რა ხდება გომისმთაზე _უკანონო მშენებლობების ბუმი და თვალშისაცემი სხვაობა ორი რეგიონის მეზობელი მუნიციპალიტეტების მოსახლეობის შესაძლებობებს შორის

დამატებულია: 2019-07-10
picture1

კურორტი გომისმთა მდინარე ბჟუჟის ხეობის ზემოთ 2100-2300 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს. ადგილობრივ დამსვენებლებს და ტურისტებს აქ იზიდავთ სამკურნალო ჰავა, ლამაზი პეიზაჟები, ჭინჭაოს ტბა და საშუალო სიმაღლის მწვერვალები. აქედან კარგად ჩანს კავკასიონის მწვერვალები და შავი ზღვის პეიზაჟები. იგი უახლოეს წლებში არა მარტო საზაფხულო, არამედ სამთო-სათხილამურო კურორტიც გახდება. პერსპექტივაში ურეკი-გომისმთის საბაგირო გზის მშენებლობაა ჩაფიქრებული, რაც მეტ ტურისტს მოიზიდავს გმისმთაზე.

პირველი, რაც კურორტ გომისმთაზე ამჟამად თვალშია საცემი, ეს გახლავთ ორი რეგიონის მეზობელი მუნიციპალიტეტების მოსახლეობის შესაძლებობებია, რაც კარგად არის ასახული კურორტის რუკაზე -ერთის მხრივ ამორტიზებული და დანგრევამდე მისული ფიცრული ქოხ-მახები და მეორეს მხრივ მეზობელი ზღვისპირა მუნიციპალიტეტის მცხოვრებლების მიერ სწრაფ ტემპში აგებული თანამედროვე კოტეჯები. მიუხედავად ბოლო წლებში კურორტის ინფრასტრუქტურის გასაუმჯობესებლად შესრულებული რამდენიმე პროექტისა, უკანონო მშენებლობის შეჩერება ვერ ხერხდება.

უკანონო მშენებლობები

გასულ სამშაბათს კურორტზე მიმავალთ გზაში რამდენიმე სატვირთო ავტომანქანა შეგვხდა, რომლებსაც ადრიანად აეტანათ კურორტზე სახლების მშენებლობისთვის საჭირო მასალები და უკან ბრუნდებოდნენ. იმის გამო, რომ ამ დროისათვის კურორტზე არ იყო ოზურგეთის პოლიციის წარმომადგენლობა, ისინი არავის გაუფრთხილებია.

_ბაბუას ჰქონდა სახლი აქ. ახლა მე ვაშენებ. იქ, ჩვენთან ვკითხე შესაბამის სარეგისტრაციო სამსახურს, რა უნდა ვქნა-თქო. მითხრეს დადგიო _ გვითხრა ქობულეთის მუნიციპალიტეტის მცხოვრებმა ბიჭიკო ოთიაშვილმა (ქ. ქობულეთი, რუსთაველის 140).

_წინა მწკვივში ნიაზ და გია რომანაძეების სახლებია, მენაპირეები ქათამაძე და ცხომელიძეა.შარშან დადგა სახლი ნოდარ რომანაძემ, ქვის სახლი ასლან რომანაძის ბიჭებისაა, ხოლო წითელი ფერის თუნუქით შეჭედილი სახლი ლაზიშვილებისაა -გვითხრეს მათ.

ნაფოცხვარას ქუჩაზე შარშან შემოდგომაზე აუგია ხის საკურორტო სახლი ქ. ბათუმში, გრიბოედოვის ქუჩაზე მცხოვრებ ექიმ-სტომატოლოგს გია ბალაძეს.

ნაფოცხვარას ქუჩაზე ჯანგული ჯინჭარაძის ახალი სახლი დგას. აქვეა არჩილ კონცელიძის და მირონ ჯაბნიძის ახალი კაპიტალური სახლები. _ძველი სახლი დავშალე და ახალს ვაკეთებთ, ეგ გვერდზე რომ არის, არ ვიცი, ვინ აშენებს _გვითხრა ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ აჭყვისთავში მცხოვრებმა გურამ ანანიძემ.

როგორც შემდგომ გავიგეთ, მისი მეპატრონე ასევე აჭყვისთაველი სულეიმან მემარნეა.

