გასცემს თუ არა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია საბავშვო ბაღების თანამშრომლებზე დამატებით ანაზღაურებას?

დამატებულია: 2019-03-05
picture1

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის ცენტრის ბაღების პედაგოგთა ხელფასების მომატების თემა კვლავ აქტუალურია , თუმცა ჯერ-ჯერობით სკოლამდელი აღზრდის ცენტრში გარდა შტატების გაზრდისა, სხვა ცვლილებები არ მომხდარა. აღნიშნავენ ბაღის პედაგოგები.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატთა ერთი ჯგუფი კარგა ხანია აყენებს საბავშვო ბაღების პედაგოგებზე ხელფასების ზრდის აუცილებლობას, რადგან მათი ხელფასები ძალიან მიზერულია, ხოლო პასუხისმგებლობა დიდი.

შარშან, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის განხილვის მიმდინარეობისას, ხელფასების ზრდის ინიციატივით საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“და შესაბამისი დარგობრივი კომისია გამოვიდა , თუმცა, მაშინ მუნიციპალიტეტის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ბიუჯეტს არ ჰქონდა საშუალება და სკოლამდელი დაწესებულებების პედაგოგებს ხელფასსვერ მოუმატებდნენ, მაგრამ დეპუტატებს შეჰპირდნენ, რომ 2019 წლის მარტში, დედისა და ქალთა დღესთან დაკავშირებით წახალისების სახით დამატებით ერთი თვის ანაზღაურებას გასცემდნენ.

4 მარტს მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის სხდომა გაიმართა, სადაც 2019 წლის ბიუჯეტში ცვლილებებისა და დამატებების შესახებ იმსჯელეს.

ბიუჯეტის ზრდა 16 154 702,43 ლარითაა დაგეგმილი, მათ შორისაა საბიუჯეტო სახსრების ნაშთი და საქართველოს მთავრობის განკარგულებით გამოყოფილი თანხა.

ცვლილებების პროექტი საკრებულოს წევრებს მერმა კონსტანტინე შარაშენიძემ, საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის განყოფილების უფროსმა პავლე ჭყონიამ, საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე გია ჩაგანავამ წარმოადგინეს და დეპუტატების შეკითხვებსაც უპასუხეს.

მერიას ინიციატივით მიმართა ფრაქციამ „ქართული ოცნება-დემოკრატიულმა საქართველო“, რომელიც გულისხმობს: რეგიონში ცუდი დემოგრაფიულო მდგომარეობის გამო, მუნიციპალიტეტში სტატისტიკური მონაცემების გაანალიზების შედეგად, შობადობის გაზრდის წახალისების მიზნით, ყოველ ახალშობილ ბავშვზე ერთჯერადად 300 ლარიანი ერთდროული დახმარების გაცემას. საკრებულოს წევრებმა კიდევ ერთხელ დააყენეს საკითხი 8 მარტის დღესთან დაკავშირებით, საბავშვო ბაღების თანამშრომლებზე ერთჯერადი ანაზღაურების გაცემის თაობაზე.

პავლე ჭყონიამ გარკვეული არგუმენტები მოიყვანა, თუ რატომ ვერ ახერხებენ სკოლამდელი აღზრდის პედაგოგებზე დამატებითი ანაზღაურების გაცემას.

_დამატებით ველოდით 500 000 ლარს, მაგრამ მთლიანი ბიუჯეტის ხარჯები არ შეიძლება იყოს წინა წლის დაზუსტებულ ბიუჯეტზე მეტი. ზრდა მხოლოდ 8 პროცენტზე მეტი არ იყო, ამიტომ 500 000 ლარის ნაცვლად 200 000 ლარი გამოგვიყვეს. სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ერთი თვის ხელფასი 200 000 ლარია, რის გაცემის უფლება არ გვაქვს. შესაძლებელია 50 პროცენტის გაცემა, რაც შესაძლოა სააღგომოდ გავაკეთოთ -თქვა ჭყონიამ.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერმა კონსტანტინე შარაშენიძემ განაცხადა, რომ განათლების სამინისტროს რეკომენდაციით სკოლამდელ დაწესებულებებში რეფორმაა ჩასატარებელი; ტესტირებები, რომ დავადგინოთ პედაგოგთა კვალიფიკაცია, უნდა მოხდეს თანამშრომლების ოპტიმიზაცია და ბაღების ავტორიზაცია. რამდენი დამხმარე თანამშრომელია ბაღებში. 30 კაცი ბაღების გაერთიანებაშია დასაქმებული. თუკი რეფორმას ჩავატარებთ, რაც ოპტიმიზაციასაც გულისხმობს. მეტ თანხას მივიღებთ.

