ოზურგეთელი ლევან ქავჟარაძე, ახლახან რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაულ 63 კგ. წონით კატეგორიაში ბრინჯაოს პრიზიორი გახდა. ცოტა ხნით ადრე იგი ევროპის ჩემპიონია გახდა ახალგაზრდებს შორის.
დღეს ლევან ქავჟარაძეს, გურიის მხარისა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელები, სპორტსმენები ოზურგეთის სპორტის სასახლეში შეხვდნენ. გაზეთი „ალიონი“ ესაუბრა ევროპის ჩემპიონატის პრიზიორს:
_ ჩემს წარმატებებში დიდი წვლილი მიუძღვის ჩემს პირველ მწვრთნელს, ალიკა ბოლქვაძეს. ლიხაურში საჭიდაო სკოლა რომ გაიხსნა, სოფლის ახალგაზრდები ხშირად დავდიოდით და წვრთნებს ვესწრებოდით. შემდეგ მეც დავიწყე ვარჯიში, იმ დროს 12 წლის ვიყავი. ურიგოდ არ ვჭიდაობდი, მაგრამ გარკვეული ხნის შემდეგ გადავწყვიტე ვარჯიშისათვის თავი დამენებინა. ალიკა ბოლქვაძემ გადამაფიქრებინა _ მითხრა, რომ მე კარგი პერსპექტივა მქონდა, ოღონდ თავდაუზოგავი ვარჯიში და მონდომება მჭირდებოდა. ...სამწუხაროდ, ჩვენმა მწვრთნელმა ნაადრევად დატოვა წუთისოფელი. ..ალიკას დამსახურებაა ყველაფერი, რასაც მე მივაღწიე...შემდეგ ალიკას დაწყებული საქმე მისმა აღზრდილმა ბექა ჩოფლიანმა გააგრძელა. ახლა საქართველოს ნაკრების წევრი ვარ და იქ ასევე ოზურგეთელი გოჩა როყვა მწვრთნილს.. _ შენი წარმატებების შესახებ მოგვიყევი..
_რამდენჯერმე ვიყავი საქართველოს ჩემპიონი. 4 მედალი მაქვს ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატებიდან ახალგაზრდებს შორის. ევროპის ჩემპიონატებზე 2ვერცხლი,. მსოფლიო ჩემპიონატებზე ბრინჯაო...საერთაშორისო ტურნირებიდან შარშან კიევში გამართულ და წელს თებერვლის დასაწყისში სტამბულში „ემრე-კაპლანის“ საერთაშორისო ტურნირებში გამარჯვებას აღვნიშნავდი...
_ევროპის ჩემპიონატი დიდებს შორის როგორ წარიმართა?
_კარგად ვიასპარეზე. ნახევარფინალში მსოფლიო მოქმედ ჩემიონთან მომიწია შერკინება. ეროვნებით სომეხი სპორტსმენი რუსეთის სახელით გამოდიოდა. ასეთ დროს დიდი მნიშვნელობა აქვს გამოცდილებას. ალბათ შემეძლო მომეგო, მაგრამ ასე არ მოხდა. შემდეგ მე-3 ადგილისთვის ბრძოლაში პოლონელი სპორტსმენი დამაჯერებლად დავამარცხე და ბრინჯაოს პრიზიორი გავხდი.
_უახლოესი გეგმები როგორია..
_მსოფლიო ჩემპიონატისთვის უნდა მოვემზადო, შემდეგ შედეგიდან გამომდინარე დაიგეგმება პერსპექტივები.
ოზურგეთის სპორტის თავკაცებმა, გამოცდილმა სპორტსმენებმა გვითხრეს, რომ ლევან ქავჟარაძე ძალიან ძლიერი მოჭიდავეა და მისგან ოლიმპიადაზე წარმატებას ელოდებიან.
_დადგა დრო, ოზურგეთს მესამე ოლიმპიური ჩემპიონი ჰყავდეს
_გვითხრა ოზურგეთის სპორტულ-გამაჯანსაღებელი დაწესებულებების გაერთიანების უფროსის მოადგილე გოჩა კვირჩილაძემ. აღნიშნული დაწესებულების ხელმძღვანელმა გელა შაფაქიძემ კი გვითხრა, რომ იგი ლევან ქავჟარაძეს ჯილდოდ 3 ათას ლარს გადასცემს.