sos! ხორცის მორიგი სკანდალი ოზურგეთში

დამატებულია: 2019-04-10
picture1

გასულ კვირაში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ბაღების გაერთიანებაში მორიგი სკანდალი მოხდა. შპს „სოფომ“, რომელიც ტენდერში გამარჯვებულია და ოზურგეთის ბაღების გაერთიანებას ხორცით და ხორცპროდუქტებით ამარაგებს , ოზურგეთის ბაღების გაერთიანებაში 165 კილოგრამი უვარგისი ძროხის ხორცი და 207 კილოგრამი ქათმის ფილე შეიტანა.

როგორც წყარომ გვაცნობა შპს „სოფომ“ სოფელ დვაბზუს სასაკლაოდან ვეტერინარის მიერ დამოწმებული საკვებად ვარგისიანი ხორცი წამოიღო. მან ძროხის ხორცი გზაში შეცვალა და ბაღებში საკვებად უვარგისი ხორცი მიიტანა, რაზედაც სწრაფი რეაგირება გააკეთა ოზურგეთის ბაღების გაერთიანებამ. უვარგისი ხორცი განადგურდა, ხოლო მომხდარზე პოლიციაში მოკვლევა მიმდინარეობს.

გაზეთი „ალიონი“ თავდაპირველად საქართველოს სურსათის უვნებლობის სააგენტოს პრესსამსახურს დაუკავშირდა. თეა მშველიძემ გვიპასუხა, რომ იგი ამჟამად სამეგრელოშია იმყოფებოდა, თუმცა მალევე დაგვიკავშირდა, მომხდარი დაადასტურა და გვითხრა, რომ სურსათის უვნებლობის სააგენტომ შესაბამისი განცხადება უკვე გააკეთა.

ოზურგეთის ბაღების გაერთიანების უფროსი მაკა ჭყონია სამსახურში არ იმყოფებოდა, ხოლო ტელეფონზე მისმა თანამშრომელმა გვიპასუხა, რომ მაკა ჭყონია ბათუმშია და ტელეფონი სამსახურში დარჩა.

მაკა ჭყონიას კომენტარს მოგვიანებით შემოგთავავაზებთ.

ავტორი: სტატიის ავტორი;

© alion.ge 2015 წელი ყველა უფლება დაცულია.