ცხემლისხიდის მოსახლეობა მდინარე ნატანების აუზში კიდევ ერთი ახალი კარიერის გასნას აპროტესტებს

დამატებულია: 2019-07-14
picture1

ალიონი. გასულ ხუთშაბათს სოფელ ცხემლისხიდში მდინარე ნატანების აუზში ახალი კარიერის გახსნასთან დაკავშირებით ადგილობრივი მცხოვრებლები ოზურგეთის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

შეხვედრას ესწრებოდნენ ოზურგეთის საკრებულოს კომისიების და ფრაქციის თავმჯდომარეები ლავრენტი ბიგვავა, გოჩა კილაძე ,ლევან მგელაძე და მერიის წარმომადგენელი ირინა ინარიძე.ასევე,სოფლის მაჟორიტარი დეპუტატი ლალი სიჭინავა.

მოსახლეობამ კატეგორიულად უარყო კარიერის გახსნა მდ.ნატანებზე. სოფელ ცხემლისხიდის მაჟორიტარმა დეპუტატმა ლალი სიჭინავამ გაზეთ „ალიონთან“ განაცხადა, რომ ქვა-ღორღის მომპოვებლებმა კომპანიებმა ნდობის ფაქტორი დაკარგეს მოსახლეობაში. კარიერების არასწორი ექსპლოატაციის გამო, სოფელში წყლის პრობლემა შეიქმნა. ჭებში დაშრა წყალი, ზიანდება გზები.

მდინარე ნატანებმა უეცარი ადიდება იცის და რამდენჯერ მიაყენა ზიანი სოფელს. მე მესმის, რომ კეთდება გზები, ზედმეტი ნატანი გასატანია, მაგრამ როცა მდინარე ბახვისწყლის ხეობაში გახსნილი კარიერიდან მძიმეწონიანმა მანქანებმა რა დღე დამართეს ოზურგეთი-ჩოხატაურის გზის ნასაკირალის მონაკვეთს ყველამ იცის. ამიტომ მოსახლეობა კატეგორიულად ეწინააღმდეგება მდინარე ნატანების აუზში კიდევ ერთი ახალი კარიერის გახსნას. მე სოფლის წარმომადგენელი ვარ საკრებულოში და ყოველთვის ჩემი თანასოფლელების გვერდით ვარ _ გვითხრა ლალი სიჭინავამ.

_მდინარე ნატანებზე 10 კარიერის ლიცენზიაა გაცემული.წიაღის ეროვნული სააგენტო კვლავ აგზავნის ლიცენზიებს ქვა-ღორღის მოპოვებაზე. გურიის მდინარეები მოსახლეობის იმედზეა დარჩენილი. ჩვენი მოძრაობა „გადავარჩინოთ გურიის მდინარეები“კვლავ აგრძელებს ბრძოლას მდინარეების გადასარჩენად _გვითხრა ამ მოძრაობის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ირმა გორდელაძემ.

ავტორი: სტატიის ავტორი;

© alion.ge 2015 წელი ყველა უფლება დაცულია.