გურიაში მსხვილფეხა პირუტყვის ვირუსული დაავადება ნოდულარული დერმატიტი გავრცელდა

დამატებულია: 2019-06-05
picture1

გაზეთ „ალიონის“ რედაქციას ოზურგეთის რამდენიმე სოფლის მაცხოვრებლებმა მსხვილფეხა პირუტყვის დაავადების შესახებ აცნობეს. სოფელ ნატანებში გვითხრეს, რომ ბოლო დღეების განმავლობაში რამდენიმე ძროხა ერთდროულად დაიღუპა. 

სურსათის ეროვნული სააგენტოს რეგიონული მართვის დეპარტამენტის გურიის რეგიონული სამმართველოს უფროსმა, ნინი შეწირული დაგვიდასტურა, რომ საქონლის დაავადების ფაქტს რამდენიმე სოფელში მართლაც ჰქონდა ადგილი, მაგრამ ნატანებში პირუტყვის სიკვდილიანობის შესახებ ჯერ მათთან ინფორმაცია არ შესულა. 

ნინი შეწირული, სურსათის ეროვნული სააგენტოს გურიის სამსახურის უფროსი: მაისის თვის შუა რიცხვებიდან იყო მომართვიანობა სოფლებიდან: ცხემლისხიდი, ვაკიჯვარი, მაკვანეთი. ვეტერინარების დაკვირვების შედეგად დადგინდა, რომ რამდენიმე ათეული სული საქონელი იყო დაავადებული. ეს არის დაავადება რომელიც ექვემდებარება ანტიბიოტიკოთერაპიას, მაგრამ მკურნალობა არ უნდა იყოს დაგვიანებული. დაავადება გავრცელებულია საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, მათ შორის ჩვენს მეზობლადაც. დაავადება პირველად ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში აღმოჩნდა, მასიურად იყო დაინფიცირებული ცხოველები. უკვე ორი წელია ტარდება პროფილაქტიკური ვაქცინაცია, მაგრამ იყვნენ სოფლები, რომლებიც ვერ ხედავდნენ ფაქტს, ჯერ საკუთარ თავზე არ ქონდათ გამოცდილი. მივდიოდით ასაცრელად და სოფელი გვიშვებდა უკან არ არის ჩვენთან ეს დაავადებაო. დღეს ფაქტი უკვე სხვაა. რეალური საფრთხე რომ დაინახეს, უკვე თვითონ ითხოვენ ვაქცინაციას. სადაც შარშან ვაქვინაციაზე უარი განაცხადეს, ზუსტად იმ სოფლებში დაფიქსირდა წელს ავადობა. 18 შემთხვევიდან, რომელიც ოზურგეთში დაფიქსირდა, აბსოლუტურად ყველა იყო არავაქცინირებული. ვაქცინის გაკეთება ნიშნავს იმუნიტეტს. ვეტერინარია უშვებს 1-2 პროცენტს, რომ შეიძლება ვაქცინირებულსაც დაემართოს დაავადება, თუმცა იქ სიკვდილიანობა არ არის და ადვილად ექვემდებარება მკურნალობას.

ყველა ვაქცინას, როგორც ცხოველებში ასევე ადამიანებში აქვს გვერდითი ეფექტი და დაცვის და მოხმარების პირობები. ამ კონკრეტული ვაქცინის შემთხვევაში ორი კვირის განმავლობაში არ უნდა მივიღოთ რძის პროდუქტები და რა თქმა უნდა არ უნდა მოხდეს საქონლის დაკვლა და ხორცის მირთმევა. უკვე დაავადებულის განკურნების შემდეგ, როცა საქონელს ყველა სიმპტომი გაუქრება, შეიძლება რძის პროდუქტების მოხმარება. რაც შეეხება სიმპტომებს დაავადებული ცხოველი ცუდი შესახედია და შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს პრობლემა. პირველი გამონაყარი ეწყება კისრის ქვემოდან, შემდეგ უკვე მოეფინება მთელ ტანზე. 

მოვუწოდებ მოსახლეობას, დაავადებაზე ეჭვის გაჩენის შემთხვევაში მოგვმართონ ჩვენ ან კერძო ვეტექიმს. იმ სოფლებში სადაც დაავადება ფიქსირდება, შევდივართ და იმავე დღესვე იძულებითი ვაქცინაციით ანუ ვატარებთ არაგეგმიურ ვაქცინაციას. 

ცნობისთვის, ნოდულარული (კვანძოვანი) დერმატიტი არის მსხვილფეხა პირუტყვის ვირუსული დაავადება . იგი ცნობილია როგორც ძნელად აღმოსაფხვრელი დაავადება ვაქცინის გარეშე. იგი შეიძლება ფატალურად დასრულდეს. დაავადება ვრცელდება მწერის ნაკბენით და ახასიათებს კვანძოვანი გამონაყარი კანზე. დაავადების აღმოჩენის შემთხვევაში ტარდება ძლიერი ანტიბიოტიკური თერაპია.

ავტორი: ავტორი მარი კოძოევი;

© alion.ge 2015 წელი ყველა უფლება დაცულია.