წითელი ბარათი „სოფოს“, მწვანე შუქი „მახოხიას“
10 აპრილს გაზეთ „ალიონის“ რედაქციას აცნობეს, რომ შპს „სოფომ“, რომელიც ტენდერში გამარჯვებულია და ოზურგეთის ბაღების გაერთიანებას ხორცით და ხორცპროდუქტებით ამარაგებს, თითქოს ოზურგეთის ბაღების გაერთიანებაში 165 კილოგრამი საკვებად უვარგისი ძროხის ხორცი და 207 კილოგრამი ქათმის ფილე შეიტანა.
წყაროს ცნობით, აღნიშნულმა შპს-მ სოფელ დვაბზუს სასაკლაოდან ვეტერინარის მიერ დამოწმებული საკვებად ვარგისიანი ხორცი გზაში შეცვალა და ბაღებში საკვებად უვარგისი ხორცი შეიტანა, რაზეც სწრაფი რეაგირება გააკეთა ოზურგეთის ბაღების გაერთიანებამ, უვარგისი ხორცი განადგურდა, ხოლო მომხდარზე პოლიციაში მოკვლევა მიმდინარეობს. ინფორმაციის დაზუსტების მიზნით, მაშინვე დავურეკეთ ოზურგეთის სკოლამდელი აღზრდის ცენტრის ხელმძღვანელს მაკა ჭყონიას. ზარზე ცენტრის ერთ-ერთმა თანამშრომელმა გვიპასუხა, რომ ქალბატონ მაკას ტელეფონი სამსახურში დარჩა და თვითონ ბათუმში იმყოფებოდა.
დავუკავშირდით ჭყონიას მოადგილე თამუნა თავზარაშვილს, რომელმაც გვითხრა, რომ ავტოსაგზაო შემთხვევაში მოჰყვა და ვერ მოგვცემდა კომენტარს...
დავრეკეთ სურსათის უვნებლობის სააგენტოს პრესსამსახურის უფროს თეა მშველიძესთან, რომელმაც სატელეფონო საუბარში დაგვიდასტურა ხორცის ამოღებისა და გასანადგურებლად გადაცემის ფაქტი.
ბოლოს, წყაროს მიერ მოწოდებულ და სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციებზე დაყრდნობით, ოპერატიულად დავდეთ ნიუსი, რომელშიც, სამწუხაროდ, არის უზუსტობა, კერძოდ, ის, რომ საკვებად უვარგისი ხორცი ამოიღეს ბაღების გაერთიანებიდან. როგორც შემდეგ გახდა ცნობილი, საბავშვო ბაღებში ეს ხორცი საერთოდ არ შესულა. უვარგისი ხორცის ამოღებისა და დალუქვის ადგილი მხოლოდ სურსათის ეროვნული სააგენტოს ოფიციალური მასალის გამოქვეყნების შემდეგ გახდა ცნობილი.
სურსათის ეროვნული სააგენტო
„ბაღების მომმარაგებელ კომპანიას საწარმოო პროცესი შეუჩერდა
სურსათის ეროვნული სააგენტოს გურიის რეგიონულმა სამმართველომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის ცენტრიდან, მიღებული შეტყობინების საფუძველზე, საბავშვო ბაღების მომმარაგებელ კომპანიაში არაგეგმური ინსპექტირება განახორციელა.
შპს „სოფოს“ შემოწმებისას გამოვლინდა კრიტიკული შეუსაბამობები, კერძოდ, სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმებისა და ტემპერატურული რეჟიმის დარღვევა, კონდენსატის არსებობა მაცივარში და კოროზირებული მილი, ხორცის ორგანოლეპტიკური მახასიათებლების დარღვევა - შეცვლილი ფერი და კონსისტენცია, რის გამოც ბიზნესოპერატორს საწარმოო პროცესი შეუჩერდა და დაჯარიმდა.
ბაღების მომმარაგებელ კომპანიაში დაილუქა 164 კგ-მდე საქონლის ხორცი და 207 კგ ქათმის ფილე, რომელიც სააგენტოს ინსპექტორების ზედამხედველობით განადგურდება.
ბიზნესოპერატორს საწარმოო პროცესი კრიტიკული შეუსაბამობების აღმოფხვრის შემდეგ აღუდგება.“ (nfa. gov.ge 10.04. 2019 წ.) საკითში სიცხადის შეტანის მიზნით გთავაზობთ მხარეების და სურსათის ეროვნული სააგენტოს გურიის რეგიონული სამმართველოს კომენტარს.
მაკა ჭყონია: ა (ა) იპ ოზურგეთის სკოლამდელი აღზრდის ცენტრის ხელმძღვანელი: „ბაღების გაერთიანებამ ყოველგვარი პრევენციული ზომები გაატარა იმისთვის, რომ ბაღებში საეჭვო ხარისხის ხორცი არ შესულიყო.