ასეთი მაგალითების მოყვანა სხვაც შეიძლება. ამჟამად გომისმთაზე ნებართვის გარეშე 20-25 სახლი იგება. თუნდაც ეკლესიის გორის გადაღმა, საკმაო ფართობია შემოღობილი, ხის ჭიშკარი აქვს და „ეზოში“ უკვე დგას რამდენიმე ახლადაგებული სახლი, ხოლო კიდევ ერთის _კაპიტალურის მშენებლობა დაწყებულია.

ხარიათარის გადაღმა კი , სადაც სააგარაკო სახლების 98 პროცენტი მეზობელი მუნიციპალიტეტების მცხოვრებლებს ეკუთვნით, მრავალი ახალი „სამოსახლოა“ შემოფარგლული.

კურორტზე ადგილობრივ ხელისუფლების წარმომადგენელი ზურაბ ჩხარტიშვილია, რომელსაც ჯერ-ჯერობით ოფიციალური სტატუსი არ აქვს. მისი თქმით, უკანონო მშენებლობის შესაჩერებლად მუშაობენ, ამოდის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის სამსახური, მაგრამ მათი გაფრთხილებები მოკლევადიანია. მშენებლობები კვლავ გრძელდება. ჩვენს ჩხუბს და დავიდარაბას შედეგი არ მოაქვს.

ინფრასტრუქტურა

კურორტ გომისმთაზე ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაზე ფიქრი გასული საუკუნის 80-იან წლებში დაიწყო. კურორტის განვითარების გენერალურ გეგმის შედგენაზე მაშინაც იყო საუბარი. მით უმეტეს, აქ ზაფხულში რამდენიმე ათასი დამსვენებელი ამოდიოდა.

პირველ პრობლემად გზის მოუწესრიგებლობას და სივიწროეს მიიჩნევდნენ. ტარდებოდა სარემონტო სამუშაოები, თუმცა გზა კაპიტალურად ამ რამდენიმე წლის წინ გაკეთდა (მშენებელი „გზამშენი 18“). ამჟამად ბჟუჟჰესისიდან კურორტის ცენტრამდე გზის ასფალტირების საკითხია დღის წესრიგში.

იმ დროისთვის კურორტზე დიზელ-გენერატორი საღამოს 7 საათიდან ღამის 12 საათამდე აწვდიდა ელექტროენერგიას დამსვენებლებს. 1989 წლისთვის უკვე დაწყებული იყო ბჟუჟჰესიდან მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობა, რომელსაც „საქმთავარ ენერგოს“ თბილისის მოძრავ-მექანიზებული კოლონა აწარმოებდა. მათ სამუშაოები 1990 წლისთვის უნდა დესრულებინათ და გომისმთის დამსვენებლებს ამ დროისთვის უნდა მიეღოთ უწყვეტი შუქი, მაგრამ გაჭიანურდა. „პირველი, რაც გომისმთის კეთილდღეობისთვის კეთდება, ეს მაღალი ძაბვის ელექტროხაზების გაყვანა გახლავთ. სამუშაოებს „საქმთავარ ენერგოს“ სპეციალური სამშენებლო-სამონტაჟო სამმართველო ასრულებს (სამუშაოთა მწარმოებელი გურამ ბურჭულაძე) და სამუშაოები მომავალი წლისთვის დამთავრდება“ (გაზეთი „ალიონი“, #91, 1990 წ.). სამუშაოები კი დამთავრდა 1991 წელს, მაგრამ ქვეყანაში სხვა მდგომარეობა შეიქმნა და ავისმკეთებლებმა ხაზები ჩამოხსნეს და თურქეთის გზას გაუყენეს, ხოლო ამ ხაზის „ენერგო პრო ჯორჯიაზე“ გადაცემის შემდეგ ამ კომპანიამ 8 ელექტროგადამცემი ბოძი მოხსნა და სხვა რეგიონში გამოიყენა საჭიროებისამებრ.

2 წელია შუახევის მუნიციპალიტეტის ჭვანის ხეობიდან ჯვარიმონდორის გავლით უშუალოდ კურორტის მისადგომებემდე შუახევის მუნიციპალიტეტის დაკვეთით შპს „ქსელმშენმა“ 10-კილოვატია ელექტროგადამცემი ხაზები გააკეთა. ამჟამად შპს „ქსელმშენი“ (უფროსი დავით ბეგოიძე, სამუშაოთა მწარმოებელი ზურაბ კიკაბიძე) 0,4 კილოვატი სიმძლავრის შიდა გაყვანილობებს ამონტაჟებს.

