გაგრძელდება თუ არა მდინარე აჭისწყლის ხეობაში ქვიშა-ხრეშის მოპოვების სამუშაოები?

დამატებულია: 2019-04-24
picture1

შარშან, აგვისტოში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიხაურის მოსახლეობის პერნამენტულ აქციებს, მდინარე აჭისწყლის აუზში ინერტული მასალების მოპოვების შეწყვეტის შესახებ, რადგან იქ მომუშავე პირები ვანდალურად აოხრებდნენ ხეობას, წიაღისეულის ეროვნული სააგენტოს მიერ ქვა-ღორღის მოპოვების დროებითი შეჩერება მოჰყვა.

ლიცენზია შეუჩერდათ ინდმეწარმეებს „სალომე ვაშალომიძე,“ „ლავრენტი ქვილორია;“გარდა ამისა აჭისწყლის ხეობაში ინერტული მასალის მოპოვებზე ლიცენზიები აქვთ: ფიზიკურ პირებს: არჩილ კუნჭულიას, ბიჭიკო ანთაძეს; შპს „კავკას ცემენტს ჯორჯია“-ს (.http://alion.ge/?view=article&id=1040).

ლიხაურელთა პროტესტი ამით არ ამოწურულა და 2018 წლის 15 ნოემბერს სოფლის მოსახლეობამ ელექტრონული პეტიციით მიმართა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მდინარე აჭისწყლის აუზში ქვიშა-ხრეშის მოპოვების აკრძალვისა და საქართველოსეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წინაშე შესაბამისის შუამდგომლობის დაყენების თაობაზე.

საკრებულომ 2019 წლის 26 მარტს (#116) გაუგზავნა წერილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველ მოადგილეს, გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტოს უფროსს მაია ზავრაშვილს. სამინისტროს პასუხის გაცემის ვადა 26 აპრილამდე აქვს.

ამჯერად გთავაზობთ მასალებს თუ რა პრინციპით გაიცემოდა სსიპ გარემოს დაცვისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზია. მოვიყვანთ კონკრეტულ მაგალითს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან მაია ზავრაშვილის სახელზე გაგზავნილი ერთ-ერთი წერილიდან:

„მოგახსენებთ, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობამ განიხილა თქვენი 2017 წლის 12 ივნისის #21/6482 წერილით წარმოდგენილი მოთხოვნა, რომელიც შეეხებოდა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კვაჭალათის და ლიხაურის ადმინისტრაციულ ერთეულში მიმდებარე ტერიტორიაზე სასარგებლო წიაღისეულის (ქვიშა-ხრეში) მოპოვების ლიცენზიის გაცემის მიზანშეწონილების საკითხზე.

განხილვის შედეგად გაცნობებთ, რომ მოთხოვნილ ტერიტორიაზე სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის „სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს #136 დადგენილების შესაბამისად ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობა არ არის წინააღმდეგი ქვიშა-ხრეშის მოსაპოვებელი სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის თაობაზე“(#4631, 16.06. 2017 წ.)

აღნიშნული წერილის საფუზველზე გარემოს დაცვის ეროვნულმა სააგენტომ გასცა სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზია #1004362, რითაც მის მფლობელს 2022 წლის 21მარტამდე შეუძლია მდინარის აუზიდან ამოიღოს 100 500 კუბური მეტრი ქვიშა-ხრეში (ანალოგიური სქემით გაიცა სხვა ლიცენზიებიც).

2018 წლის 18 მაისს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიამ წერილით მიმართა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეს გიორგი ჩერქეზიშვილს კარიერებთან დაკავშირებით. გთავაზობთ ამონარიდს აღნიშნული წერილიდან: „ბიუჯეტში შემოსული მოსაკრებლების რაოდენობა მნიშვნელოვნად ჩამორჩება ამოღებული რესურსების რეალურად არსებულ ღირებულებას, რაც მონიტორინგით გამოვლინდა.

გთხოვთ მუნიციპალიტეტის სამსახურებთან ერთად შეისწავლოთ ტერიტორიაზე ბუნებრივი რესურსების მოპოვებით დამდგარი პრობლემები, გადაისინჯოს ლიცენზიით საქმიანობის კანონიერება და შექმნილი პრობლემების დარეგულირების მიზნით შეიცვალოს სალიცენზიო პირობები, ხოლო შემდგომში ლიცენზიის გაცემა განხორციელდეს მუნიციპალიტეტთან მჭიდრო თანამშრომლობის პირობებში“.

თუ რა რეაგირება გააკეთა სამინისტრომ, ეს გამოჩნდა ლიხაურელთა აგვისტოს აქციების დროს. სოფლის მოსახლეობის პროტესტის შედეგად შეჩერდა ბუნებაში ვანდალური ჩარევა. მოსახლეობამ შეიმუშავა პეტიცია და სამართლებრივი გზით დაიწყო ბრძოლა.

თუმცა დღეს გავრცელდა ინფორმაცია , რომ აჭისწყლის ხეობაში ერთ-ერთი ლიცენზიის მფლობელი შპს „კავკაზ ცემენტ ჯორჯია“ აპირებს კარიერის გახსნას.

_ერთ-ერთი ლიცენზიის მფლობელი „კავკაზ ცემენტს ჯორჯია“ აპირებს მდინარე აჭისწყლის ხეობაში კარიერის გახსნას და ქვიშა-ღორღის მოპოვების დაწყებას. მერია არ აძლევს ადგილმონაცვლეობას. დღეს გვინდოდა გუბერნატორთან და მერთან შეხვედრა. როგორც გვითხრეს, ორთავე თბილისში იმყოფება...ვრცელდება ხმები, თითქოს ლიხაურში გარკვეული პირები მიოსყიდეს და ქვიშა-ხრეშის მომპოვებლები თავისას გაიტანენ. ეს ასე არ არის, ლიხაურლები ერთად დადგებიან და არავის მისცემენ უფლებას მდინარე აჭისწყლის ხეობა კვლავ ააოხრონ _გვითხრა სოფელ ლიხაურის საჯარო სკოლის პედაგოგმა ირმა გორდელაძემ. გაზეთი „ალიონი“ აღნიშნული თემის კვლევას აგრძელებს.

ავტორი: სტატიის ავტორი;

© alion.ge 2015 წელი ყველა უფლება დაცულია.