ამ დღეებში ჩოხატაურისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტებში საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე იმყოფებოდა. პრემიერმა მოინახულა ბუკისციხე -ზემო სურების გზის 6,5 კილომეტრიანი მონაკვეთის სამშენებლო სამუშაოები, საზეიმოდ გახსნა სოფელ შუა სურების სკოლის ახალი შენობა, იყო დაბა ნასაკირალში, მოინახულა ოზურგეთის სახელმწიფო თეატრის მშენებლობა და ბოლოს გურიაში ტურიზმის განვითარების თემაზე კოლეჯ „ჰორიზონტში“ მოწყობილი გამოფენა დაათვალიერა.
რაც თვალში საცემი იყო, პრემიერის დაბა ნასაკირალში და სხვა ობიექტებზე ყოფნისას არ იმყოფებოდნენ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია და „ქართული ოცნების“ ადგილობრივი ლიდერები, რამაც უხერხულობის შეგრძნება და საზოგადოებაში კითხვები გააჩინა.
ამ თემაზე კომენტარი დღეს, სოფელ ლიხაურში ყოფნისას გურიის გუბერნატორს ზურაბ ნასარაიას ვთხოვეთ:
_ბატონო ზურაბ, როგორია პრემიერის ვიზიტის შედეგები ჩოხატაურისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტებში და რა მესიჯები წაიღო მან გურიიდან?
_პრემიერმა რამდენიმე მნიშვნელოვანი ობიექტი მოინახულა. თავდაპირველად ბუკისციხე-ზემო სურების გზის 6,5 კილომეტრიანი გზის მონაკვეთის მშენებლობა მოინახულა. იქვე განაცხადა, რომ გაგრძელდება გზის დანარჩენი 11 კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობა და ასფალტ-ბეტონის გზა ზემოს სურებამდე იქნება.ამ გზის მშენებლობის საპროექტი სამუშაოები წელსვე დასრულდება და გამოცხადება ტენდერი. შემდეგ, სოფელ შუა სურებში გახსნა ახალი სკოლა.
ოზურგეთისმუნიციპალიტეტის დაბა ნასაკირალში მოსახლოებასთან შეხვედრისას პრემიერმა განაცხადა, აშენდება ახალი სკოლა 600 მოსწავლეზე. ახალი სკოლა აშენდება დაბა ურეკშიც და სავარაუდოდ დაბა ნარუჯის ახალი სკოლის მშენებლობაც დაპროექტდება. მოინახულა სახელმწიფო თეატრის სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომელსაც ფონდი „ქართუ“ ახორციელებს.
ეს წელი გურიისთვის პროექტებითაა დახუნძლული.ამას პრემიერის ვიზიტის შემდეგ კიდევ რამდენიმე ახალი პროექტი დაემატა. ამ პროექტებიდან ზოგიერთი გარდამავალია, რაც იმას არ ნიშნავს, რომ კვლავ ახალ პროექტებზე არ ვიმუშაოთ.
_ბატონო ზურაბ, ჩოხატაურზე არ ვსაუბრობ, მაგრამ ოზურგეთის მუნიციპალიტეტში პრემიერის ყოფნისას დაბა ნასაკირალში, სხვა ობიექტებზე არ იმყოფებოდნენ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია, პარტია „ქართული ოცნების“ ადგილობრივი ლიდერები, საკრებულოს დეპუტატები „ქართული ოცნებიდან“..
_ასე ვერ ვიტყვი. პრემიერის სტუმრობის დრო და ადგილი ყველასათვის იყო ცნობილი. ეს არ იყო საბჭოთა ტიპის შეხვედრა, როდესაც დახურულ დარბაზებში ხვდებოდნენ წინასწარ შედგენილი სიების მიხედვით საზოგადოების წარმომადგენლებს. . პირიქით, სამივე მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე და მერი დაესწრო პრემიერის ვიზიტს..
_ თქვენ კოლეჯ „ჰორიზონტში“ შეხვედრას გულისხმობთ?
_„ჰორიზონტში“ პრემიერი გურიაში ტურიზმის განვითარების სხვადასხვა მიმართულებებს გაეცნო.ის, რომ საკრებულოს თავმჯდომარეები არ ესწრებოდნენ შეხვედრებს ასე არ არის. უბრალოდ, ყველა ობიექტზე ერთდროულად ვერ მოახერხებდნენ დასწრებას. ზოგი იყო შუა სურების სკოლის ახალი შენობის გახსნაზე, ზოგი იყო დაბა ნასაკირალში, ზოგი კი კოლეჯში...