რა ხდება სუფსა-ნატანების ხეობებში და რა ეკოლოგიური პრობლემები ელოდება რეგიონს

დამატებულია: 2019-06-10
picture1

წიაღის მართვის ეროვნულ სააგენტოს 2018-2019 წლებში გურიის რეგიონში ინერტული მასალის მოპოვების გამო გარემოზე ზემოქმედების შედეგების საექსპერტო დასკვნა არ გააჩნია

რეგიონის მდინარეთა აუზებში ქვიშა-ხრეშის მოპოვება შესაბამისი წესების დარღვევით რომ ხდება, ამაზე ბევრი დაიწერა ადგილობრივ პრესაში. რამდენიმე სოფელში ადგილობრივი მოსახლეობის საპროტესტო აქციებიც გაიმართა, თუმცა ჯერ-ჯერობით მხოლოდ მდინარე აჭისწყლის ხეობაში შეწყდა ქვიშა-ხრეშის მოპოვება.

ამ თემაზე ოზურგეთში ომბუდსმენის სტუმრობისასაც იყო საუბარი.

_მდინარეების ხეობები ნადგურდება, რადგან არანაირი ყურადღება არ ექცევა, თუ როგორ უნდა მოხდეს ინერტული მასალის ამოღება და შემდეგ ტრანსპორტირება. საშინელ მდგომარეობაშია საავტომობილო გზები და ამის მიმართ სახელმწიფო გულგრილია_აღნიშნა თავის გამოსვლაში საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ოზურგეთის ოფისის ხელმძღვანელმა თამაზ ტრაპაიძემ.

_ლიხაურში, აჭისწყლის ხეობაში რომ შევიდა ექსკავატორები, მოსახლეობამ უკვე იცოდა, რა ხდებოდა გურიის მდინარეების ხეობებში და ამიტომ დადგა მტკიცედ ხრეშის უთავბოლო მოპოვება შეაჩერა. ცალკე თემაა ლიცენზიების მოპოვების საკითხი, თუ როგორ ხდება და შემდეგ როგორ გამოიყენება, ამის შესახებ მოსახლეობას ინფორმაცია არ აქვს. იგებენ მას შემდეგ, როცა მის სახლთან ახლოს დადგება ტრაქტორი და იწყებს მუშაობას.

ნებართვა რომ გაიცა ინერტული მასალის მოპოვებაზე, ამის თაობაზე მოსახლეობა ინფორმირებული და პროცესებში ჩართული უნდა უნდა იყოს _ეს ყველაზე საუკეთესო მონიტორინგია _აღნიშნა ტრაპაიძემ. კარიერების თემაზეც იმსჯელეს სოფელ ლიხაურშიც.

_„ჩვენ არ ვართ ქვიშა-ხრეშის მოპოვების წინააღმდეგი, მაგრამ ვითხოვთ იმ კატასტროფული ქმედების აღკვეთას,რაც ლიცენზიების კანონიერად თუ უკანონოდ გაცემას ახლავს. ნატანის ამოღება დასაშვები ნორმით უნდა ხდებოდეს და ამაზე არავინ არ ფიქრობს. ოღონდ შევიდეს მდინარეში და ფული „აკეთოს“ და თუნდაც დაიქცეს ქვეყანა.ე.წ. „შავი სამყაროს“ წარმომადგენლები განაგებენ „ზონებს.“ ნადგურდება ხეობები, სოფლებში შრება ჭები, ვითარდება მეწყერული პროცესები, გვიახლოვდება ეკოლოგიური კატასტროფა.

ჩვენ შევიმუშავეთ ელექტრონული პეტიცია კარიერების თემაზე, რომ საკრებულოს ეშუამდგომლა შესაბამისი სამინისტროს წინაშე.

