დღეს, ოზურგეთის ფოლკლორის ცენტრში საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას 80 წლისთავისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა.
საღამოს გასული საუკუნის 80- 90-იანი წლების ზვიად გამსახურდიას თანამებრძოლები, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის წარმომადგენლები და გურიის გუბერნიისა და ოზურგეთის მინიციპალიტეტის ხელმძღვანელები ესწრებოდნენ. საღამოს ოზურგეთის სახელმწიფო თეატრის დირექტორი ზაზა ჯინჭარაძე უძღვებოდა.
არაერთი ვიდეოკადრი იქნა ნაჩვენები ზვიად გამსახურდიას მოღვაწეობიდან.
საღამო ფოლკლორულ ანსამბლ „შემოქმედის“ მიერ შესრულებული „შავლეგოთ“ გაიხსნა.
_„კიდევ ერთხელ გავიხსენეთ საქართველოს პირველი პრეზიდენტი და მისი დამსახურება ქვეყნის წინაშე. მან თავის თანამებრძოლებთან ერთად საკმაოდ რთული გზა გაიარა და მისი როლი დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფოს ჩამოყალიბებაში უმნიშვნელოვანესია. ჩვენი, თითოეული ადამიანის ვალია, სათანადო პატივი მივაგოთ მის ხსოვნას და უდიდესი პატივისცემით მოვიხსენიოთ, “- აღნიშნა თავის გამოსვლაში გურიის გუბერნატორმა ზურაბ ნასარაიამ.
სიტყვით ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე შარაშენიძე გამოვიდა.
ზვიად გამსახურდიას, მერაბ კოსტავას როლზე ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში ისაუბრა საქართველოს ჰელსინკის კავშირის წევრმა, ცნობილმა მხატვარმა და საზოგადო მოღვაწემ ვახტანგ მამეიშვილმა.
ვახტანგ მამეიშვილმა ისაუბრა როგორ შეიქმნა ოზურგეთში არაფორმალური პოლიტიკური ორგანიზაციები, შეხვედრებზე ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერებთან, ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავასთან; 9 აპრილის მოვლენებზე და ა.შ (ვახტანგ მამეიშვილის ვრცელი სტატია „ზვიად გამსახურდია 80“, დაბეჭდილია გაზეთ „ალიონის“ 1 აპრილის ნომერში).
ემოციური გამოსვლა ჰქონდა წმ. ილია მართლის საზოგადოების გამგეობის წევრს, კონსტანტინე გამსახურდიას საზოგადოების ოზურგეთის ორგანიზაციის თავმჯდომარე მზია ბაკურაძეს.
საღამოზე სიტყვით ზვიად გამსახურდიას და მერაბ კოსტავას თანამებრძოლი, არქიმანდრიტი მამა ნიკოლოზი (ღლონტი) გამოვიდა. მან ქართულ ეკლესიაში არსებულ პრობლემებზე ისაუბრა.
საღამო ანსამბლ „შემოქმედის“ სიმღერით „ჩემო კარგო ქვეყანა“ დასრულდა.