გომელები ბჟუჟზე ახალი ჰესის მშენებლობას აპროტესტებენ

დამატებულია: 2019-05-28
picture1

„რას შესძენს სახელმწიფოს 5-მეგავატიანი ელექტროსადგური იმასთან შედარებით, რას გადაუხდის მას ისეთს, რა ზიანსაც იგი ბუნებას მიაყენებს!“

22 მაისს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შემოქმედში (გომი) გურიის გუბერნატორი ზურაბ ნასარია ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.

თავდაპირველად მოსახლეობას სხვადასხვა სფეროში მიმდინარე სიახლეები გააცნეს,თუმცა, დარბაზში შეკრებილთ „ენერგეტიკული კორპორაციის“ მიერ მდინარე ბჟუჟის უნიკალურ ხეობაში ახალი ჰესის პროექტის გაცნობა უფრო აინტერესებთან, რასაც ისიც ადასტურებდა, რომ სოფელ გომის საჯარო სკოლის დარბაზში შეკრებილთ კითხვებიც კი არ დაუსვამთ გამოსვლელთათვის საკმაოდ მნიშვნელოვან საკითხებზე. გურიის გუბერნატორმა თქვა, რომ ის ჯერჯერობით არ იცნობს ჰესის პროექტს და მისი მშენებლობა ფართო განხილვისა და მოსახლეობის ჩართულობის გზით უნდა გადაწყდეს.

დარბაზში მსხდომთაგან რამდენიმეს აზრი იყო, რომ თუკი ჰესი სიკეთეს მოუტანს სოფელს, ის უნდა აშენდეს, უმეტესობა რადიკალურად არის განწყობილი და მიიჩნევენ, რომ ბჟუჟჰესის ქვემოთ, მდინარე ბჟუჟის უნიკალურ ხეობაში ჰესის მშენებლობა დიდ ზიანს მიაყენებს ფლორასა და ფაუნას, რის მაგალითი მდინარე კალუას ხეობაა, სადაც „ბჟუჟჰესის“ ამჟამინდელმა მფლობელებმა, ყოველგვარი განხილვისა და მოსახლოებასთან დიალოგის გარეშე, 2010 წელს მდინარეს კალაპოტი შეუცვალეს და ხეობას დიდი ზიანი მიაყენეს. იყო საუბარი ტურიზმის განვითარებასა და კაიაკინგის ევროპის ჩემპიონატზე.

_ იქ, სადაც კაიაკინგის ევროპის ჩემპიონატი ტარდება, რომელიც უკვე ტრადიციული გახდა. ბჟუჟის ხეობაში უამრავი ტურისტი ჩამოდის გერმანიიდან, ჩეხოსლოვაკიიდან, უკრაინიდან, რუსეთიდან და სხვა ქვეყნებიდან, რამაც სოფელს ახალი სიცოცხლე შემატა, ზუსტად იმ ადგილას ახალი ჰესის მშენებლობა ბჟუჟის ხეობისთვის უდიდესი დარტყმა იქნება. ჩვენ ვამაყობთ ჩვენი სოფლის ამ ხეობით, რომელსაც გაქრობა ელოდება, _აღნიშნა შემოქმედელმა ზაზა ზურაბიშვილმა. ბჟუჟის ხეობაში ახალი ჰესის აგებას ეწინააღმდეგება ადგილობრივი ესე მახარაძე, რომელიც გამოცდილი ენერგეტიკოსია და წლების განმავლობაში მუშაობდა ამ სისტემაში ქ. ოზურგეთის უბნის უფროსად.

_ რას შესძენს სახელმწიფოს ეს 5-მეგავატიანი ელექტროსადგური იმასთან შედარებით, რა ზიანსაც იგი ბუნებას მიაყენებს. საფრთხე მიადგება ფლორასა და ფაუნას, მთლიანად შეცვლის და დაამახინჯებს გარემოს, სოფლისთვის უნიკალურ ადგილს „ჩაქუხას“, _ემოციას ვერ მალავდა იგი.