_ჩვენ აქ მომხმარებლამდე (მწყემსების საზაფხულო სადგომები, კურორტის გაღმა და გამოღმა ტერიტორია) ელექტროხაზების მისაყვანად 1200-მდე ბოძს დავდგამთ. ბოძები 1,5 მეტრის სიღმეში ვდგამთ. იქნება 2 ტრანსფორმატორი, ამჟამად ხარიათაღის დასახლებაში სრულდება სამუშაოები -გვითხრეს ელექტრიკოსებმა ზურაბ გულიაშვილმა, დავით გელენიძემ, მალხაზ კიკაბიძემ.

აქ მომუშავე სპეციალისტების თქმით, 10-კილოვატიანი ელექტროგადამცემი ხაზები ცუდადაა გაყვანილი, ზამთარში ხშირად იქცევა ბოძები და არა ჰგონიათ ელექტროენერგია ერთდოულად მწყემსების ათეულობით დასახლებებს და კურორტ გომისმთასაც ეყოს. მათი აზრით, ბჟუჟჰესიდან კურორტამდე მაღალი ძაბვის ხაზები უნდა აღდგეს.

წყალი.1990 წლისათვის კურორტზე წყლის შემკრები აუზი არსებობდა, მაგრამ წყლის შიდა ქსელის მოწყობა ვერ შეძლეს.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის იმჟამინდელი გამგებლის მერაბ ჭანუყვაძის ინიციატივით 2016 წელს დაიწყო გომისმთის წყალმომარაგების სისტემის მშენებლობა. სამშენებლო სამუშაოებს შპს „ნდს მშენებლობა (დირექტორი ზურაბ გუგეშაშვილი) აწარმოებდა.პროექტის ჯამურმა ღირებულებამ 840 000 ლარი შეადგინა. წყლსადენის სათავე კურორტიდან 7,2 კილომეტრის დაშორებით „ჭინჭაოს“ ტბის მიდამოებშია, საიდანაც წყალი კურორტის 300 კუბური მეტრი მოცულობის წყლის მიმღებ რეზერვუარს მიეწოდება. წყალი საქლორეტაროში იფილტრება. სამწუხაროდ, შემდეგ კურორტის ტერიტორიაზე შიდა დაქსელვის სამუშაოები გაჭიანურდა.

სალოცავები

კურორტ გომისმთაზე ქრისტიანული ტაძრის აშენების საკითხი ჯერ კიდევ გასული საუკუნის 90-იან წლების დასაწყისში დაისვა, მაგრამ მომდევნო წლებში განვითარებულმა მოვლენებმა ეს პროცესი შეაჩერა. 2013 წლის 13 აგვისტოს, საინიციატივო ჯგუფის მიერ, ადგილობრივი ხელისუფლების მხარდაჭერით, ერთ-ერთ ბორცვზე, რომელიც შავიზღვისპირეთს გადმოჰყურებს (ზ/დ 2300 მ.) საფუძველი ჩაეყარა წინასწარმატყველ ილია თეზბიტელის სახელობის ტაძრის მშენებლობას. ამ დღეს მამა მათემ (გორდელაძე) ნაკურთხი ქვები ჩააწყო ტაძრის ბალავარში. ვახტანგ მამეიშვილის პროექტის მიხედვით ქვის მხოლოდ საძირკველია. აიგება ხის ტაძარი, რომლის სიგრძე 10,5 მეტრი, სიგანე -8,5 მეტრი, ხოლო სიმაღლე 14 მეტრი იქნება. მშენებლობის ინიციატორები თემურ ჯახვა და ზურაბ ჩხარტიშვილია. სამწუხაროდ, ტაძრის მშენებლობა ბოლო პერიოდამდე შეჩერდა. ზურაბ ჩხარტიშვილის ინფორმაციით, მშენებლობა მალე განახლდება.

ორიოდე კვირის წინ კი, ხარიათაღის ერთ-ერთი გორის თავზე ღამით, 20-მდე უცნობმა პირმა კიდევ ერთი ტაძრის მშენებლობა დაიწყეს. მათ საამისოდ არანაირი ნებრთვა არ ჰქონიათ. როგორც გავიგეთ ისინი რელიგიური ორგანიზაცია „იეჰოვას მოწმეები“ წევრები იყვნენ.

გომისმთაზე მხოლოდ ჯამეში აღევლინება ლოცვა.როგორც მუსლიმი მრევლის წევრმა, 81 წლის ოთარ ბერიძემ გვითხრა ისინი იმამ ასლან დიასამიძის მიერ გამოგზავნილ წარმოადგენელს ელოდებიან.ხარიათაღის ჯამეში კვირაში 5 დღეს აღევლინება ლოცვა, ხოლო მერიაყელში _2-ჯერ.

