დვაბზუელები სამხარეულის ექსპერტიზის სამსახურის დასკვნას დაელოდებიან

დამატებულია: 2019-02-05
picture1

დღეს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გაღმა დვაბზუში ადგილობრივმა მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა. ისინი სოფლის ტერიტორიაზე შპს „NEW ROAD“ მობილური ტიპის ასფალტის ქარხნისა და სასარგებლო წიაღისეულის სამსხვრევ-დამხარისხებელი საწარმოს მუშაობას აპროტესტებდნენ.

„სუფთა წყალი, სუფთა ჰაერი, არავითარი „მოწამვლის დონე!“; „გვაცალეთ სუნთქვა, გვაცალეთ ძილი!“; მდინარე ნატანების სანაპირო ზოლს იურიდიულად საწარმოო ზონის სტატუსი არ აქვს!“; „ჭაში წყალი დაშრა, გვწყურია!“_ეწერა სპეციალურ ბანერზე.

აქციის მიმდინარეობისას მიმდებარე მოედანზე პოლიციის 6 ეკიპაჟი იმყოფებოდა. ადგილზე იყო პოლიციის უფროსი თემურ სხირტლაძე. აქციას სოფელ გაღმა დვაბზუს ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ლალი ბასილაშვილი უძღვებოდა. მან ჰაერის დაბინძურებისა და ხმაურის შესახებ და ბოლო პერიოდში მოსახლეობის ჯანმრთელობის პრობლემებზე გააკეთა განცხადება.

აქციაზე სოფელ დვაბზუს მაჟორიტარი დეპუტატი როზეტა სკამკოჩაიშვილი, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე მარიკა ჩხიკვიშვილი და ლეიბორისტი დეპუტატი დავით მამალაძე იმყოფებოდნენ.

აქციამ სოფელ გაღმა დვაბზუს ცენტრიდან მდინარე ნატანების სანაპიროზე მდებარე „NEW ROAD“ ტერიტორიაზე გადაინაცვლა. აქციაზე გურიის გუბერნატორი ზურაბ ნასარაია მივიდა. მან მოუსმინა ადგილობრივ მოსახლეობას და განაცხადა, რომ საწარმოში თანამედროვე ტექნოლოგიებია გამოყენებული,მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ მოსახლეობის მოთხოვნა და სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნა მომზადდეს, თუ როგორ მუშაობს ასფალტის ქარხნის ფილტრები, ხმაური გაიზომოს სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ადგილას და სხვა რა სახის ზიანი ადგება სოფელს. როგორც „NEW ROAD“-ის დვაბზუს ასფალტ-ბეტონის ქარხნის დირექტორ ზაზა ცხოიძესთან შეთანხმდნენ, სამხარაულის ბიუროს ექსპერტიზისთვის ისინი მოიწვევენ და მათი მომსახურები ხარჯებსაც თავად გადაიხდიან. (აღნიშნული აქციის შესახებ სტატია გაზეთ „ალიონის“ მომდევნო ნომეშრში დაიბეჭდება).

ავტორი: სტატიის ავტორი;

© alion.ge 2015 წელი ყველა უფლება დაცულია.