_ არაფერს მისცემს ეს პროექტი სოფელს,გარდა ზიანისა, მაგრამ თუ მაინც გადაწყდა მისი აგება, ეს „ვაშლების“ ზემოთ უნდა მოხდეს _აღნიშნავდა გომელი თედო ბურჭულაძე.

_ იქნებ სოფელს სარგებელი მისცეს _ეს პოზიცია დააფიქსირა გომელმა გოგიტა ბურჭულაძემ.

ასევე ადგილობრივი ბეჟან მექვაბიშვილის აზრით, ხელისუფლება ამჟამად ერთ ჰესზე საუბრობს, თუ კი სოფელს დაითანხმებენ, მალევე გაირკვევა, რომ თურმე კიდევ სხვა ჰესებიც უნდა ააშენონ.

_მოსახლეობას ჰესიდან არანაირი სარგებელი არ ჰქონია_ თქვა მან. გურიის გუბერნატორმა შეახსენა მათ, რომ „ბჟუჟჰესი“ საბჭოთა პერიოდში აშენდა. იმ პერიოდში იქ დასაქმდა ადგილობრივი მოსახლეობა. შემდეგ ჰესს მიება საკონსერვო წარმოება; გაშენდა ვაშლების ბაღი, კიდევ რაღაცეები აშენდა. მოკლედ, რაღაც სიკეთე დარჩა სოფელს...

_2010 წელს რომ გაიყიდა, რა გააკეთა ახალმა მყიდველმა?_ შეეწინააღმდეგენ გუბერნატორს.

ზურაბ ნასარაია - ჩვენ უნდა ჩამოვაყალიბოთ რა მოთხოვნები გვაქვს მათთან.

გრიგოლ მახარაძე, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი:_ ჰესთან დაკავშირებით არის მცდარი წარმოდგენები, რაც მე არ მიკვირს. მოსახლეობის დიდი ნაწილს გამოცდილება მიღებული აქვს საბჭოთა პერიოდში და მაშინ მოქმედებდა ეს პრინციპი _ სოფელში თუ ასფალტის ქარხანა იყო, იქ ასფალტი იგებოდა. მაგალითად, ჩემს სოფელში, მთისპირში „ბახვიჰესის“ აგებისას, ორი მოლოდინი იყო _დასაქმების და დენის ტარიფის სიიაფის, რაც არ შესრულდა. მე მაინტერესებს თუ შეიძლება იურიდიულად, სამართლებრივად იცოდეს ამ ხალხმა,_ დენის ტარიფი იყოს განსხვავებული. ველოდოთ ასეთ სარგებელს?

ზურაბ ნასარაია: _მე დავიჭერ თქვენს პოზიციას, თუკი თქვენ გექნებათ საღი აზრი. ჩამოვწეროთ და ჩამოვაყალიბოთ, რა გვინდა. დენის ტარიფის დაკლება, თავში ვიტყვი, რომ არარეალურია.ისეთ თემაზე გავაკეთოთ აქცენტი, რომელიც გაკეთებადია, მოვითხოვოთ და შემდეგ დავდებთ..

თამაზ ტრაპაიძე, საია: _შეხვედრა, რომელსაც სამინისტროს წარმომადგენლები ჩაატარებენ, გასაგებია. ეს იქნება სავალდებულო შეხვედრა. უნდობლობა რომ აქვს მოსახლეობას, ესეც გასაგებია, მაგრამ მაინტერესებს თქვენი დამოკიდებულება სტანდარტებთან დაკავშირებით. საქართველოს კანონმდებლობით, წყლის მილებში მოქცევისას, მდინარის აუზში წყლის 10 პროცენტი უნდა დარჩეს. ამერიკული კანონმდებლობით კი - 30 პროცენტი. ჩვენთან ეს სტანდარტები არის შემცირებული. თუ ამერიკულ მოდელს გავითვალისწინებთ და მდინარის აუზში წყლის 30 პროცენტს დავტოვებთ, მაშინ არ მივიღებდით ისეთ შედეგს. ზურაბ ნასარაია: _როცა საუბარია ამ პროცენტზე, უნდა ვიცოდეთ რა რაოდენობის წყალს მოიხმარს ჰესი. თუ მილი ატარებს წამში 5 კუბს, იგი 8 კუბს ვერ გაატარებს და ეს წყალი დარჩება მდინარეში. აქ საუბარია, როცა მდინარეში არის წყლის ნაკლებობა, როცა მაგალითად არის 1,5 კუბური მეტრი. (ზაფხული, ზამთარი). ასეთ დროს ჰესი გაჩერდება.