ტურისტები

გომისმთას ამჟამად ხშირად სტუმრობენ ტურისტები. წინა წლებში ისინი ძირითადად აქ გამართულ სპორტული „ოფროუდის“ სამახავად და „გომისმთობის“ დასასწრებად ამოდიოდნენ.

ინჟინერ მერაბ სანიკიძის თქმით, გომისმთაზე ის დრო ბრუნდება, როგორიც მას ბავშვობაში ახსოვს. გომისმთა დღეს ცნობადია მთელს საქართველოში და ახლო ევროპის ქვეყნებში.

_აქ კოტეჯი მიდგას. შარშან ფრანგი, სერბი, უკრაინელი, რუსი ტურისტები მსტუმრობდნენ. წელს, 2 იანვარს 6 სნოუბორდისტი ამოვიყვანე. თოვლის საფარი საკმაოდ იყო და ამიტომ 11- 12 კილომეტრი ფეხით ვიარეთ. 4 დღე დარჩნენ. ძალიან მოეწონათ გომისმთის ფერდობები. შარშან სულ 120 ტურისტი მყავდა. ილია თესბიტელის სახელობის მშენებარე ტაძრის მიდამოებში შევხდით გერმანელ ტურისტს დიაქ ფაიზოვენს. იგი ქართველ მეუღლე მართა ევგენიძესთან და მის მეგობრებთან ერთად, „ჯიპებით“ იყვნენ ამოსულები კურორტზე.

_პირველად ამოვედით. ძალიან მოგვეწონა -გვითხრეს მათ. ფეხით მიმავალ რუს ტურისტებს, ნიჟნი ნოვგოროდელ ნატალია კოლოსაევას და ივან მინაევს ხარიათაღში ოთარ ბერიძის „დუქანთან“ შევხდით. რუსი ტურისტები შუახევის მიმართულებით მიდიოდნენ.

_ მე ინგლისური ენის მასწავლებელი ვარ, იგორი კი ლექტროინჟინერია. აზერბაიჯანიდან შემოვედით საქართველოში. კახეთი მოვიარეთ ფეხით. ახლა თქვენს რეგიონში ვართ. აქ კეთილ ადამიანებს რა გამოლევს. არც საკვებზე გვაქვს პრობლემა და არც ღამის გასათევზე -გვითხრა მან.

_ 20 მაისს ამოვდივართ აქ. მაღაზია მაქვს და საქონელიც მყავს. ქვევით ხიჭაურში, ტაკიძეებში ვცხოვრობთ. სამი ვაჟი მყავს, მხოლოდ ერთი დამყვება აქ. აღარ უნდათ მთაში ამოსვლა. თქვენ ახლა ნახეთ და იცით რამდენი უცხოელი ტურისტი გაივლის ჩემს დუქანთან. საკვები უნდათ _რძე, მაწონი..მაღაზიაშიც შემოდიან... _ გვითხრა ოთარ ბერიძემ.

ბოლო წლებში აქ საქართველოს თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტები ამოდიან, ერთ თვეს რჩებიან და მონაწილეობას იღებენ კურორტის დასუფთავებაში. ისინი ხშირად აწყობენ ტურისტულ ლაშქრობებს და უცხოელ ტურისტებსაც ხვდებიან. ამ დღეებში კურორტზე აღნიშნული უნივერსიტეტის ხელმძღვანელები ავიდნენ. სტუდენტები კი 15 ივლისიდან ააჟრიამულებენ მთის კურორტს.

მთის მასპინძლობა

3 წლის წინ ამ სტრიქონების ავტორი და ცნობილი პოეტი, რუსთაველის საზოგადოების თავმჯდომარე დავით შემოქმედელი ერთ-ერთი აჭარელი მწყემსის სააგარაკო სახლში მივედით რძის პროდუქტების საყიდლად. დიასახლისმა სახლში შეგვიპატიჟა. მაგიდა ტრადიციული აჭარული იყო. „ბორანო,“ „კაიმაღლი“ (აქაური არაჟანი), მაწონი, ღუმელში გამომცხვარი პური, „ბაქლავა“... დიასახლისი ოთახიდან გავიდა. დავითი წუხდა და ხმადაბლა მეუბნეობდა, ფული ვაჩუქოთო. როგორც ჩანს დიასახლისმა გაიგონა ჩვენი საუბარი, ოთახში შემოვიდა და უხერხულობა რომ არ შექმნილიყო, ღიმილით გვითხრა -ჩვენ აქ სტუმარს საჭმელში ფულს არ ვახდევინებთო... ეს სიტყვები დღემდე მომყვება. ამჯერად სოფელ ხაბელაშვილების მკვიდრს თამაზ ბერიძის ოჯახს ვესტუმრეთ. მისი მეუღლე ციური და მეზობელი მაყვალა ათაბაძე-ბოლქვაძე დაგვხდნენ.

