დღეს, სურსათის უვნებლობის ეროვნული სააგენტოს გურიის რეგიონული სამმართველოს ახალი უფროსი შალვა პეტრიაშვილი ოზურგეთში ჩამოვიდა. თავდაპირველად იგი სოფელ მერიაში, მექანიზაციის ცენტრში, აჭარა-გურიის რეგიონის ფაროსანასთან ბრძოლის შტაბში მივიდა, სადაც არსებული ტექნიკა გადაიბარა, შემდეგ კი სურსათის ეროვნული სააგენტოს გურიის სამხარეო სამმართველოს ოფისში მივიდა.
თავდაპირველად სამმართველოს წინ შევხდით.კომენტარზე უარი განაცხადა და პრესსამსახურისკენ გადაგვამისამართა, თუმცა გვითხრა, რომ იგი აქ მოსვლამდე სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის სამმართველოში მუშაობდა უფროს ინსპექტორად. მანვე გვითხრა, რომ ხვალ სურსათის უვნებლობის სააგენტოს უფროსი ზურაბ ჩეკურიშვილი ჩამოვა და ალბათ ჩემი წარდგენაც იქნებაო.
დღის ბოლოს ცნობილი გახდა, რომ ზურაბ ჩეკურიშვილი ოზურგეთში დღესვე ჩამოვიდა სურსათის სამმართველოს ოფისში ადგილობრივ სტაფს შეხვდა. თუმცა ეს შეხვედრა ძალიან ცოტა ხანს გაგრძელდა. ჩეკურიშვილი ბათუმში გაემგზავრა სხვა შეხვედრაზე.ადგილობრივი მედია ჩეკურიშვილს არ შეხვედრია.
ამჯერად შალვა პეტრიაშვილმა გაზეთ „ალიონთან“ კომენტარი გააკეთა: _ბატონი ზურაბი დღეს ჩამოვიდა და თანამშრომლებთან ერთად გაიმართა შეხვედრა. სამომავლო გეგმებზე ვისაუბრეთ. ხვალ ბატონი ზურაბი გურიის გუბერნიაში გამართავს პრეზენტაციას.
ფაროსანასთან ბრძოლა გაგრძელდება, პრესას პერიოდულად მოგაწვდით ინფორმაციას. ყველაფერი იქნება გამჭირვალე _გვითხრა პეტრიაშვილმა.
მან ამ თანამდებობაზე ნინი შეწირული შეცვალა. საზოგადოებისთვის უცნობია, რა გახდა ამ გადაწყვეტილების მიღების მიზეზი. შეწირულს ერთ-ერთ წარმატებულ ხელმძღვანელად იცნობდნენ. ნინი შეწირულს ჯერ-ჯერობით მედიასთან ამ თემაზე არ უსაუბრია.