აღვნიშნავთ, რომ ბაღებში საქონლის ხორცით მომარაგება ხდება კვირაში ერთხელ, საკლავი ყოველ სამშაბათ დღეს იკვლება დვაბზუს სასაკლაოზე,მეორე დღეს კი ხდება ხორცის დაფილვა (ამავე სასაკლაოზე), სადაც დაფილვას ყოველ ოთხშაბათ და ხუთშაბათ დღეს ესწრებიან სკოლამდელი აღზრდის ცენტრის მონიტორინგის თანამშრომლები.
ერთ-ერთ დაფილვის დღეს, ა.წ 28 მარტს, ხორცის მორიგი დაფილვის დროს, ცენტრის მონიტორინგის თანამშრომლებმა ვიზუალურად დაიწუნეს ხორცის ერთი ნაწილი, რომელიც იყო მუქი შეფერილობის და რეაგირებისთვის მაშინვე მივმართეთ სურსათის ეროვნულ სააგენტოს სიტუაციის შესწავლის მიზნით.
სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლები მაშინვე გამოცხადნენ აღნიშნულ ადგილზე (დვაბზუს სასაკლაოზე), სადაც დააფიქსირეს კრიტიკული შეუსაბამობები და საწარმოო პროცესი შეუჩერეს მიმწოდებელს - შპს ,,სოფოს’’.
ეს იყო სკოლამდელი აღზრდის ცენტრის მიერ, სიფრთხილისთვის და ბაღებში ვარგისიანი ხორცის შეტანის მიზნით განხორციელებული ქმედება,რომლითაც ჩვენ თავიდან ავიცილეთ ბაღებში საეჭვო ხორცის შეტანის მცდელობა.
პირველ რიგში, გვინდა განვაცხადოთ მშობლების საყურადღებოდ, რომ ბაღებში საეჭვო ხარისხის ხორცი არ შესულა, რისი პრევენციაც დროულად განახორციელა ბაღების გაერთიანებამ.
საწარმო პროცესის შეჩერების გამო სკოლამდელი აღზრდის ცენტრმა ხელშეკრულება შეუჩერა მომწოდებელ შპს ,,სოფოს’’ და გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე, გააფორმა ერთ პირთან მოლაპარაკება ,რათა არ შეფერხებულიყო სააღმზრდელო პროცესი ბაღებში.
სკოლამდელი აღზრდის ცენტრი კვლავაც დიდი სიფრთხილით გააგრძელებს შემოტანილი საკვები პროდუქტის მონიტორინგს და არ დაუშვებს კვების რეგლამენტით განსაზღვრული სტანდარტის დარღვევის არც ერთ ფაქტს რეაგირების გარეშე.
ჩემი პრეროგატივა არ არის, ვთქვა, უნდა დაელუქათ თუ არა დანარჩენი ხორცი.
იქვე განთავსებული ქათმის ფილეც არ შევატანინეთ ბაღებში, რადგან მაცივარის კარი დიდხანს დარჩა ღია, ლღვობა დაიწყო. სიტუაციის გარკვევამდე ჩვენ შევაჩერეთ ხელშეკრულება და გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე გავაკეთეთ ფასთა მოკვლევა. გავაფორმეთ ხელშეკრულება ჩოხატაურელ ნათია ცინცაძესთან. მისგან ხორცს 18,5 ლარად შევიძენთ. ასე რომ, სააღმზრდელო პროცესისთვის ხელი არ შეგვიშლია“.
დავით ლომჯარია, დვაბზუს სასაკლაოს დირექტორი:
„დვაბზუს სასაკლაოზე შესაბამისი ხელშეკრულების თანახმად იჯარით აღებული აქვს ფართი შპს „სოფოს“. ცხოველის მოყვანა, შემოწმება, დაკვლა, დასუფთავება, ვეტექიმის მიერ კვლავ შემოწმება ხდება „HASP“-ის სტანდარტების მიხედვით. შპს „სოფოს“ აქვს იჯარით აღებული ფართი და 12 კვადრატული მეტრის მოცულობის მაცივარი, სადაც მას გადააქვს დაკლული საქონლის ხორცი. ეს კერძო ბიზნესია და ჩვენ მის საქმიანობაში არ ვერევით.“
შპს „სოფოს“ პასუხისმგებელი პირი ირმა ხაბაძე:
„არ გიჩნდებათ კითხვა, რატომაა მუდმივად ყურადღების ცენტრში მხოლოდ ოზურგეთის საბავშვო ბაღები? მაგალითად, რატომ არავინ არაფერს ამბობდა, ექვსი წელი რომ „აჭიხვინეს“ ლანჩხუთში ბავშვები. ზოგიერთები მხოლოდ ახლა დაინტერესდა ამ საკითხით. თქვენც ხომ ხვდებით, რომ მიკერძოებაა. უნდა იმუშაოს მხოლოდ ინდ. მეწარმე „მახოხიამ“, გიორგი კაკურიამ, რომელსაც ჩქარი ტაშით იწვევენ გამარტივებული წესით. მხოლოდ მან უნდა იმუშაოს. არ ხდება მისი არანაირი შემოწმება.
