ჭინჭრაქა~ _ 151-ე თეატრალური სეზონის მეორე პრემიერა

დამატებულია: 2019-03-31
picture1

ა, კიდო: ამ ქალაქშიც ყველაფერი დასწრებაზეაო და ოზურგეთის ალ. წუწუნავას სახელობის პროფესიულმა სახელმწიფო დრამატულმა თეატრმა, სპექტაკლით `ჭინჭრაქა~, თეატრის საერთაშორისო დღე _ 27 მარტი წინდღით მიულოცა თეატრალებსა და სასცენო ხელოვნების მოყვარულთ. ეს იყო 151-ე თეატრალური სეზონის მეორე პრემიერა.

დრამატურგ გიორგი ნახუცრიშვილის `ჭინჭრაქა~ საქართველოში თითქმის არც ერთი თეატრის სცენიდან არ ჩამოდის. ეს ისეთი სახასიათო შტრიხებით დახუნძლული პიესაა, რომელშიც რეჟისორები და მსახიობები, ყოველი შეხებისას, ახალ ხილს პოულობენ. სარეცენზიო წარმოდგენაც, საბედნიეროდ, გამორჩეულია ამ ნიშნით.

ზღაპარი მარტივიაო, იყვიან ხოლმე. მარტივი უძახეთ თქვენ და, ამ სიმარტივეში, რეჟისორ ოთარ კუტალაძის ხელმძღვანელობით, ისეთი მწიფე და ნატურალური სახეები გამოძერწეს როგორც უფროსი, ისე საშუალო და უმცროსი თაობების მსახიობებმა, რომ ისინი გურიანთის კულტურის სახლისას კი არა, წამყვანი, სახელგანთქმული თეატრების სცენებსაც დაამშვენებდა. ამიტომ ვამბობდი და ვიმეორებ, თაობათა ცვლას არც ერთ თეატრში, ალბათ, ისე უმტკივნეულოდ არ ჩაუვლია, როგორც გურულების ერთადერთ პროფესიულ თეატრში, რაც, რასაკვირველია, ამ პროცესისადმი თეატრის ხელმძღვანელობის ზედმიწევნით სწორი მიდგომის და დასის წევრების კოლეგიალური ურთიერთობის შედეგია.

ახლა მოკლედ იმის შესახებ, რაც ვნახე და რამაც გამახარა, კარგ ხასიათზე დამაყენა:

_ გავა დრო და ახალგაზრდა მსახიობები გიორგი ჩავლეშვილი (ჭინჭრაქა) და ანი გოდერძიშვილი (მზია) სიამოვნებით გაიხსენებენ თავიანთ როლებს, რითაც სავსებით დამსახურებულად უთბილესი აპლოდისმენტები დაიმსახურეს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ეს დღე გიორგი ჩავლეიშვილისთვის, ვისთვისაც, თუ არ ვცდები, ეს მხოლოდ მესამე როლი იყო ოზურგეთის თეა-ტრის სცენაზე. მათი მოხეტიალე ბერიკებად გარდასახვაც დასამახსოვრებელია;

_ ძალიან უხეშად ნათქვამი თუ არ გამომივა, ზღაპრულზე უფრო, რეალური გაიძვერაა ირაკლი ვადაჭკორიას ვეზირი, მიზნის მისაღწევად ყველანაირ ხრიკზე წამსვლელი;

_ რამდენადაც დიდია, იმდენად ბრიყვია გენადი ნიკოლაიშვილის ბაყბაყდევი, რისთვისაც პერსონალურ `ბრავოს~ იმსახურებს მსახიობი;

_ რომ იტყვიან, `დაგლიჯა~ ზაზა ჯინჭარაძის პერსონაჟმა, რომელიც მგელია, თანაც მამალი მგელი;

_ ნამდვილი რაჭული ხასიათის დათვი წარმოგვიდგინა ზვიად ჯორბენაძემ;

_ ეპიზოდურ ჩარჩოებში ვერ ეტევა ახალგაზრდა მსახიობის კობა ახალაძის რევი;

_ ქოსა მრჩეველის საინტერესო სახე შექმნა ივანე ჩხაიძემ;

_ უკვდავების მზეთუნახავად მოგვევლინა შორენა გვეტაძე;

_ ცბიერია თამარ მდინარაძის ტურა;

_ `ცეცხლზე ნავთს ასხამს~ ლია მარტიაშვილის მელა;

_ აღარაფერს ვამბობ ნუგზარ ბარამიძესა და თემურ კვირკველიაზე, უფრო ის გამიკვირდებოდა, ამაზე ნაკლებად რომ განესახიერებინათ თავი-ანთი შუბოსნები.

სახალისო სიახლე გახლდათ სპექტაკლში `სიცრუის დეტექტორის~ ელემენტების შეტანა.

წერილობით ვუქებ ხელოვნებას სპექტაკლის რეჟისორსა და სცენური ვერსიის ავტორს ოთარ კუტალაძეს, მხატვარ თამაზ დარჩიას, მუსიკალურ გამფორმებელ გოგა მახარაძეს, ქორეოგრაფ მარიკა ქვეითაიას.

თუ საწყენი არ იქნება, იმის შესახებაც, რა არ მომეწონა: ეს იყო, პირველ რიგში, ფონოგრამების (როგორც პლუსი, ისე მინუსი) უხარისხობა. შეიძლება ვცდები, მაგრამ, ჩემი აზრით, უკეთესი იქნება, თუ ასეთ მელოდიებს მსახიობები, თვითონ გაართმევენ თავს ცოცხალი შესრულებით.

ვერ ავიტანე სიტყვა `ჰამბურგერი~ ვეზირისგან მზიას საკვოიაჟის `გამომზ-ეურებისას~. კი, ბატონო, შეიძლება გათანამედროვებული იყოს, მაგრამ ანი გოდერძიშვილი (მზია) როგორი გასამეტებელია საჰამბურგეროდ?!

და ბოლოს, ჩემი აზრით, `ჭინჭრაქა~, როგორც კარგი სპექტაკლი, დიდხანს უნდა შერჩეს ოზურგეთის თეატრის რეპერტუარს, რამეთუ მას აქ არასოდეს მოაკლდება გემოვნებიანი მაყურებელი, განსაკუთრებით სკოლის ასაკის ახალგაზრდები.

ავტორი: ავტორი, თემურ მარშანიშვილი ;

© alion.ge 2015 წელი ყველა უფლება დაცულია.