ფრაქცია „ოზურგეთის მომავლისათვის“ წევრებმა საკრებულოს სხდომა დატოვეს

დამატებულია: 2019-06-25
picture1

დღეს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართა, სადაც განცხადება გააკეთა ფრაქცია „ოზურგეთის მომავლისათვის“ თავმჯდომარე ლევან მგელაძემ:

_„მოგახსენებთ, რომ დღეს გაიმართა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ოზურგეთის მომავლისათვის“ ფრაქციის სხდომა და განვიხილეთ საქართველოში შექმნილი კრიზისული მდგომარეობა. სხდომამ ერთხმად დაადგინა:

პირველი: ვუთანაგრძნობთ 20 ივლისს საპროტესტო მიტინგზე ფიზიკურად და მორალურად დაშავებულებს და მოშიმშილეებს, რომლებიც უკიდურესი ფორმით გამოხატავენ პროტესტს.

მეორე: სრულიად ვიზიარებთ მომიტინგეებისა და საქართველოს მოქალაქეების მოთხოვნებს. კერძოდ: დაუყონებლივ განთავისუფლდეს 20 ივნისს უკანონოდ დაკავებული და უკანონოდ გასამართლებული მომიტინგეები, გადადგეს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია და უმკაცრესად დაისაჯოს შსს-ს თანამშრომლები, რომლებმაც გადაამეტეს თავიანთ უფლება-მოვალეობებს.

მესამე პროტესტის ნიშნად ვტოვებთ საკრებულოს სხდომას და არ დავესწრებით მანამდე, სანამ არ დაკმაყოფილდება მომიტინგეებისა და საქართველოს მოქალაქეთა დიდი ნაწილის მოთხოვნები“ _განაცხადა მგელაძემ.

დეპუტატებმა ლევან მგელაძემ, მიხეილ გოგოტიშვილმა და მაია ზოიძემ საკრებულოს სხდომის დარბაზი დატოვეს.

საკრებულოს სხდომაზე განცხადება გააკეთა ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“დეპუტატმა შალვა თავდიშვილმა:

_ ასეთი მძიმე მდგომარეობაა შექმნილი ქვეყანაში, თქვენ არ გაქვთ მორალური უფლება აქ რომ იჯდეთ. მართალია მომხდარს სათანადოდ შეაფასებს ქართველი ხალხი, მაგრამ თქვენ თქვენ დღესამ ფაქტის შეფასება უნდა გაგეკეთებინათ.

ისეთი, რამ, რაც თბილისში 20 ივნისს მოხდა, არასდროს მომხდარა, თვალები არავის არავისთვის დაუთხრია. მალე როსტოვში გაიქცევა ამჟამინდელი შსს მინისტრი _განაცხადა თავდიშვილმა.

საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ღურჯუმელიძემ უპასუხა, რომ „ნაცმოძრაობა“ აგონიაშია. საკრებულოს რიგგარეშე სხდომა კი იმიტომ მოიწვიეს, რომ სახელმწიფო უზარმაზარ ინვესტიციას იღებს, რომ ოზურგეთში სასაწრაფო სამედიცინო დახმარებისთვის თანამედროვე შენობა აიგოს და საკრებულოს დროულად მოეწონებინა წარმოდგენილი პროექტი. თქვენს ქმედებებს კი ხალხი მართლაც შეაფასებს _განაცხადა გიორგი ღურჯუმელიძემ.

თავდიშვილმაც საკრებულოს სხდომა დატოვა.

ავტორი: სტატიის ავტორი;

© alion.ge 2015 წელი ყველა უფლება დაცულია.