სასაკლაოზე, როგოც ყოველთვის, ტარდება მონიტორინგი.დაკვლის დღეს ხორცს გაუკეთეს ანალიზი, ძალიან კარგიაო. დაფილვას ესწრებოდნენ შესაბამისი სამსახურის თანამშრომლები. ერთ-ერთს არ მოეწონა ხორცის ნაჭერის ფერი და ატყდა ერთი ამბავი. შექმნილა უმართავი სიტუაცია. სასწრაფოდ გამოუძახიათ ბაღების გაერთიანება და სურსათის უვნებლობა. შევიდნენ მაცივარში, გამოზიდეს დანარჩენი ხორციც, შექმნეს ანტისანიტარია. დისტრიბუტორები გარეთ გამოუყრიათ. მოვიდა სურსათის უვნებლობა, ნახა ხორცი დაყრილი მაგიდაზე და ანტისანიტარია, ამიტომ დალუქა ხორცი და თქვა განადგურდესო. სამუშაო პროცესი შეგვაჩერებინეს იმის გამო, რომ ლანჩხუთში არ შევსულიყავით და ოზურგეთში ზარალი გვენახა. იმიტომ, რომ მარტო „მახოხიამ“ უნდა იმუშაოს, სხვამ არავინ. საქონელი იყო 48 საათის დაკლული. ტენდერის პირობებში წერია: თუ შემსყიდველს არ მოსწონს ფერი, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ხორცი უვარგისია. მას შეუძლია თქვას, არ მომწონს და შემიცვალეთო. მე ვალდებული ვარ, შევუცვალო. მთლიანი პროდუქციის დაყადაღება და განადგურება არ უნდა მოხდეს. ზარალი იყო დაახლოებით 6 000 ლარის, პლუს 1000 ლარი სურსათის უვნებლობის ჯარიმა, რადგან ჩათვალეს, რომ ანტისანიტარია იყო. მაცივარი ღია რომ ჰქონდათ, ყინვამ დნობა დაიწყო, წვეთები დაინახეს და დარღვევააო, თქვეს.
სურსათის უვნებლობამ ხორცის ნიმუში გადაგზავნა სამხარაულის ექპერტიზის ბიუროში, ეგონათ ცხენი ან ვირი იქნებოდა. მიიღეს პასუხი, რომ ხორცი ვარგისი იყო.
ოზურგეთში აღარ, მაგრამ მუშაობას გავაგრძელებთ ჩვეულებრივად. მოვლენ სურსათის უვნებლობის წარმომადგენლები, შემოწმდება საწარმო, რომლის გამოც დაგვაჯარიმეს. ოზურგეთთან, მიმდინარე ტენდერის დასრულების შემდეგ, აღარ ვითანამშრომლებთ. უბრალოდ, დაგვაზარალეს მეტი არაფერი. ამ დროს რეკლამასაც გვიკეთებენ, რაც უფრო მეტს საუბრობენ ჩვენზე, თანამშრომლობის მეტი მსურველი გამოგვიჩნდა.
ჩვენ იმდღესვე მივმართეთ კრიმინალურ პოლიციას. გენ. პროკურატურისთვის გადასაცემად გამზადებული მაქვს ვიდეო ჩანაწერი. გამოიკვეთება - ვინ შექმნა არეულობა. გაპირებ სასამართლოში დავას. ერთსა და იმავე ადგილას, ჩოლოქში ვყიდულობთ მე და კაკურია საქონელს, იმის საქონელი კარგია და ჩემი უნდა დაილუქოს და განადგურდეს, რატომ? ერთი და იგივე საქონლის პარტიიდან. როდესმე კაკურია თუ შეამოწმეს? არასოდეს“.
ნინო შეწირული, სურსათის ეროვნული სააგენტოს გურიის რეგიონული სამმართველოს უფროსი:
_„სურსათის უვნებლობის სააგენტო ყოველწლიურად ახორციელებს სხვადასხვა კონტროლს კვების სხვადასხვა ობიექტებში. თუმცა, საბავშვო ბაღები ჩვენს სამსახურს პრიორიტეტად აქვს დასახული. სწორედ ამიტომ, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში სხვადასხვა ტიპის შემოწმებები ტარდება. ეს არის მონიტორინგი _ნიმუშის აღება; გეგმიური და არაგეგმიური ინსპექტირება, დოკუმენტური შემოწმება.