ის, რაც ხდება გურიის მდინარეებში, ეს არის კრიმინალი, ლიცენზიებზე ადგილობრივი თვითმმართველობისაგან 2015-2017 წლებშია გაცემული თანხმობები. მარტო „კავკასუს ჯორჯიან ცემენტს“ 150 ათასი კუბური მეტრის გატანაზე ჰქონდა ლიცენზია..ეს არ არის ქვიშა-ხრეშის მოპოვება კეთილი მიზნებისათვის. ჩვენს სახელმწიფოს ევროკავშირთან ხომ აქვს ხელშეკრულება, სადაც მითითებულია, რომ მოსახლეობა ყოველმხრივ ინფორმირებული უნდა იყოს ?! დარღვევულია ამ მოსახლეობის უფლებები. ჩვენი მოთხოვნაა, სანამ სერიოზული დასკვნა არ დაიდება, რომ საფრთხე არ არის, არ ამოქმედდეს არც ერთი ლიცენზია. ამასთანავე ქვიშა-ხრეშის მოპოვებისას მოხდეს კონტროლი. თუ ასე არ მოხდება, მოსახლეობა სერიოზულ საპროტესტო აქციებს დაიწყებას“ _თქვა ლიხაურის საჯარო სკოლის პედაგოგმა, მოძრაობა „გადავარჩინოთ გურიის მდინარეები“ ერთ-ერთმა აქტივისტმა ირმა გორდელაძემ.

ომბუდსმენ ნინო ლომჯარიას ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატი ლევან მგელაძე ესაუბრა: _„გმირულად დადგა ეს სოფელი, პროცესი დროებით მოგვარდა, მაგრამ დარჩა ლიცენზიები. წიაღის ეროვნული სააგენტო ჩაკეტილი ორგანიზაციაა. რა უნდა ვილაპარაკოთ, როცა ექვსაათიან აუქციონებს ატარებენ. გროშებად იყიდება ლიცენზიები, მერე მისი მფლობელები უზარმაზარ თანხებად ყიდიან. კონტროლი მოშლილია, თუ რა რაოდენობის ტვირთი უნდა წაიღოს, ან მდინარის კალაპოტს რა მოუვა, ან გზას.ყველა ხიდი დაზიანებულია. ლიზენზიების გაცემაზე მკაცრი კონტროლი უნდა დაწესდეს.“

როგორც სოფელ ლიხაურში ითქვა, უპირველესი გურიის მდინარეების გადარჩენაა, რომლის წინ არცერთი პრობლემა არ დგას, რომლის ირგვლივ სოფელი გაერთიანებულია და ელოდებიან როგორც სამთავრობო ორგანოების, ისე სახალხო დამცველის მტკიცე თანადგომას. ლიხაურელებმა სახალხო დამცველისაგან გვერდში დგომის პირობა მიიღეს.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ოზურგეთის მომავლისათვის“თავმჯდომარე ლევან მგელაძემ საკრებულოს ბიუროს სხდომაზე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საზღვრებში არსებულ ქვიშა-ხრეშის მოპოვებასთან დაკავშირებული პრობლემების შესწავლის მიზნით, დამოუკიდებელი სამუშაო ჯგუფის შექმნა ითხოვა, რასაც ხმაური და შემდეგ დებატები მოჰყვა.

ლევან მგელაძეს საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ღურჯუმელიძემ უპასუხა, რომ ასეთი სამუშაო ჯგუფის შექმნის უფლება საკრებულოს არ აქვს და მათ კომპენტენციაში არ შედის, რომ საკრებულოში მუშაობს კომისიები და საკრებულომ წიაღის ეროვნულ სააგენტოში გაგზავნა ამ პრობლემის შესახებ წერილი, რომლის პასუხიც მიიღეს.

„ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს, ბატონ დავით დარჩიას

ბატონო დავით,თქვენი 2019 წლის 26 მარტის #116 წერილის პასუხად, რომელიც შეეხება მდინარე აჭისწყლის ხეობაში ქვიშა-ხრეშის მოპოვების აკრძალვის საკითხს, გაცნობებთ შემდეგს: როგორც თქვენთვის ცნობილია, სსიპ -წიაღის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტების მიერ, არაერთგზის განხორციელდა ადგილზე ვიზუალური შეფასება დათვალიერება, ასევემ რეგულარულად მიმდინარეობს სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიების პირობების შესრულების მდგომარეობის შესწავლა და სალიცენზიო პირობების დარღვევის ფაქტების გამოვლენისას კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება.

