ოზურგეთში ქართული ჩაის ფესტივალი გაიმართა. ფესტივალი მუნიციპალური პროექტის „ჩაის გზა“ ფარგლებში ჩატარდა, რომელიც ითვალისწინებს ქართული ჩაის პოპულარიზაციას, როგორც სამრეწველო, ასევე ტურისტული მიმართულებით. ჩაის მწარმოებლები იყვნენ გურიის რეგიონიდან,სამეგრელოდან(წალენჯიხა), იმერეთიდან (წყალტუბო, თერჯოლა,ტყიბული, ჭიათურა)..
ფესტივალის სტუმრებს საშუალება ჰქონდათ დაეგემოვნებინათ 20-მდე ქართული ჩაის მწარმოებელი საოჯახო მეურნეობების და საწარმოების პროდუქცია. ასევე წარმოდგენილი იყო ადგილობრივი თაფლის, მშრალი ხილის, ღვინის, თევზის და ყურძნის ნაწარმი.
„საქართველოს ორგანული ჩაის მწარმოებელთა ასოციაციის“ ორგანიზებით ჩატარდა ჩაის ოსტატთა საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი და კონფერენცია თემაზე _„ქართული ჩაის სამრეწველო და ტურისტული შესაძლებლობები“.
ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოში გაეროს მუდმივი კოორდინატორი და გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივი წარმომადგენელი ლუიზა ვინტონი, ჩეხეთის დელეგაცია, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები.
სტუმრებს ჰქონდათ შესაძლებლობა დაეთვალიერებინათ ეთნოგრაფიული კუთხე და დაეგემოვნებინათ ადგილობრივი ტრადიციული კერძები.