ესე მახარაძე: _რას შვრება ჰესი, როცა წყლის მიწოდება მცირეა? ზურაბ ნასარაია: _ჰესი გაჩერდება.

ესე მახარაძე: _არა მგონია, ჰესი გააჩერონ.

ირმა გორდელაძე, მოძრაობა „გადავარჩინოთ გურიის მდინარეები“: _კომპანია, რომელიც ჰესის აშენებას აპირებს ამ მდინარეზე, დადებს დასკვნას, რომ ეკოლოგიას ზიანს არ მიაყენებს? სად მიაქვს გამომუშავებული ელექტროენერგია ინვესტორს? რა დარჩება სოფელს? სოფელს დარჩება კალაპოტშეცვლილი მდინარე. მცირე ჰესები იწვევს მიწათმოქმედების გაუარესებას., იწვევს ერთ სანაპიროზე ნესტის მომატებას, მეორე სანაპიროზე გვალვას. თევზების განადგურებას და ეკოლოგიურ კატასტროფას. არაფერი არ დაგრჩებათ თქვენ აქედან. ამ საქმეში თქვენი მხარადაჭერის იმედი გვაქვს.

ზურაბ ნასარია : _საგზაო დეპარტამენტი, წიაღის ზედამხედველობა, გარემოს დაცვა, საპატრულო, საშემოსავლო, სამხარეო ხელისუფლება ადგილობრივი მუნიციპალიტეტი ერთობლივად იმსჯელებს ამ კონკრეტული ჰესის აშენების თემაზე. პრობლემები წლების მანძილზე დაგროვდა. ახლა ეს პრობლემები უნდა მივიყვანოთ ბოლომდე. გოჩა ჭანიშვილი: _ ეს ისტორიული სოფელია. აქ ოჯახები საუკუნეებია ცხოვრობს.ზაფხულს აქ ატარებენ ქალაქში წასულებიც. კლიმატს შეცვლის. მე ამ სოფლის გულშემატკივარი ვარ.

ეს ჰესი ქვეყნის ენერგოსისტემას დიდს ვერაფერს მიუმატებს და ვერც დააკლებს. გვინდა ამ უნიკალურ ხეობაში ტურისტული ინფრასტრუქტურა განვითარდეს? დაწყებულია სერიოზული მსჯელობა. რისთვის?...

შეხვედრას კომპანია „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კომპანიის წარმომადგენელი, „ბჟუჟჰესის“ მენეჯერი თენგიზ გოგელია ესწრებოდა, თუმცა, იგი კამათში არ ჩაბმულა...

* * *

ვინ დგას ზემოთ დასახელებული კომპანიის უკან და რატომ ერიდებოდნენ შეხვედრაზე დავით ბეჟუაშვილის დასახელებას, ცოტა უცნაური გვეჩვენა.

ოფიციალურად დავით ბეჟუაშვილი საქართველოს მდიდარ ადამიანთა სიაში მეთოთხმეტეა და 300 000 დოლარადაა შეფასებული მისი ქონება. საქართველოდან თურქეთში ელექტროენერგიის ტრანზიტს ბეჟუაშვილის კუთვნილი კომპანია ახორციელებს. ეს შესაძლებელი გახდა მას შემდეგ, რაც „ბორჩხა-ახალციხის“ დამაკავშირებელი 400-კილოვოლტიანი ელექტროგადამცემი ხაზი ამოქმედდა.

