რატომ გადაიდო საკრებულოს სხდომა თუკი ყველაფერი გარკვეული იყო?

დამატებულია: 2019-03-16
picture1

ალიონი. ბუნებრივია, ეს კითხვა გაუჩნდება ამომრჩეველს, რადგან ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა არა თვის პირველ ოთშაბათს, 6 მარტს გაიმართა, არამედ საკრებულოს ბიურომ საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ წინადადებით 13 მარტისთვის ჩანიშნა.

რა მოხდა ამ ხნის განმავლობაში, რატომ არ ესწრებოდნენ საკრებულოს სხდომას ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის მოადგილეები მარიკა ჩხიკვიშვილი, გელა ჩავლეიშვილი; სოფელ დვაბზუს მაჟორიტარი დეპუტატი როზეტა სკამკოჩაიშვილი და კიდევ რამდენიმე დეპუტატი? კულუარული ინფორმაციით სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა მერს და რამდენიმე დეპუტატს შორის. ისინი პროტესტის გამო საკრებულოს 13 მარტის სხდომას არ დაესწრნენ. ამ თემაზე დეპუტატები კომენტარისაგან თავს იკავებენ.

2019 წლის ბიუჯეტში შესატან ცვლილებებზე თავისი პოზიცია მხოლოდ ორმა დეპუტატმა, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ღურჯუმელიძემ და სივრცით ტერიტორიული მოწყობის და ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარის ლავრენტი ბიგვავამ დააფიქსირეს. ეს კი ქმნის აზრს, რომ დეპუტატების უმეტესობას საკრებულოს სხდომაზე თავიანთ მოვალეობად განხილულ საკითხებზე მხოლოდ ხმის მიცემა მიაჩნიათ.

4 მარტს საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის სხდომაზე მოვისმინეთ რამდენიმე დეპუტატის მიერ დაყენებული წინადადებები და შენიშვნები. ასე რომ არ ყოფილიყო, ალბათ ჩვენც ვიფიქრებდით, რომ ბიუჯეტში შესატან ცვლილებებზე უკვე იმსჯელეს, მუნიციპალიტეტის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურმა გაითვალისწინა, ან მოტივირებული პასუხები გასცა დეპუტატების მიერ ინიცირებულ შესატან ცვლილებებს, მაგრამ საკრებულოს სხდომაზე ამის შესახებ არანაირი განმარტება არ გაკეთებულა.

კარგია, რომ მუნიციპალიტეტი სამოქალაქო ბიუჯეტირების დანერგვას იწყებს, რისთვისაც 150 ათასი ლარი გამოიყო, რაც ქ. ოზურგეთის მოსახლეობას, გურიის ახალგაზრდულ რესურსცენტრთან ერთად, მათ მიერ ინიცირებული სხვადასხვა პროექტის განხორციელების საშუალებას მისცემს, მაგრამ სხდომაზე არ დაკონკრეტებულა, რა სატრანსპორტო საშუალებები უნდა შეიძინოს მუნიციპალიტეტმა 300 000 ლარად. თუ რა სატრანსპორტო საშუალებები უნდა შეიძინოს მერიამ, ეს კითხვა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერს, კონსტანტინე შარაშენიძეს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის სხდომაზე დაუსვეს, სადაც მან განმარტა, რომ ის ამას აუდიტის დასკვნიდან გამომდინარე აკეთებს, რადგან დიდია საწვავის ხარჯი. მუნიციპალიტეტი მერიისა და საკრებულოსთვის თითო „ ჰიუნდაი მინივინს“ შეიძენს, რომლითაც საჭიროების შემთხვევაში გადაადგილდებიან საკრებულოს დეპუტატებიც და მერიის თანამშრომლებიც.

საკრებულოს სხდომაზე კი (მუნიციპალიტეტის მერი არ ესწრებოდა) მუნიციპალიტეტის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის საბიუჯეტო განყოფილების უფროსმა პავლე ჭყონიამაც განაცხადა, რომ აუდიტის დასკვნით უნდა მოხდეს საწვავის ხარჯების ოპტიმიზაცია... თუმცა, საკრებულოს სხდომაზე არაფერი თქმულა, რა სახის სატრანსპორტო საშუალებებს იძენენ, ან რატომ დადგა ამის საჭიროება, როდესაც 2016 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ განახლდა მუნიციპალიტეტების ავტოპარკი...

საქართველოს პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის განცხადება განათლების სისტემის და მათ შორის სკოლამდელი განათლების დაფინანსების გაზრდის თაობაზე, იმის იმედს იძლევა, რომ სკოლამდელ დაწესებულელებში აღმზრდელ-პედაგოგების შრომა სათანადოდ დაფასდება, მაგრამ წინა სხდომებზე აჟიტირებული ოზურგეთის საბავშვო დაწესებულებების პედაგოგებისთვის დამატებითი ანაზღაურების გაცემის თემა არც კი უხსენებიათ.

კიდევ ერთი თემა, რომელიც საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის სხდომაზე ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის მოადგილე გელა ჩავლეიშვილმა დააყენა. რეგიონში დემოგრაფიული მდგომარეობის, შობადობის მკვეთრი შემცირებიდან გამომდინარე, მუნიციპალიტეტის მიერ ყოველ ახალშობილ ბავშვზე 300 ლარის გაცემის შესახებ, რაც სავარაუდოდ წლის განმავლობაში 138 ათასი ლარი იქნება, უპასუხოდ დარჩა.

მუნიციპალიტეტის საბიუჯეტო განყოფილების უფროსი პავლე ჭყონია ამბობს, რომ მუნიციპალიტეტის მერია მუშაობს საბავშო ბაღების აღმზრდელ-პედაგოგებისთვის ხელფასების გაზრდის თაობაზე, თუმცა როდის განხორციელდება იგი, უცნობია. რაც შეეხება ყოველ ახალშობილზე 300-ლარიან დახმარებას, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში 10-ზე მეტი დახმარების სპეციალური პროგრამაა, რომელიც სოციალურად დაუცველ ადამიანებს ეხებათ, ამიტომ წელს დამატებით 300-ლარიანი დახმარების გაცემის შესაძლებლობებს მოკლებული ვართ. 2020 წლის ბიუჯეტის ფორმირებისას საკრებულოსთან ერთად ვიმსჯელებთ აღნიშნულ საკითხზე და შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში, შესაბამისი მუხლი ბიუჯეტს შესაძლოა დაემატოს.“

ავტორი: სტატიის ავტორი;

© alion.ge 2015 წელი ყველა უფლება დაცულია.