„ჩემი ამოცანაა, საკრებულოში ხმამაღლა ვისაუბრო იმ პრობლემებზე, რომლებიც ადგილობრივ მოსახლეობას აწუხებს“

დამატებულია: 2019-05-04
picture1

უფასო პოლიტიკური რეკლამა

ოზურგეთის #60 საარჩევნო ოლქში, ექადია-ანასეული-სერის საარჩევნო უბნებში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გამოკლებული დეპუტატის ნაცვლად პოლიტიკური გაერთიანებიდან „ევროპული საქართველო _მოძრაობა თავისუფლებისათვის“ კენჭს იყრის კობა ზაქარეიშვილი. იგი წარმოშობით ჩოხატაურიდანაა, წინა ხელისუფლების დროს იყო ჩოხატაურის გამგებელი, საკრებულოს თავმჯდომარე.გაზეთი „ალიონის“ ჟურნალისტი დეპუტატობის კანდიდატს ესაუბრა:

_რატომ გადაწყვიტეთ დეპუტატობისთვის გებრძოლათ?

_ოზურგეთში, როგორც ყველგან მთელ საქართველოში ხალხი იმედგაცრუებულია. ოცნება ხალხს დაპირდა უკეთეს ცხოვრებას და სიღარიბის შემცირებას, რეალობა კი სულ სხვა არის - სიღარიბე იზრდება, ხალხს სულ უფრო უჭირს საკუთარი პირველადი მოთხოვნილებების დაკმაყოფილება. ამ ფონზე განსაკუთრებით გაუჭირდა გურიის რეგიონს. არ ხორციელდება ოზურგეთისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პროექტები, რომლებიც აუცილებელია ქალაქის ეკონომიკური გაძლიერებისთვის. ჩემი ამოცანაა, საკრებულოში ხმამაღლა ვისაუბრო იმ პრობლემებზე,რომლებიც ადგილობრივ მოსახლეობას აწუხებს და ოზურგეთელებს შევთავაზო პროექტები, რომლებიც გააუმჯობესებს მათ ყოფას. ქართულმა ოცნებამ ხალხი მოატყუა და 19 მაისს ოზურგეთში, ისევე როგორც მთელ საქართველოში უნდა გადაიდგას ნაბიჯი მათ გასასტუმრებლად.

_როგორც დეპუტატობის კანდიდატი, რას პირდებით ამომრჩევლებს?

_„გპირდებით“ _ეს სიტყვა იმდენად გაუფასურდა, ვცდილობ ჩემს სიტყვათა მარაგში ნაკლებად გამოვიყენო. დაპირებით ჩვენ ყველა ერთად ვცხოვრობთ უკვე რამდენიმე წელია. უბრალოდ გეტყვით, ვაპირებ მოსახლეობის პრობლემებზე და საჭიროებებზე ზრუნვას და დიდი პასუხისმგებლობის აღებას.

_თქვენ ხვდებით მოსახლეობას და ეცნობით მათ პრობლემებს. თქვენი აზრით, ამ პრობლემებიდან რომელია პირველ რიგში მოსაგვარებელი?

_მე დავდივარ კარდაკარ და ვხვდები ოზურგეთის მოსახლეობას. ადამიანები არიან იმედგაცრუებულები და აქვთ უამრავი პრობლემა. განსაკუთრებით გამოვყოფდი მათ სოციალურ მდგომარეობას, სიღარიბეს და უმუშევრობას.

_იცნობთ თუ არა სხვა კანდიდატებს და რომელი მიგაჩნიათ თქვენ რეალურ კონკურენტად?

_ჩემი მთავარი კონკურენტი ამომრჩევლის პრობლემებია. ზოგადად კი ყველა კანდიდატის მიმართ გამოვხატავ პატივისცემას, რადგან ჩვენ ყველას გვიყვარს ჩვენი ქვეყანა.

_როგორ შეაფასებთ წინასაარჩევნო გარემოს?

_ბოლო წლების არჩევნებით თუ ვიმსჯელებთ, ამ კუთხით დადებითი ტენდეციების მოლოდინი ნაკლებათ მაქვს, მაგრამ ჩვენ რისკები მაქსიმალურად დათვლილი გვაქვს და დაგარწმუნებთ,რომ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა წინასაარჩევნო გარემო იყოს მშვიდი, ხოლო არჩევნების დღეს მოსახლეობამ შეძლოს თავისუფლად გააკეთოს არჩევანი.

_ რატომ უნდა აირჩიონ ოზურგეთელებმა კობა ზაქარეიშვილი?

_თქვენს კითხვაზე, თუ რატომ უნდა დაგვიჭიროს მხარი მოსახლეობამ გიპასუხებთ, რომ ჩვენ წარმოვადგენთ იმ პასუხისმგებლიან გუნდს, რომელსაც აქვს ყველაზე დიდი გამოცდილება როგორ გაუმკლავდეს გამოწვევებს და გაატაროს შესაბამისი რეფორმები ქალაქისა და რეგიონის განვითარებისთვის.

ავტორი: ავტორი მარი კოძოევი;

© alion.ge 2015 წელი ყველა უფლება დაცულია.