გამოცხადდება თუ არა დაცულ ზონად მდინარე აჭისწყლის ხეობა?

დამატებულია: 2019-03-13
picture1

ლიხაურელებმა შესაბამისი პეტიციით ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიმართეს.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიხაურს, გურიაში ერთ-ერთი ყველაზე გიჟმაჟი მდინარე აჭისწყალი ჩამოუდის, რომელიც ცნობილია თავისი უნიკალური ფლორითა და ფაუნით. სოფელი მდიდარია შუა და ადრე საუკუნეების ისტორიული ძეგლებით, ამიტომ ამ ხეობას ხშირად სტუმრობენ ადგილობრივი და უცხოელი ტურისტები.

გასული საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისში სოფელ აჭის (ოზურგეთის მუნიციპალიტეტი) ზემოთ საკალმახე მეურნეობის მოწყობას გეგმავდნენ, მაგრამ ნინო თოიძის საზოგადოების აქტიურობით, პროექტი ჩაიშალა. რამდენიმე წლის წინ ახალი საფრთხის წინაშე აღმოჩნდა აჭისწყლის ხეობა ე.წ. „დევის ქვის“ მოპირდაპირე მხარეს, სადაც ე.წ. „ინვესტორები“ ქვის კარიერის მოწყობას აპირებდნენ, რასაც შესაბამისი ზემდგომი ორგანიზაცია უჭერდა მხარს. კვლავ ლიხაურელი ახალგაზრდების პროტესტი, მედიის აქტიურობა, გურიის იმჟამინდელი გუბერნატორის მხარდაჭერა და ეს „პროექტიც“ ჩაიშალა. შარშან, მდინარე აჭისწყლის ქვემო წელში, რამდენიმე კარიერი ერთბაშად გაიხსნა და ქვა-ღორღის გატანა დაიწყეს, რასაც სოფლის მოსახლეობის პროტესტი მოჰყვა.

ლიხაურში ქვა-ღორღის მომპოვებელმა ორგანიზაციება მუშაობა შეწყვიტეს, მაგრამ აქციების ორგანიზატორის, პედაგოგ ირმა გორდელაძის აზრით, ხეობას გარკვეული იურიდიული სტატუსი უნდა მიენიჭოს. სოფელში 1000 -მდე მცხოვრებმა მოაწერა ხელი პეტიციას, რომლითაც ისინი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პრობლემის მოგვარებაში მხარდაჭერას სთხოვდნენ.

დღეს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომის დასრულების შემდეგ, ირმა გორდელაძემ დეპუტატებთან, მერიის ხელმძღვანელებთან და ჟურნალისტებთან განცხადება გააკეთა:

„ბატონებო,მივიღეთ თქვენი დასკვნა ჩვენი პეტიციის შესახებ, თუმცა პასუხი აცდენილია პეტიციის მოთხოვნას.ჩვენ გთხოვდით შუამდგომლობას გარემოს დაცვის სამინისტროსთან.

თქვენს პასუხში ეწერა,რომ ქვიშა-ღორღის მოპოვება მდ.აჭისწყალზე დროებით შეჩერებულია.დიახ,დროებითაა შეჩერებული და მიტომ სოფელმა გადაწყვიტა პატიციის ფორმით დაიცვას მდინარე,თავისი უნიკალური ხეობით.

კარიერები შეჩერებულია,მოსახლეობის ძალისმევით და ბრძოლით. გზები და ხიდები უნდა გაკეთდეს,ოღონდ არა ეკოლოგიის დარღვევით და მდინარეების აოხრებით.ეს არ არის მდგრადი განვითარების პრინციპი.

არადა,გარემოს დაცვის სამინისტრო და წიაღის ეროვნული სააგენტო თითს რომ უქნევდა ლიხაურლებს და მერე თქვენ,სწორედ ამ ხელს თქვენზე შეიწმენდს,როცა დადგება საკითხი და მოხდება ეკო სისტემაში ბარბაროსულად ჩარევის გამოძიება.

ეკოლოგიური კატასტროფა უკვე გვაქვს.ჩვენ ვითხოვთ მდინარის თავისუფალ, ხელშეუხებელ ზონად გამოცხადებას.

გთხოვთ, გაგვიწიოთ შუამდგომლობა და თუ ამას ვერ მივაღწევთ,ჩვენ სხვადასხვა ღონისძიებებით,არასამთავრობო სექტორის დახმარებით ვეცდებით დავიცვათ მდინარე აოხრებისაგან და ბუნება უხეში ხელყოფისაგან.

მდ.აჭისწყლის ხეობა ამას იმსახურებს.

სოფელი პასუხს ელოდება.“_განაცხადა ირმა გორდელაძემ.

ავტორი: სტატიის ავტორი;

© alion.ge 2015 წელი ყველა უფლება დაცულია.