ზოგადად, მდინარეების ჭალა-კალაპოტებში სასარგებლო წიაღისეულის (ქვიშა-ხრეშის) ყველა ლიცენზია გაცემულია ჭარბ აკუმულაციურ უბნებზე, რაც დაფიქსირებულია ლიცენზიების გაცემამადე შედგენილ გეოსაინფორმაციო პაკეტში. საქართველოში მოქმედი სამთო საქმიანობის წესების და ნორმების დაცვით მათი ამოღება და კალაპოტის გასწორხაზოვნება ხელს უწყობს მდინარეების ჰიდროდინამიკური სიტუაციის გაჯანსაღებას, კალაპოტის გამტარუნარიანობის გაზრდას და პრობლემების მინიმუმადე შემცირებას. ანუ, რიგ შემთხვევაში, კერძოდ, ჭარბი აკუმულაციური უბნის არსებობისას აუცილებელია ინერტული მასალის ამოღება, რათა თავიდან იქნას აცილებული საშიში გეოლოგიური პროცესების ჩასახვა-განვითარება (ღვარცოფული და ეროზიული მოვლენები), რომელიც საფრთხეს შეუქმნის ადგილობრივი მოსახლეობის საკარმიდამო ნაკვეთებს და მიწის სავარგულებს.

ასევე გაცნობებთ, რომ ყველა ცალკეული სალიცენზიო ობიექტი შეთანხმდება ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მერიასთან და შესაბამისად ექნებათ თავიანთი პოზიციის დაფიქსირების შესაძლებლობა. პატივისცემით, სსიპ წიაღის ეროვნული სააგენტოს უფროსი მაია ზავრიშვილი (#22/3652, 28 მაისი, 2019 წ.)

ჩვენ ვერ შევედავებით სპეციალისტებს თეორიულ ნააზრევში, მაგრამ რეგიონის პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ მდინარე სუფსის, ნატანების, ბჟუჟის ხეობებში უკვე ათეულობით ჰექტარი მიწის ნაკვეთები და სავარგულები წაართვა ადგილობრივ მოსახლეობას მდინარეებმა ქვიშა-ხრეშის მომპოვებელი კომპანიების გააქტიურებული საქმიანობის შედეგად. საინტერესოა საქართველოს მთავრობის 2013 წლის #445 დადგენილების გაცნობა „საქართველოს მცირე მდინარეების წყალდაცვითი ზოლების (ზონების) შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“. აღნიშნული დადგენილების ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისად მცირე მდინარეთა (75 კმ-ზე ნაკლები სიგრძის) წყალდაცვით ზოლად (ზონად) ითვლება მდინარის მიმდებარე ტერიტორია, სადაც სპეციალური რეჟიმია წყლის რესურსის დასაცავად დაბინძურების, დანაგვიანების, მოლაშვრისა და დაშრეტისაგან. (მუხლი 1.3).

მცირე მდინარეების წყალდაცვითი ზოლის (ზონის) სიგანე აითვლება მდინარის ორივე მხარე მეტრებში მოცემული წესით:

ა) 25 კმ-მდე სიგრძის მდინარეებისათვის -10 მეტრი;

ბ) 50 კმ-მდე სიგრძის მდინარეებისათვის _20 მეტრი;

გ) 75 კმ-დე სიგრძის მდინარეებისათვის _30 მეტრი;

75 კილომეტრზე მეტი მდინარეების წყალდაცვითი ზოლები მერყეობს 30-დან 50-მდე მეტრის ფარგლებში.

მუხლი 2. მცირე მდინარეთა ნაპირებზე წყალდაცვითი ზოლის (ზონის) ფარგლებში აკრძალლულია:

ზ) ინერტული მასალებისადა სხვა წიაღისეულის მოპოვება, გარდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შემთხვევებისა.

გადავხედოთ რეგიონის იმ მდინარეების სიგრძეს, სადაც ქვიშა-ხრეშის მოპოვებზე ლიცენზიების გაცემული:

მდ. აჭისწყალი _21 კმ; მდ. ბჟუჟი_ 32,5 კმ; მდ. ბახვისწყალი _42 კმ; მდ. ნატანები _60 კმ; მდ. სუფსა _108 კმ.