მაყვალას მეუღლე რეჯებ ბერიძე ცნობილი მონადირე იყო. მისი ბრძოლის შესახებ დაჭრილ დათვთან ხინოს მიდამოებში ლეგენდასავით დღემდეა შემორჩენილი. 90-იანი წლებში კურორტ გომისმთაზე სახლების ქურდებისგან დაცვაში შეჰქონდა თავისი წვლილი.

2011 წელს გომისმთას საამაყო მეცნიერი, მსოფლიოს ყველა კონტინენტის აკადემიის წევრი, ოზურგეთელი არნოლდ გეგეჭკორი ესტუმრა. რეჯებ ბერიძის ოჯახი იყო არნოლდ გეგეჭკორის მასპინძელი. სამწუხაროდ 3 წლის წინ რეჯები გარდაიცვალა...ამჯერად ბერიძეების ოჯახმაც საუცხოოდ გვიმასპინძლა.

კურორტის მცველები

გასული საუკუნის 80-იანი წლებიე მეორე ნახევარში რამდენჯერმე მოგვიწია უშუალოდ კურორტზე გომისმთის განვითარების პროექტების განხილვაში მონაწილეობის მიღება. მასპინძელი ყოველთვის კურორტის იმჟამინდელი დირექტორი დავით სადრაძე იყო. იგი ამ თანამდებობაზე 1981 წლიდან მუშაობდა. 90-იან წლების დასაწყისში მოხშირდა უნებართვო მშენებლობები. ამიტომ შეიქმნა კოოპერატივი „ნიშნარი,“ რომელსაც იგი ხელმძღვანელობდა.

დავით სადრაძეს საკუთარ სახლში სოფელ კვირიკეთში შევხდით: _ძალიან კარგი ტემპი გვქონდა აღებული, 3 კილომეტრი წყლის ქსელი გავაკეთეთ. „საქენერგომ“ბჟუჯჰესიდან გომისმთამდე მაღალი ძაბვის ხაზის გაყვანის პროექტი შექმნა (პროექტის ავტორი ბათუ კანკავა). პროექტის მიზანი იყო კურორტზეც ყოფილიყო შუქი და მაღლა მთაზე მდებარე სამხედრო-სარაკეტო ბაზასაც მიწოდებოდა იგი..კურორტამდე კი იყო ამოყვანილი ქსელი, მაგრამ შემდეგ კარგად იცით, რაც მოხდა. ძალიან მნიშვნელოვანი იყო და დღესაც ასეა, კურორტზე აუცილებლია ადმინისტრაციული სახლი, სადაც განთავსდებოდა კურორტის დირექცია, პოლიცია და ექიმსაც უნდა ჰქონოდა კაბინეტი...

ზურაბ ჩხარტიშვილიც ჩემს გვერდით გაიზარდა. თავისი წვლილი აქვს შეტანილი გომისმთის პატრონობის საქმეში. საუკეთესო კურორტია და დიდი პერსპექტივები აქვს -გვითხრა დავით სადრაძემ.

რაც შეეხება ზურაბ ჩხარტიშვილს, იგი ძალას არ იშურებს, რომ როგორმე შეაჩეროს უნებართვო მშენებლობები, მაგრამ ეს უკვე დიდი პრობლემაა და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებთან ერთად გადასაწყვეტი.

გაზეთი „ალიონი“ უკანონო მშენებლობის საკითხზე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიას დაუკავშირდა. როგორც პრესსამსახურიდან გვაცნობეს, მიმდინარეობს ამ მშენებლობათა შესწავლა, რის შემდეგაც გატარდება შესაბამისი ღონისძიებები.

ნუგზარ ასათიანი

გაზეთი „ალიონი“ #27, 9 ივლისი, 2019 წ.

ავტორი: სტატიის ავტორი;

© alion.ge 2015 წელი ყველა უფლება დაცულია.