„ეს იყვნენ ადამიანები, რომლებმაც მოწამეობრივად თავი შესწირეს საქართველოს დამოუკიდებლობას“

დამატებულია: 2019-04-09
picture1

დღეს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიხაურში, 9 აპრილს ტრაგიკულად დაღუპული ნინო თოიძის საფლავთან დიდძალმა საზოგადოებამ მოიყარა თავი და პატივი მიაგეს მის ხსოვნას.

ნინო თოიძის საფლავზე მივიდა გურიის გუბერნატორი ზურაბ ნასარაია, რომელმაც გაზეთ „ალიონს“ 9 აპრილის მოვლენებზე ესაუბრა:

_„9 აპრილი საქართველოს უახლოესი ისტორიის ძალიან მძიმე დღე, მაგრამ იმავდროულად მდიდარი დღეა.ამ დღეს ქართველმა ხალხმა გაიმარჯვა _ერი გამთლიანდა და ზუსტად 9 აპრილის შემდეგ მიეცა მსვლელობა იმ მოვლენებს, რომელსაც თავისუფლებისთვის ბრძოლა ჰქვია. ქართველმა ხალხმა 2 წლისთავზე ჩაატარა რეფერენდუმი და მიიღო დამოუკიდებლობის აქტი, რომელიც დღევანდელი საქართველოს ფუნდამენტური აქტია და მივედით იქამდე, რომ ვართ დამოუკიდებელი სახელმწიფო.

9 აპრილის ტრაგედია რომ მოხდა, მე დამამთავრებელი კლასის მოსწავლე ვიყავი. კარგად მახსოვს საზოგადოების, მეზობლური წრის, სკოლის პედაგოგების საპროტესტო მუხტი, თუ რამდენად მძიმე იყო ეს დღე ქართველი ერისთვის და ყველა ადამიანი ბავშვი თუ დიდი როგორ განიცდიდა ამ ტრაგედიას.

მახსოვს ისიც, რომ იმ პერიოდში ჩემი ოჯახის წევრები ამოვედით ნინო თოიძის საფლავზე და პატივი მივაგეთ მის ხსოვნას. მაშინ აქ ძალიან ბევრი ადამიანი იყო. დღესაც ბევრი ადამიანი მოვიდა. ჩვენ და ჩვენმა მომავალმა თაობებმა უნდა იცოდნენ, რომ ეს იყვნენ ადამიანები, რომლებმაც მოწამეობრივად თავი შესწირეს საქართველოს დამოუკიდებლობას“ _თქვა ზურაბ ნასარაიამ.

ავტორი: სტატიის ავტორი;

© alion.ge 2015 წელი ყველა უფლება დაცულია.