ოზურგეთში შპს „სოფოს“ საწარმოო პროცესი აღუდგა, ლანჩხუთში დისკვალიფიკაცია მისცეს

დამატებულია: 2019-04-21
picture1

ალიონი. მას შემდეგ, რაც სურსათის ეროვნული სააგენტოს გურიის რეგიონულმა სამმართველომ, ოზურგეთის სკოლამდელი აღზრდის ცენტრიდან მიღებული შეტყობინების საფუძველზე საბავშვო ბაღებში მომმარაგებელ კომპანიაში, შპს „სოფო“ არაგეგმიური ინსპექტირება განახორციელა, ბაღების მომმარაგებელ კომპანიაში დაილუქა 164-კგ-მდე საქონლის ხორცი და 207 კგ. ქათმის ფილე, რომელიც სააგენტოს ინსპექტორების ზედამხედველობით გაანადგურა.

ბიზნესოპერატორს საწარმოო პროცესი კრიტიკული შეუსაბამობის გამო, მის აღმოფხვრამდე შეუჩერა (იხ. სტატია „იყო თუ არა ეს საბავშვო ბაღებში საეჭვო წარმომავლობის ხორცის შეტანის მორიგი მცდელობა“, „ალიონი“ #15).

შპს „სოფოს“ წარმომადგენელმა ირმა ხაბაძემ გაზეთ „ალიონთან“ განაცხადა, რომ „სურსათის უვნებლობამ ხორცის ნიმუში გადაგზავნა სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში, ეგონათ ცხენი ან ვირი იქნებოდა, მიიღეს პასუხი, რომ ხორცი ვარგისი იყო.“

თუ რა მდგომარეობაა ამჟამად, ამის შესახებ კომენტარი სურსათის ეროვნული სააგენტოს გურიის რეგიონული სამმართველოს უფროსს ნინო შეწირულს ვთხოვეთ: _„ 164 კგ. საქონლის ხორცი, რომელიც სურსათის ეროვნული სააგენტოს ინპექტირების მიერ იქნა დალუქული და შემდეგ განადგურებული, იყო ორგანოლეპტიკურ მაჩვენებელზე (ფერი, სუნი) კონსტინტენციით დარღვეული, ამიტომ მიკრობიოლოგიურ მაჩვენებლებზე ლაბორატორიულ კვლევას არ ექვემდებარებოდა. ორგანოლეპტიკური მაჩვენებლების, კონსისტენციის დარღვევის გამო, აღნიშნული ხორცი გამოსაყენებლად იყო უვარგისი.

ქათმის ფილე აღნიშნული მაცივრის კამერაში არ უნდა დასაწყობებულიყო, ვინაიდან საქონლის ახალი ხორცი და გაყინული ქათმის ფილე სხვადასხვა ტემპერატურაზე ინახება.

რაც შეეხება შპს „სოფოს“,მან მოაგვარა კრიტიკული შეუსაბამობები, ამის შესახებ შესაბამისი განცხადებით მიმართა სურსათის ეროვნულ სააგენტოს და მას ამჟამად საწარმოო პროცესი აღდგენილი იქნა“ _ გვითხრა ნინო შეწირულმა.

18 აპრილს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის ცენტრმა შემდეგი განცხადება გააკეთა:

„ა(ა)ი.პ. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი საგანმანათლებლო-სააღმზრდელო ცენტრის მიერ ხორცპროდუქტების მიწოდებაზე შპს „სოფოს“დისკვალიფიკაცია მიეცა.

კერძოდ, შპს „სოფომ“ ელექტრონულ ტენდერში (აუქციონის გარეშე) მიიღო მონაწილეობა და ხორცპროდუქტების მიწოდებაზე ვალდებულება აიღო კონკრეტული მწარმოებლის სახელით ისე, რომ ამ კომპანიასთან არ ჰქონდა შესაბამისი პარტნიორული ურთიერთობა.

აღნიშნული გარემოება ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი საგანმანათლებლო სააღმზრდელო ცენტრის მიერ გამოვლინდა ხელშეკრულების გაფორმების სტადიაზე. შესაბამისად შპს „სოფოს“ დაუყოვნებლივ მიეცა დისკვალიფიკაცია.

ამ ეტაპზე აღნიშნულ ტენდერთან დაკავშირებით მიმდინარეობს შესყიდვების კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურა.“

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზრდელო ცენტრმა ელექტრონული ტენდერი აუქციონის გარეშე ცხოველური წარმოშობის პროდუქტებზე 26 მარტს გამოაცხადა.სატენდერო თანხა 129 600.00 ლარი იყო. ამ ტენდერში გასულ კვირაში შპს „სოფომ“ გაიმარჯვა. თუ რა გახდა „სოფოსთვის“დისკვალიფიციის მიზეზი, ამაზე ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის ცენტრის ხელმძღვანელს ნატა კობალავას ვესაუბრეთ:

„ამ ეტაპზე გადაუდებელი აუცილებლობის წესით ხორცს ვყიდულობთ ინდ მეწარმე ნათია ცინცაძისგან. შპს „სოფომ“ ელექტრონულ ტენდერზე წარმოადგინა ყველაზე დაბალი ფასი და შერჩევა-შეფასების ეტაპი გადალახა. მისი წარმოდგენილი სატენდერო წინადადების საფუძველზე დოკუმენტაცია, აბსოლუტურად დამაკმაყოფილებელი იყო მოქმედი კანონმდებლობასთან. ხელშეკრულების გაფორმების ეტაპამდე რომ მივედით, მან მიმწოდებელ კომპანიად დაასახელა შპს „ჰალან ჯგუფი“. შპს სოფომ გადმოგვიგზავნა შპს „ჰალან ჯგუფის“ აღიარების ცნობა, რომელიც სურსათის უვნებლობის ეროვნული სააგენტოს მიერ არის გაცემული და რომელიც აღნიშნულ შპს-ს აძლევდა ხორცის წარმოების უფლებას. სწორედ ამ საბუთის საფუძველზე სატენდერო კომისიამ იმსჯელა, მიანიჭა „სოფოს“ გამარჯვებულის სტატუსი და ხელშეკრულების მომზადებამდეც კი მივიდა საქმე.

სატენდერო კომისიამ ხელშეკრულების გაფორმების დღეს ჩართვალა საჭიროდ გადაემოწმებინა რა სახის პარტნიორული ურთიერთობა ქონდათ მათ. მათაც ხომ უნდა ჰქონდეთ ურთიერთობის რაღაც ფორმა დაწესებული? იმიტომ რომ შპს „სოფო“ როცა ჩემთან აფორმებს ხელშეკრულებას, ეს ხდება „ჰალან ჯგუფთან“ მოლაპარაკების საფუძველზე.დაგვაინტერესა, ჰქონდა თუ არა ინფორმაცია, რომ ლანჩხუთის ბაღებში შევიდოდა მისი პროდუქცია . მივწერეთ და მოგვივიდა ოფიციალური პასუხი. წერილში ნათლად წერია, რომ შპს „სოფოსთან“ არანაირი პარტნიორული ურთიერთობა არ აქვთ და ისინი არ აღებენ პასუხისმგებლობას ბაღებში ხორცის შეტანაზე. ამ პასუხის საფუძველზე მიიღო შპს „სოფომ“ დისკვალიფიკაცია.

ავტორი: სტატიის ავტორი;

© alion.ge 2015 წელი ყველა უფლება დაცულია.