უფასო პოლიტიკური რეკლამა
მმართველმა გუნდმა შუალედურ არჩევნებშიდეპუტატობის კანდიდატად ოზურგეთელებისთვის კარგად ნაცნობი ბავშვთა ექიმი დავით მდინარაძე წარადგინა. მდინარაძეს ანასეული-სერი- ექადიის ოლქში თხუთმეტამდე კონკურენტი ჰყავს. რას მიიჩნევს საკუთარ უპირატესობად, რა დაპირებებით მიდის ამომრჩეველთან და საერთოდ, რატომ გადაწყვიტა საარჩევნო მარათონში ჩართვა? ამ და სხვა კითხვებზე „ალიონს“ დავით მდინარაძემ უპასუხა.
როგორც ექიმს, ოზურგეთელებთან სამი ათეული წელია აქვს ურთიერთობა. გვეუბნება: „ახლა სულ სხვა ამპლუაში უნდა განვაგრძო მათი სამსახური“. -იმედოვნებს, რომ შეძლებს.
დავით მდინარაძე: ერთ-ერთი მიზეზი, რისთვისაც უნდა ამირჩიონ,ალბათ ის არის, რომ საკმაოდ დიდი ხანია ვემსახურები ოზურგეთის მოსახლეობას ჯანდაცვის კუთხით. ამ ხნის განმავლობაში ძალიან ბევრიადამიანი გავიცანი, ყველას მიმართ სითბო და სიყვარული გამაჩნია. მივიჩნევ, რომ ექიმი დაავადებაზე მარტო ვერასდროს ვერ გაიმარჯვებს თუ გვერდით პაციენტის მშობლები და გულშემატკივრები არ გიდგას. ჩვენ ერთობლივად ვახერხებთ მათი პრობლემების მოგვარებას.
- რატომგადაწყვიტეთ, რომ დეპუტატობისთვის გებრძოლათ?
- მე ვარ „ქართული ოცნების“ წევრი. იყო შემოთავაზება არჩევნებში მიმეღო მონაწილეობა. მე დავთანხმდი. თუ მიზეზებს ჩამოვთვლით, ეს არის ჩემი ქალაქის, ოზურგეთის, იმ ხალხის სიყვარული, რომელსაც წლების განმავლობაში ვემსახურები. ჩემი სურვილია კვლავ გავაგრძელო მათ გვერდით დგომა.
-როგორც დეპუტატობის კანდიდატი, რას პირდებით თქვენს ამომრჩეველს?
- ჩვენი საარჩევნო კამპანია ინტენსიურად მიმდინარეობს. ჯერჯერობით ყველა უბანი არ შემოგვივლია, მაგრამ ვხვდებით მოსახლეობას და ვიგებთ მათი პრობლემების შესახებ. თუ მომეცა საკრებულოს წევრობის , ამ პრობლემების მოგვარება იქნება ჩემი უპირველესი საზრუნავი. ყველაზე აქტუალური ინფრასტრუქტურული და სოციალური პრობლემებია.
-ეს შუალედური არჩევნებია. დღევანდელ საკრებულოს მცირე დრო აქვს უფლებამოსილების განსახორციელებლად. მოკლე დროში რამდენად შეძლებთ განახორციელოთ თქვენი გეგმები, უკეთესობისკენ შეცვალოთ საკრებულოს მუშაობა?
-ყოველ შემთხვევაში, ჩემგან მცდელობა იქნება. თუმცა,მივიჩნევ, რომ წელიწადნახევარი არც ისე პატარა დროა. მე ყველანაირად შევეცდები ადგილობრივი ხელისუფლების წინაშე იმ პრობლემების დაყენებას, რაც ხალხისთვის აქტუალურია, თუ რა თქმა უნდა, მოსახლეობა ჩემზე შეაჩერებს არჩევანს.
-რა გესახებათ, პირველ რიგში, გადასაჭრელ პრობლემად?
- ეს ნამდვილად არის წყალმომარაგება. მე ვიყავი საკრებულოს წევრი, ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო წყალმომარაგებაზე ფიქრი. არასამთავობოებთან ერთად, ჩამოვაყალიბეთ სტრატეგია. ეს პროცესი დღესაც მიმდინარეობს. იყო ნაბიჯები გადადგმული, მაგრამ ბოლომდეა საქმე მისაყვანი. ვიცი, რომ ანასეულში რეზერუარი კეთდება საიდანაც მოხდება წყამომარაგება.ტენდერი უკვე გამოცხადებულია. ამასთან ერთად ვხედავ, რომ ანასეულში ინფრასტრუქტურის კუთხით ძალიან ბევრი რამეა გასაკეთებელი. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობა ვნახე იმედაშვილის ქუჩაზე, რომელიც თითქმის ყველა წვიმის დროს ირეცხება და ნელ-ნელა უზარმაზარ პრობლემებს უქმნის მოსახლეობას.
-თუ იცნობთ სხვა კანდიდატებს, ვინ მიგაჩნიათ თქვენს რეალურ კონკურენტად?
- გულახდილად გეტყვით, მე ყველას პატივს ვცემ, როგორც ქართველი კაცი ქართველ კაცს. ყველას ვუსურვებ წარმატებას. დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე,მივიჩნევ, რომ „ევროპულ საქართველოს“ ცოტა მეტი შანსი აქვს.
- რატომ?
- იმიტომ, რომ ჯერჯერობით პოლიტიკურ ველზე „ევროპული საქართველო“ უფრო ჩანს და საკმაოდ აქტიურადაც. შედარებით პრესტიჟული პარტიაა. რა თქმა უნდა, დამოუკიდებლ კანდიდატებსაც აქვთ გამარჯვების რეალური შანსები. ისინიც საკმაოდ ცნობილი და წარმატებული ადამიანები არიან.
-როგორ შეაფასებთ წინასაარჩევნო გარემოს?
- მივიჩნევ,რომ საქართველომ ამ მხრივ სერიოზული ნაბიჯები გადადგა. თუნდაც ის, რომ თვითმმართველობის ბოლო არჩევნებზე რამდენიმე უბანზე გაიმარჯვა დამოუკიდებელმა კანდიდატმა, არჩევნების პროცესის დახვეწაზე, გაუმჯობესებაზე მეტყველებს.