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი გიორგი ინწკირველი უძღვებოდა.

სოფელს პროგრამით მთისპირს ოთხი უბნისთვის 92 ათასი ლარი აქვს გამოყოფილი და კრების მონაწილეებს ამ თანხის მიზნობრივად დახარჯვის პრიორიტეტი უნდა განესაზღვრა.

აი, რა აწუხებთ მთისპირელებს:

ზურაბ დემეტრაძე (ვანისქედი): _წყლის პრობლემაა მოსაგვერებელი. წლებია, ხან ამ პროგრამით, ხან სხვა სახსრებით იხარჯება თანხა, ზემო ვანისქედში პრობლემის მოსაგვარებლად. შეძენილია მილები, გაკეთდა შემკრები აუზი, მაგრამ საქმე ბოლომდე ვერ მივიყვანეთ...

ლევან ბოლქვაძე (დაბლა ვანისქედი): _45 ოჯახი იყო ჩვენს უბანში, ახლა 14 დარჩა. გზის პრობლემაა მოსაგვარებელი..

მაყვალა გაგუა, სოფლის კულტურის სახლის დირექტორი:_ ჩაბნელებულია #1 ბრიგადის ტერიტორია. სოფლის კულტურის სახლი მძიმე მდგომარეობაშია...

ანა ინწკირველი: _ოქროსქედში გზის პრობლემაა, მაგრამ ვფიქრობ პრიორიტეტი უბნის დასაწყისში მოსაცდელის მშენებლობაა...

ნანა ჭეიშვილი, სოფლის საჯარო სკოლის დირექტორი: _სკოლასთან წყლის გამტარი არხები ამოვსებულია. მძიმე მდგომარეობაა. პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი არჩილ თალაკვაძე შეგვპირდა ვანისქედის უბანში წყლის პრობლემის მოგვარებაში დახმარებას, მაგრამ მინდა ვკითხო ვანისქედელბს, მუნიციპალიტეტი წინა წლებში გეხმარებოდათ, რომ წყლის პრობლემა თქვენს უბანში მოგვარებულიყო. რამდენი თანხა დაიხარჯა, პრობლემა კი პრობლემად დარჩა. თქვენ იმ მოტივით, რომ მეტ ანაზღაურებას ითხოვდით, უარი განაცხადეთ წყლის პროექტის განხორციელებაში მონაწილეობაზე.

ილია მარკოიძე (უკანავას უბანი):_მიუხედავად იმისა, რომ უკანავაში ჰესი მუშაობს. გზა არ ვარგა და განათებაც გვენატრება...

შორენა მიქელაძე (უკანავას უბანი): _უკანავადან სოფლის ცენტრამდე 3-4 კილომეტრია. თოვლსა და წვიმაში ბავშვები სოფლის ცენტრში დადიან სკოლაში. საჭიროა მოსაცდელების გაკეთება.

ნათელა მარკოიძე: _ყველამ იცით, რამდენიმე წლის წინ ჩემს მეუღლეს ილია მარკოიძეს დათვი დაესხა თავს და სერიოზული ტრავმა მიაყენა. მგლებიც თავისუფლად დათარეშობენ ჩვენს უბანში. იქნებ ჩვენი გასაჭირი გაითავისოთ და უკანავაში პირველ რიგში განათება მოაწყოთ...

უკანაველები ახალი გზის გაჭრასაც იტხოვდნენ, რაც არარეალურად შეაფასა პედაგოგმა შორენა ინწკირველმა. მისი თქმით ახალი გზის გაჭრა 1 მილიონ ლარზე მეტი დაჯდება...

თემურ ერქომაიშვილი (ცენტრის უბანი) : _გზისა და განათების პრობლემა ჩვენს უბანშიცაა..

გივი ველიჯანაშვილი, ექიმი: _რამდენიმე წლის წინ სოფლის საექიმო უბნის შენობაში საბავშვო ბაღი გადმოიყვანეს. ჩვენ ადმინისტრაციული შენობის პირელ სართულზე გამოგვიყვეს ბინა. გათბობა არ გვაქვს. იქნებ საბავშვო ბაღის შენობა აიგოს და ჩვენ ჩვენს ძველ შენობაში დაგვაბრუნონ..

ხათუნა ნემსაძე, საბავშო ბაგა-ბაღის პედაგოგი: _10 წელია ახალი ბაღის შენობის აგებას გვპირდებიან. წარმოიდგინეთ, ერთ 35 კვადრატული მეტრი ფართობის ოთახში 30 ბავშვი გვყავს. რა დააშავეს ამ ბავშვებმა?სოფლის ექიმი დავაზარალეთ.სამი ოპერაცია გაიკეთა სისხლძარღვებზე. იქნებ ახალი ბაღი აშენდეს და სოფლის საექიმო უბანი ძველ შენობას დაუბრუნდეს.

კრების წამყვანმა გიორგი ინწკირველმა კენჭი უყარა ძირითად პრიორიტეტებს. მოსახლეობის დიდი ნაწილის მოთხოვნა მოსაცდელები, განათება და გზების კეთილმოწყობაა.

სოფლის კულტურის სახლის დირექტორის, მაყვალა გაგუას თხოვნით მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ოსიკო თოთიბაძემ და მერიის სპეციალისტებმა კულტურის სახლი მოინახულეს, თუმცა სოფლის ერთ-ერთი საუკეთესო კულტურული დაწესებულების გასარემონტებლად, მთისპირელებს მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებისგან დაპირება არ მიუღიათ.

ოქროსქედელი რევაზ ჯინჭარაძისა და შორენა ინწკირველის თხოვნით სტუმრები ოქროსქედში, ჯვართან იმყოფებოდნენ. აქ გამაგრებითი სამუშაოები უნდა ჩატარდეს ოქროსქედის დედათა მონასტრის გზის ერთ მონაკვეთზე.

ავტორი: ავტორი გაზეთი „ალიონი“;

© alion.ge 2015 წელი ყველა უფლება დაცულია.