_გურია დემოგრაფიული მდგომარეობით საქართველოში ბოლო ადგილზეა. ჩვენ ვართ ყველაზე მკვდომადი რეგიონი. ყოველწლიურად იკლებს ბავშვთა შობადობა. ამიტომ სტიმულირების მიზნით თითო ახალშობილზე 300 ლარი ერთჯერადი დახმარება გაიცეს_ წინადადება დააყენა დეპუტატმა გელა ჩავლეიშვილმა.

_ვერანაირად ვერ ვიზამთ ამას. ჩვენ გვაქვს სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის (70 000 ქულის ქვემოთ) ახალშობილთა დახმარების პროგრამა, რომლის ფარგლებში წელს უკვე გავეცით 15 ათასი ლარი _უპასუხა პავლე ჭყონიამ.

-დაგვრჩა პროექტები მოგვარების გარეშე. ეს თქვენი ფული არ არის, ეს ხალხის ფულია -უთხრა მუნიციპალიტეტის მერს დეპუტატმა მარიკა ჩხიკვიშვილმა.

კომისიის სხდომაზე ისიც ითქვა, რომ სკოლამდელ დაწესებულებებში 200 000 ლარი დაემატება კვების თანხას.

დღეს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველო“-ს წინადადება, საკრებულოს მორიგი სხდომის გადადების თაობაზე, ბიურომ გაითვალისწინა. ფრაქციამ სხდომის გადადების აუცილებლობა ბიუჯეტში ცვლილებების პროექტის დამატებითი განხილვის მიზნით ითხოვა მაშინ როცა ბიუჯეტში ცვლილება 16 მილიონით არის დაგეგმილი, მნიშვნელოვანია ყველა იმ შენიშვნაზე იყოს პასუხი გაცემული რომლებიც კომისიებმა განხილვების პროცესში მერიას წარუდგინეს. სამწუხაროდ, დეტალურად არ არის წარმოდგენილი განსახორციელებელი ღონისძიებები. ასევე საკრებულოს ინიციატივაა და კიდევ ერთხელ ვაფიქსირებთ საბავშვო ბაღების თანამშრომლებისთვის 8 მარტის დღესთან დაკავშირებით წახალისებისთვის გამოიძებნოს გზები, აღნიშნულზე ინფორმაცია მხარის რწმუნებულსაც მივაწოდეთ. დემოგრაფიული მიმართულებით მუნიციპალიტეტში სტატისტიკური მონაცემების გაანალზიების შედეგად, შობადობის გაზრდის წახალისების მიზნით, ინიციატივა გავაჟღერეთ ყოველ ახალშობილ ბავშვზე ერთჯერადად 300 ლარიანი დახმარების გაცემის თაობაზე, ამ კონკრეტულ წინადადებებზე განხილვების პროცესში უნდა მოვისმინოთ მერიის პოზიცია, აღნიშნა საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე გელა აროშიძემ.

საკრებულოს სხდომა ხვალ უნდა გამართულიყო, თუმცა დასახელებული და სხვა მიზეზების გამო იგი მომავალ კვირაში, 13 მარტს გაიმართება. გაზეთი „ალიონი“ ოზურგეთის ერთ-ერთი ბაღის პედაგოგს ესაუბრა დასახელებულ თემაზე:

_ძალიან დიდია ბაღების პედაგოგების და დამხმარე პერსონალის შრომა, ანაზღაურება კი _მიზერული. არავინ არ ფიქრობს იმას, რომ ჩვენ გვყავს ოჯახები და გაწეული შრომისათვის ანაზღაურების 50 პროცენტს მაინც უნდა ვიღებდეთ. ბაღების თანამშრომლები იმის შიშით, სამსახურიდან არ დაითხოვონ, პროტესტს ხმამაღლა ვერ გამოთქვამენ. არადა ყველა ამ თემაზე საუბრობს. კარგად მახსოვს, ბაღების გაერთიანებაში 12 კაცი მუშაობდა, ახლა სამჯერ მეტია. ხელფასებიც კარგი აქვთ, ყოველ შემთხვევაში ბაღის პედაგოგებზე 2-3-ჯერ მეტი. კარგი, ხელფასი ვერ მოგვიმატეს, მაგრამ სარვამარტოდ დაპირებული ერთი თვის ანაზღაურება ხომ შეეძლოთ მოეცათ.ესაა დაპირება? _გვითხრა მან

ავტორი: სტატიის ავტორი;

© alion.ge 2015 წელი ყველა უფლება დაცულია.