რა ხდება სეს-ის გურიის სამმართველოში და რატომ დატოვა თანამდებობა ნინი შეწირულმა?

დამატებულია: 2019-06-25
picture1

ალიონი. გასულ კვირაში, გავრცელდა ინფორმაცია, რომ თანამდებობა დატოვა საქართველოს სურსათის ეროვნული სააგენტოს გურიის სამმართველოს უფროსმა ნინი შეწირულმა. იგი იმავდროულად ფაროსანასთან ბრძოლის აჭარა-გურიის შტაბის მონიტორინგის სამსახურს უძღვებოდაა და წარმატებულ ხელძღვანელად ითვლებოდა. მიუხედავად იმისა, რომ შეწირული სამსახურიდან წასვლის შესახებ მედიასთან კომენტარს არ აკეთებს, რედაქციის მიერ მოპოვებული ინფორმაციით, მის მიერ თანამდებობის დატოვება ფაროსანასთან ბრძოლის აჭარა-გურიის შტაბის ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს უკავშირდება.

სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი ზურაბ ჩეკურიშვილი 17-18 ივნისს 2-ჯერ ჩამოვიდა ოზურგეთში, შეხვდა სეს-ის გურიის სამმართველოს თანამშრომლებს, წარუდგინა სამმართველოს უფროსის მოვალეობის შემსრულებელი შალვა პეტრიაშვილი და ორჯერ გადაუხადა მადლობა სამსახურის ყოფილ უფროსს ნინი შეწირულს, 18 ივნისს კი _სამმართველოში შემოწმებაზე სურსათის ეროვნული სააგენტოს აუდიტის დეპარტამენტი შევიდა. აუდიტის სამსახურის უფროსი დავით ბეჟაშვილი დახურულ კარს მიღმა სეს-ის გურიის სამმართველოს თანამშრომლებს შეხვდა.

როგორც გვითხრეს, შეხვედრის მიზანი თანამშრომელთა გაფრთხილება იყო.

_თუკი რაიმეს ვიტყვით სამსახურში მიმდინარე პროცესებზე, სამსახურიდან დაგვითხოვენ. რაც ხდება აქ, იმედია ჩვენი მინისტრი ლევან დავითაშვილი გაიგებს. გვაპატიეთ, მეტს ვერაფერს გეტყვით. ჩვენს უკან ოჯახები დგას _გვითხრა ერთ-ერთმა თანამშრომელმა. თუ რა არ უნდა თქვან თანამშრომლებმა, ის, რომ ფაროსანასთან ბრძოლის აჭარა-გურიის შტაბში წელს საჭიროზე მეტი ტექნიკა მუშაობდა და შესაბამისად წამლის ხარჯიც მეტი იყო, თუ გურიის რეგიონში მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ვირუსული დაავადება _ნოდულარული დერმატიტის ეპიდემიის შესახებ _ამაზე სანდო წყაროს ვესაუბრეთ.

_ საქონლის დააავადებაა შემოსული, სააგენტომ სათანადო თადარიგი ვერ დაიჭირა, ეპიდემიაზე ნოდუკარულის ვაქცინის საჭირო მარაგი არ აქვთ და ნოდულარული დერმატიტი რეგიონს მოედო, აღრიცხულია დაავადებული 130 პირუტყვი. მომართვიანობის დაგვიანების გამო 20 გარდაიცვალა. დაავადება სწრაფად ვრცელდება. მეცოდებიან მათი მეპატრონეები _გვითხრა ერთ-ერთმა სპეციალისტმა.

სეს-ის გურიია სამმართველოს უფროსი შალვა პეტრიაშვილი მედიასთან ურთიერთობას აპრობირებული მეთოდით _პრესსამსახურის საშუალებით აპირებს.

_უფროს ინსპექტორად ვმუშაობდი სეს-ის თბილისის საამმართველოში. _გვითხრა მან.

პეტრიაშვილისაგან განსხვავებით მედიის კითხვებს უპასუხა საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენელმა, ფაროსანასთან ბრძოლის აჭარა-გურიის შტაბის უფროსს გოჩა ჯობავამ.

_ამჟამად თერმული ნისლით წერტილოვანი დამუშავება მიმდინარეობს. მონიტორინგის ჯგუფი არჩევს თერმული ნისლით დასამუშავებლად პრიორიტეტულ სოფლებს, სადაც ამის საჭიროებაა. ყოველი დღის ბოლოს მონიტორინგის ჯგუფი არჩევს კრიტიკულ სოფლებს. ამჟამად 15-მდე თერმული შესხურების ავტომობილი და 13-მდე ტრაქტორი კი ცივ შესხურებაზე მუშაობს.

_ბატონო გოჩა, როგორც ჩანს, ამჟამად არ იყო ამადენი ტექნიკის საჭიროება და თქვენი სპეცტექნიკის ნაწილი კახეთის რეგიონში გაიგზავნა კალიების გასანადგურებლად.

_კი, 4 ერთეული ტექნიკა გავაგზავნეთ კახეთის რეგიონში _გვითხრა ჯობავამ.

ნინი შეწირულსა და გოჩა ჯობავას შორის უთანხმოებაზე თერმული ნისლით შესაწამლი ერთ-ერთი ავტომანქანის მძღოლი გაგვენდო.

_ სეს-ის გურიის სამმართველოში მიმდინარე პროცესები რამდენიმე დღის წინ, ფაროსანასთან ბრძოლის შტაბში მომხდარ ინციდენტს უკავშირდება. სეს-ის გურიის სამმართველოს ყოფილ უფროს ნინი შეწირულსა და ფაროსანასთან ბრძოლის აჭარა-გურიის შტაბის ხელმძღვანელობასთან უთანხმოება იყო, რამაც ქალბატონ ნინის პროტესტი და თანამდებობიდან წასვლა გამოიწვია. ისე ჯობავას კონფლიქტი სხვებთანაც ჰქონდა. _ გვითხრა მან.

ჩვენ სამსახურიდან გათავისუფლებული მძღოლების ჯგუფების უფროსებსაც დავუკავშირდით, თუმცა ა.ს-მ კომენტარისაგან თავი შეიკავა, ხოლო გ. მ-ძემ ჩვენს ზარებს არ უპასუხა.

რაც შეეხება თავად გოჩა ჯობავას, მან ამ თემაზე კომენტარისაგან თავი შეიკავა.

_ძალიან გთხოვთ, მე ამ თემაზე ვერ გიპასუხებთ. მე ვიცავ იერარქიას _მიმართეთ პრესცენტრს _გვითხრა მან...

დავინტერესდით ნინი შეწირულის კვალიფიკაციით: იგი სურსათის ექსპერტია _საქონელმცოდნე.. აქვს შესაბამისი კვალიფიკაცია მეცხოველეობაში. დამთავრებული აქვს მაგისტრატურა და დოქტორანტურა კვების უსაფრთხოებაზე.

_ნორმალური კადრი იყო, ნორმალური თანამშრომელი. მან თავისი სურვილით დაწერა განცხადება სამსახურიდან წასვლის შესახებ. დანარჩენზე პრესსამსახურს დაუკავშირდით -გვითხრა სურსათის უვნებლობის სააგენტოს უფროსის მოადგილე გიორგი იაკობაშვილმა.

ავტორი: სტატიის ავტორი;

© alion.ge 2015 წელი ყველა უფლება დაცულია.