ამ შემოწმების შედეგად, სხვადასხვა დროს ფიქსირდება სხვადასხვა ტიპის დარღვევები. მაგალითად: რეგიონის მაგალითზე შენიშვნები და რეკომენდაციები გვქონდა ინფრასტრუქტურისა და სამზარეულოს მოწყობის თაობაზე და დღეის მდგომარეობით ეს დარღვევები გამოსწორდა. ასევე იყო ეტიკეტირების წესების დარღვევა და გაიცა საჯარიმო სანქციები; თუმცა უფრო დიდი პრობლემები გვაქვს ე.წ. ბაღების საკვებით მომმარაგებლებთან.
მოგეხსენებათ, ტენდერის პირობებით ვერ ირჩევს ბაღების აიპები ბიზნესოპერატორებს, ამას კანონი განსაზღვრავს. ამიტომ ყველა ბიზნესოპერატორი ერთნაირი კეთილსინდისიერებით არ გამოირჩევა. ზოგი ცდილობა „იოლად“ იშონოს ფული, თუნდაც ეს ბავშვების ჯანმრთელობას ეხებოდეს. ეს ყოვლად შემაშფოთებელია და როგორც რიგითი მშობელი, მიუღებელია.
გასულ წლებში გვქონდა შემთხვევები და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში ბავშვთა კვებაში ჩვენმა სამსახურმა აღმოაჩინა ცხენის ხორცის დნმ-ი. ხორცი მაშინვე ამოვიღეთ ბაღებიდან, მოხდა მისი განადგურება და შესაბამის ორგანოებს გადაეცა აღნიშნული ფაქტი.
აქ, კონკრეტულ შემთხვევაში _ოზურგეთის სკოლამდელი აღზრდის ცენტრიდან შემოსული შეტყობინების საფუძველზე, მაშინვე გავედით ადგილზე. შპს „სოფო“, რომელსაც სურსათის ეოვნულმა სააგენტომ აღიარება მიანიჭა, მდებარეობს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დვაბზუში, ე.წ. დვაბზუს ცხოველთა სასაკლაოს ტერიტორიაზე: იქ დაგვხვდა არასასურველი სურათი, „შავი“ ხორცი, ორგანოლეპტიკურად არაჯანსაღი, ცუდი სუნითა და შეფერილობით. რამდენიმე ათეული კილოგრამი ხორცი ჩვენი მისვლისას უკვე არეული იყო ერთმანეთში და ცალ-ცალკე იდენფიცირება ვერ ხერხდებოდა, ამიტომ დაიწერა შესაბამისი ოქმი და ხორცი დაექვემდებარა განადგურებას, ასევე საწარმოს შეუჩერდა პროცესი და დაჯარიმდა კრიტიკული შეუსაბამობისთვის. ასევე მაცივარში მოთავსებული იყო ქათმის ფილე, რომელშიც ტემპერატურული რეჟიმი იყო დარღვეული და ისიც ასევე განადგურდა. მინდა ხაზგასმით გითხრათ, რომ ფაქტი, რომელიც მოხდა და მყისიერად აღიკვეთა ეს დამსახურებაა ბაღების ხელმძღვანელობის და სურსათის ეროვნული სააგენტო მუდამ მზადყოფნაშია 24-საათიანი რეჟიმით იმუშაოს და არ დაუშვას მსგავსი ფაქტი. თუ ჩვენ დროულად მივიღებთ ინფორმაციას, პასუხიც და ქმედებაც იქნება დროული.
ჩვენ, ჩვენის მხრივ არ მოვადუნებთ ყურადღებას, ჩვენთვის ბაღები პრიორიტეტულია და მუდმივ რეჟიმში გავაკონტროლებთ, მაგრამ ყოველდღიური შეხება პროდუქტთან აქვს ბაღების ხელმძღვანელებს, კიდევ ერთხელ თქვენი დახმარებით ვთხოვთ მათ, რომ არ დამალოთ მსგავსი ფაქტები და დროულად გვაცნობოთ ჩვენ და ჩვენი სამინისტროს ცხელ ხაზს 1501.
გურიის გუბერნატორი ზურაბ ნასარაია პირადად ჩართულია ინფრასტრუქტურის სამუშაო პროცესებში და ერთობლივად ვატარებთ ღონისძიებებს. ყველა მხრივ გვაქვს ბერკეტი, რომ დავიცვათ ბაღები ურჩი ბიზნესოპერატორებისაგან.“