საკრებულოს ფრაქცია „ოზურგეთის მომავლისათვის“ თავმჯდომარე ლევან მგელაძემ გასულ ოთხშაბათს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომის ბოლოს საკრებულოს ხელმძრვანელებს და დეპუტატებს მიმართა:

_„ ჩვენმა ფრაქციამ წერილით მომართა საკრებულოს ქვიშა-ხრეშის მოპოვებასთან დაკავშირებულ პრობლემებზე,იმ სიტუაციასთან დაკავშირებით,რაც მდინარეების ხეობებში ხდება, რაც მოსახლეობას პრობლემებს უქმნის. უნდა მოგვეწვია დამოუკიდებელი ექსპერტები, ამ საქმის მცოდნეები, გარემოს დამცველები და უნდა შეგვესწავლა ის სიტუაცია, რაც ხდება მუნიციპალიტეტში. აქ უნდა ჩაერთოს აუცილებლად სამართალდამცავები, გარემოს დამცველები, საგადასახადო სამსახურები, რომ ეს პრობლემა იქნებ მოგვარდეს.

აქ მარტო პრობლემაზე არაა საუბარი, ნატანის რაოდენობის ათვლაზე, რამდენი გადის ინერტული მასალა ტერიტორიიდან, რა ზიანი მიადგა ბუნებას და გარემოს, რა ეკოლოგიური საფრთხე შეუქმნა ჩვენს რეგიონს და ა.შ. ჩვენი ფრაქციის დიდი სურვილი იყო, შეგვექმნა შესაბამისი კომისია, მაგრამ ბიუროს სხდომაზე თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ღურჯუმელიძემ დაასაბუთა, რომ საკრებულოს კომპენტეციაში არ შედის ქვიშა-ხრეშთან დაკავშირებული პრობლემების შესწავლა. ბიურომ გადაწყვიტა, რომ ეს საკითხები გადასულიყო შესაბამის კომისიებში განსახილველად. იმედი მაქვს დეპუტატების აქტიურობის, განსაკუთრებით იმ ტერიტორიული ერთეულების მაჟორიტარების, სადაც ეს პრობლემა არსებობს. ასევე, ამ პროცესში სამოქალაქო სექტორი -არასამთავრობო ორგანიზაციები ჩაერთვებიან.

ყველამ კარგად ვიცით, 8 გარემოსდამცველი სამართალშია მიცემული. იმედია, საკრებულო ზემოთჩამოთვლილ პრობლემებზე გაამახვილებს ყურადღებას და მოსალოდნელ საფრთხეს ააშორებს ჩვენს რეგიონს _აღნიშნა ლევან მგელაძემ.

წიაღის ეროვნულ სააგენტოს წერილით სამოქალაქო მოძრაობა „გადავარჩინოთ გურიის მდინარეები“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა მიმართა, რაზედაც სააგენტომ (#22/275) 6 ივნისს გასცა პასუხი:

„გაცნობებთ, რომ წიაღის ეროვნული სააგენტო სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემამდე, ვიზუალური შეფასებით და გეოლოგიურ ფონდურ მასალებზე დაყრდნობით, ამზადებს გეოსაინფორმაციო პაკეტს, რომლის შემუშავების ერთ-ერთ მიზანს წარმოადგენს სალიცენზიო ფართობზე არსებული რისკების შეფასება. აღნიშნული დოკუმენტით ხდება ობიექტის გეოლოგიური პოზიციის დახასიათება, წიაღითსარგებლობის ობიექტის ექსპლუატაციის პროცესში მოსალოდნელი გეოდინამიკური გართულების თაობაზე ინფორმაციის ასახვა და სახვა ისეთი საკითხების იდენფიცირება, რომლებიც გულისხმობს წიაღიეულის მოპოვებით გამოწვეული რისკების შეფასებას და მიმართულია გარემოზე პოტენციური უარყოფითი ზემოქმედების თავიდან არიდებისაკენ. ამასთანავე, სააგენტო ახორციელებს სალიცენზიო პირობების შესრულების კონტროლს.

ხოლო რაც შეეხება თქვენს მოთხოვნას _2018-2019 წელს ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტების მომართვის საფუძველზე ინერტული მასალის (ქვიშა-ხრეშის) მოპოვების გამო ბუნებრივ გარემოზე ზემოქმედების შედეგების შესწავლის საექსპერტო დასკვნებს, გაცნობებთ, რომ ასეთი სახის დასკვნები სააგენტოს არ გააჩნია.“

ავტორი: სტატიის ავტორი;

© alion.ge 2015 წელი ყველა უფლება დაცულია.