„საქართველოს რეგიონებში ჟურნალისტებისათვის მუშაობისთვის ძალიან რთული, ცუდი პირობებია.“

დამატებულია: 2019-03-21
picture1

„ საქართველოს რეგიონებში ჟურნალისტებისათვის მუშაობისთვის ძალიან რთული, ცუდი პირობებია.რეგიონული ჟურნალისტები ძალიან ნაკლებად არიან დაცულნი ადგილობრივი ხელისუფლების, ადგილობრივი ბიზნეს-სტრუქტურების დიქტატისაგან. მედია-საშუალებების რაოდენობა მცირდება. ჟურნალისტებს არ აქვთ პროფკავშირები და მათი შრომის ანაზღაურება ძალიან მცირეა… ლოკალური დახმარებები ვერ შველის სისტემატიზაციის პრობლემას, მდგრადი მედიის არ არსებობის პრობლემას.“_ამბობს მედია ექსპერტი გალინა პეტრიაშვილი (SVANETINFO.GE).

თუკი 2017 წლის 17 ნოემბერს ბიძინა ივანიშვილთან რეგიონული მედიის შეხვედრის მასალებს გადავხედავთ, მაშინ ბიზნესმენმა ჟურნალისტების შეკითხვებს მედიის თემაზე ასე უპასუხა: „ რეგიონული მედიის მდგომარეობა ჩემთვის კარგადაა ცნობილი. მე ვიცი, როგორ წნეხს განიცდის დღეს რეგიონული მედია და სამი ეროვნული არხი დღეს, ჩვენი ქვეყნის მასშტაბით გიგანტები, თქვენ დიდ კონკურენციას გიწევენ...კარგად ვიცი ის,როგორ ზეწოლას განიცდით თქვენ ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლებისაგან... კარგად ვაცნობიერებ, რომ ადგილობრივი მედია საჭიროებს დახმარებას და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ რომ თქვე გქონდეთ მაქსიმალური დამოუკიდებლობა“(იხ. გაზ. „კვირის ქრონიკა,“ #47, 2011 წ. გვ.36).

მოდით გადავხედოთ, რა შეიცვალა რეგიონული მედიისათვის 2012 წლის შემდეგ: ჟურნალისტებზე ზეწოლა შემცირდა, როგორც ხელისუფლების, ისე ძალოვანი სტრუქტურების მხრიდან, მაგრამ არ განვითარდა ეკონომიკა, არ გაიხსნა დაპირებული საწარმოები _მედიისათვის რეკლამების პოტენციური დამკვეთები და რეგიონული მედია დარჩა მცირე რეკლამების და ხელმომწერების იმედად . თუ გურიის მაგალითს მოვიყვანთ, აქ უფრო მძიმე მდგომარეობაა, ვიდრე საქართველოს სხვა რეგიონებში, როგორც ეკონომიკის, ისე შობადობის და მიგრაციის, მხრივ. დასაქმებულები მხოლოდ საჯარო სამსახურებში და სხვადასხვა აიპებშია. გაზეთის პოტენციური ხელმოწერებიც ძირითადად ისინი არიან. ამიტომ მათი დამოკიდებულება გაზეთებისადმი მათი უფროსების კეთილგანწყობაზეა დამოკიდებული. გარდა ამისა, სახელმწიფო კანცელარია ავალებს ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს დააფინანსონ ცალკეული ცენტრალური გამოცემები. 2019წლამდე მუნიციპალიტეტი ადგილობრივ მედიასაშუალებებში სიმბოლურად ათავსებდა რეკლამებს და ფასიან წერილებს.

დღეს რეგიონული მედიის კვდომის პროცესი მიმდინარეობს. (მცირე გამონაკლისის გარდა) ოზურგეთის მაგალითი ამ მხრივ ხომ ძალიან სავალალოა. ხელისუფლების მიერ არასასურველ მედიასაშუალებებზე ზეწოლამ პიკს მიაღწია. მიმდინარეობს ანგარიშსწორებები, გაფრთხილებები -არ გამოიწერონ კონკრეტული გაზეთები, დროულად არ მიაწოდონ საჯარო ინფორმაციები, არ აცნობონ ცალკეული ღონისძიებების შესახებ და ა.შ.

ხელისუფლება აქცენტს პრესსამსახურების გაძლიერებაზე აკეთებს, რათა მოსახლეობას მიაწოდონ მხოლოდ მათთვის სასურველი ინფორმაცია. პრესსამსახურები 2-3-ჯერ მეტ ანაზღაურებას იღებენ, ვიდრე მათ მედიასაშუალებებმა შეიძლება შესთავაზონ, ამიტომ ახალგაზრდა ჟურნალისტები საჯარო დაწესებულებებში ამჯობინებენ მუშაობას. შემდეგი თემა ჟურნალისტის პროფესიისადმი უპატივცემულობაა. აიპების ნაწილში პრესსამსახურებში დასაქმებული ჰყავთ ისეთი ადამიანები, რომლებსაც არანაირი კავშირი არ აქვთ ჟურნალისტიკასთან და ამ მხრივ არც არაფერს აკეთებენ...ისინიც საკმაოდ მაღალ ანაზღაურებას იღებენ. . ამ თემაზე გაზეთ „ალიონის“ რედაქცია მუშაობს და უახლოეს ხანში საერთაშორისო ორგანიზაციებს მიაწვდის ინფორმაციებს გურიის რეგიონში მედიის მდგომარეობის თაობაზე.

მადლობა ქართული ჟურნალისტიკის დღის მოლოცვისათვის ქალბატონ თამარ ნადირიძეს, ეკა ნინიძეს, ზურაბ თოიძეს და ასევე გურიის მხარის, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მერიის პრესსამსახურებს ..

კოლეგებო _გილოცავთ ქართული ჟურნალისტიკის დღეს!

გაზეთ „ალიონის“ რედაქცია

ავტორი: სტატიის ავტორი;

© alion.ge 2015 წელი ყველა უფლება დაცულია.