2014 წლის 26 ნოემბერს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მიერ გამოცხადებულ აუქციონზე გამარჯვებულად „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კომპანია“ გამოცხადდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ბეჟუაშვილის ენერგოკომპანია წელიწადში საშუალოდ 2 მილიარდ კილოვატსაათს ჰყიდის თურქეთში, საიდანაც შემოსავალი 25 მილიარდ დოლარს აჭარბებს...

გასულ კვირაში „რადიო პალიტრა FM 103.9“-ში ვრცელი გადაცემა მიეძღვნა მცირე ჰესების თემას გურიაში, კერძოდ, სოფელ ზემო სურებში მდინარე სუფსასა და ბარამიძის წყალზე ახალი ჰესების აგების საკითხს. გადაცემაში საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ოზურგეთის ოფისის ხელმძღვანელი თამაზ ტრაპაიძეც ჩაერთო. გადაცემის მონაწილეები საუბრობდნენ საქართველოში ჰიდრორესურსების მკვეთრად შემცირების შესახებ, რომ იკარგება წყაროები, მჟავე წყლები, მილებში მდინარის გატარების გამო, გაქრობის საფრთხის ქვეშაა „სამეფო კალმახის“ უნიკალური ჯიში.

_ჰესების აშენება უნდა ექვემდებარებოდეს მკაცრად ჩამოყალიბებულ მეცნიერულ აზრს, _ამბობდა ბუნების დამცველი სოფიკო სოხაძე. გადაცემაში ითქვა, რომ არის მოსახლეობაზე ზეწოლის და მოსყიდვის ფაქტები, მოსახლეობის გადაბირება-დაშინების პროცესში კრიმინალური სამყაროს წარმომადგენლებიც ჰყავდათ ჩართული...ამაზე შესაბამისი შეტყობინება პოლიციას გაეგზავნა...

2018 წელს ევროპარლამენტმა რეზოლუციით დაამტკიცა ანგარიში საქართველოსთან ასოცირების ხელშეკრულების შესრულების მდგომარეობის შესახებ, რომელშიც, სხვა საკითხებთან ერთად, ყურადღება გაამახვილა გარემოს დაცვისა და ენერგეტიკის საკითხებზე. ევროპარლამენტმა დადებითად შეაფასა ის ფაქტი, რომ საქართველოს პარლამენტმა მიიღო „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი“. ამასთან, ევროპარლამენტმა მოუწოდა საქართველოს მთავრობას:

_ შეიმუშაოს ქმედითი ენერგეტიკული სტრატეგია, ხელი შეუწყოს განახლებადი ენერგიების ათვისებასა და ენერგოეფექტურობის გაუმჯობესების ღონისძიებებს;

_ გაზარდოს საზოგადოების მონაწილეობის დონე/ხარისხი გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღებისას;

_გააუმჯობესოს საქართველოს მიერ მრავალმხრივი გარემოსდაცვითი ხელშეკრულებებით აღებული ვალდებულებების შესრულების ხარისხი. მსოფლიოს მოწინავე ქვეყნები უარს ამბობენ ბუნებაში უხეშ ჩარევაზე და ელექტროენერგიის მიღების ალტერნატიულ წყაროებს ეძებენ. ამის მაგალითია გასულ ორშაბათს პრემიერ მინისტრ მამუკა ბახტაძის მიერ ქ. ქუთაისში მზის ენერგიის მოდულების წარმოების კომპანიის „აე სოლარის“ უახლოესი საწარმოს გახსნა, რომელიც ავტომატური რობოტიზებული კონვეირების მეშვეობით 500 მეგავატის მოცულობის წლიურ წარმადობას უზრუნველყოფს.

ამდენად გვესმის შემოქმედელთა (სოფელი გომი) ერთი ნაწილის კითხვის: „რას შესძენს სახელმწიფოს ეს 5-მეგავატიანი ელექტროსადგური იმასთან შედარებით, რა ზიანსაც იგი ბუნებას მიაყენებს!“

ავტორი: ნუგზარ ასათიანი;

© alion.ge 2015 წელი ყველა უფლება დაცულია.