ვინ და რატომ უღალატა დეპუტატობის კანდიდატს?

დამატებულია: 2019-04-20
picture1

კაკო თავდუმაძე საკუთარ გამარჯვებაში დარწმუნებულია ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატი, კაკო თავდუმაძე ოპოზიციურ პარტიებს„სიტყვის გატეხვაში“ ადანაშაულებს.მისი თქმით,კანდიდატად მას შემდეგ დარეგისტრირდა, რაც „ევროპული საქართველოდან“, „ნაციონალური მოძრაობიდან“ და „ლეიბორისტებიდან“ პირობა მიიღო, რომ ანასეული-სერი-ექადიის ოლქში კონკურენტს არ დაუყენებდნენ. მოგვიანებით, როცა თავდუმაძე უკვე ოფიციალურად დარეგისტრირდა, აღმოჩნდა, რომ დეპუტატობისთვის „ევროპული საქართველოდან“კობა ზაქარეიშვილიც იბრძოლებს.

„შეთანხმებიდან რამდენიმე დღეში მიშა გოგოტიშვილმა მითხრა, ზემდგომმა გადაწყვიტა და კანდიდატს ვაყენებთო. ეს როგორი თამაშია-მეთქი. ასე გამოვიდა, რა ვქნათო. ყველა პარტიას აქვს უფლებ,ა დააყენოს კანდიდატი, მაგრამ მაშინ კარგად გაერკვიე სიტუაციაში და ნუ შემიყვან თამაშში. ეს ჩემს გაბითურებას ნიშნავდა,“-გვიყვება თავდუმაძე. ჩვენი რესპოდენტის თქმით, ოპოზიციონერებმა „კაცური შეთანხმება“ დაარღვიეს:

„ევროპულ საქართველოს“, „ ნაციონალებს“ და „ლეიბორისტებს“ ვუთხარი: მოილაპარაკეთ ზემდგომებთან, თუ თქვენ არ დამიყენებთ კანდიდატს, მე მზად ვარ, ვიყარო კენჭი, როგორც გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატმა-მეთქი . მივედით დათო მამალაძესთან. რომ იტყვიან, ჭიქა მივარტყით ჭიქაზე და შევთანხმდით. იქ იყვნენ მიხეილ გოგოტიშვილი და დავით მჟავანაძეც. შოთა გოგიბერიძემაც იცოდა ჩემი პოზიცია. ხევსურეთში ღვინოში ჩათლიდნენ ვერცხლს და შესვამდნენ. ფიცვერცხლ ნაჭამობა ჰქვიოდა ამას და ღალატი გამორიცხული იყო. ამ შემთხვევაში სიტყვა გატეხეს“.

პარტიების მხარდაჭერის გარეშე დარჩენილი დამოუკიდებელი კანდიდატი პოზიციების დათმობას არ აპირებს:

„კენჭს თუ იყრი, უნდა გაიმარჯვო. არჩევნები ოლიმპიადა არაა, მონაწილეობა რომ იყოს მთავარი. მეორე ადგილისთვის არასდროს ვიბრძოლება. გამარჯვების იმედი რომ არ მქონდეს, გავიდოდი თამაშიდან. ზაქარეიშვილი მესამე ადგილზე უნდა „დავაჯინო“. სინდისის დეპუტატი_ ასე წარმოუდგენია არჩევნების შემდეგ საკუთარი თავის კაკო თავდუმაძეს:

„მე, როგორც მაჟორიტარი დეპუტატი, მივალ ხალხთან. ხალხის მაჯაზე უნდა მედოს ხელი. არ დავჯდები მხოლოდ და მხოლოდ საკრებულოს სხდომებზე და არ დაველოდები ხელფასს. ხალხზე უნდა გააკეთო სწორება და არა საკუთარ ჯიბეზე.როცა შევალ საკრებულოში, ნებისმიერ პარტიასთან, მათ შორის ოცნებასთან, თანამშრომლობა შემიძლია. მხარი უნდა დავუჭირო ნებისმიერი პარტიის მიღებულ იმ გადაწყვეტილებას რომელიც ხალხისთვის იქნება სასარგებლო და საჭირო“. (ამ სტატიის სრული ვერსია იხილეთ გაზეთ „ალიონის“ ორშაბათის ნომერში).

ავტორი: ავტორი მარი კოძოევი ;

© alion.ge 2015 წელი ყველა უფლება დაცულია.