„თოკში გურამ თიკანაძის მეწყვილე მიგვიძღვოდა“

დამატებულია: 2019-07-14
picture1

ეძღვნება თამაზ ბაქანიძის ხსოვნას

ამ სათაურით დაიბეჭდა ვრცელი სტატია გაზეთ „ალიონის“ 1997 წლის #19-20-ში.

1997 წლის 19 აგვისტოს, ტურისტულ-ალპინისტური საზოგადოება „გურიის მთების“ მოყვარული ალპინისტები (რევაზ ცქვიტინიძე, ნუგზარ ასათიანი, შოთა ცხომელიძე) კავკასიონზე, გერგეტის მყინვარის რაიონში რთულ მეტეოროლოგიურ პირობებში, ცნობილი მთამსვლელის, თამაზ ბაქანიძის ხელმძღვანელობით მწვერვალ „ორწვერზე“ ავიდნენ. ჯგუფის წევრები შემდგომში სხვა მწვერვალებზეც იყვნენ, მაგრამ ეს იყო ვაჟკაცობის დიდი გამოცდა, რომელიც მათ უფლის წყალობითა და საკუთარი ნებისყოფის მობილიზებით დაძლიეს.

სამწუხაროდ, თამაზ ბაქანიძე გარდაიცვალა და ახლა წარსულში გვიწევს მასზე საუბარი.

„მთებმა ყველაფერი დიდებული იციან“

თამაზ ბაქანიძეს განხორციელებული ჰქონდა მრავალი ურთულესი ასვლა პამირის, ტიან-შანის, ალპებისა და კავკასიონის მწვერვალებზე. დაპყრობილი ჰქონდა ექვსი მე-6 კატეგორიის სირთულის მწვერვალი. მინიჭებული ჰქონდა „თოვლის ჯიქის“ წოდება. იგი მთამსვლელობაში დაოსტატდა ალექსანდრე ნემსიწვერიძის, გოგი ჯაფარიძის და მიხეილ ხერგიანის ხელმძღვანელობით. გივი ქართველიშვილის ჯგუფში საბჭოთა კავშირის ჩემპიონატებზე მოიპოვა ორი ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები. აი, როგორ იხსენებს იგი მიხეილ ხერგიანს:

„მთის სილამაზემ წარმოშვა, უკვდავებად ქცეული მთამსვლელი მიხეილ ხერგიანი. მას ჭარბად გააჩნდა ალპინიზმისათვის დამახასიათებელი ყველა ღირსეული თვისება -სიფრთხილე, გადაწყვეტილების სწორი მიღება, სიმამაცე...მან ღირსეულად მოიპოვა „კლდის ვეფხვის“ სახელი...

მიშასთან მეგობრობა მაკავშირებდა 1964 წლიდან. მასთან ერთად ვვარჯიშობდი კლდეზე ცოცვაში, გამოვდიოდი მეკლდეურლთა შეჯიბრებებზე: საქართველოს, ყოფილი საბჭოთა კავშირის და საკავშირო პროფკავშირების პირველობაზე. 1965 წელს, მე მხვდა ბედნიერება, ვყოფილიყავი იმ გუნდის წევრი, რომელმაც მიხეილ ხერგიანის თაოსნობით პირველი ადგილი მოიპოვა იალტაში მეორე საკავშირო შეჯიბრებაზე საბჭოთა კავშირის პირველობაზე. მასთან ერთად ვიყავი კავკასიონის და ტიანშანის მწვერვალებზე.“ _ წერს თამაზ ბაქანიძე წიგნში „კაცი ლეგენდა.“

როგორ დაიღუპა გურამ თიკანაძე

ამის შესახებ თამაზ ბაქანიძემ პირველად 1997 წლის აგვისტოს ერთ ღამეს მოგვიყვა კავკასიონზე „იაგორას ნიშას“ ქვემოთ კარავში ღამისთევისას. თხრობის დაწყებისას ყელზე ძარღვი შეუტოკდა და თვალებში ცრემლები ჩაუდგა.

_ იმ საბედისწერო ექსპედიციაში შხარაზე გურამთან ერთად ვიყავი. იგი ორი წლის გაცნობილი მყავდა და ერთად ვვარჯიშობდით. ვემზადებოდით იმჟამინდელი სსრ კავშირის პირველობისთვის ერთეულებს შორის. კავკასიონზე, მწვერვალ თეთნულდზე ავედით ერთად, მაგრამ 1962 წელს ბევრი უბედური შემთხვევა მოხდა და ერთეულთა პირველობები შეწყვიტეს.

გურამს არაერთი მწვერვალი ჰქონდა დაპყრობილი და იგი წარმატებას წარმატებაზე აღწევდა, როგორც ფოტოხელოვნებაში, ისე ალპინიზმში. ალპინიზმში საკავშირო ჩემპიონატის ვერცხლის მედალი ჰქონდა მოპოვებული. 1962 წელს მოდენის საერთაშორისო ფოტოკონკურსში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა მისმა ნამუშევარმა „თბილისის ზღვა.“ ეს პირველი საერთაშორისო ჯილდო იყო საქართველოს ფოტოხელოვნების ისტორიაში. შესაძლოა, იმიტომაც დავახლოვდით, ერთი ფესვები გვქონდა გურიიდან და მე მხატვარი ვიყავი.

მოკლედ, ამ ახოვან და ულამაზეს ვაჟკაცთან ერთად რომელ მთამსვლელს არ მოუნდებოდა მრისხანე მწვერვალებთან შერკინება. ჯგუფს, რომელსაც ცენტრალურ შხარაზე უნდა განეხორციელებინა ასვლა, გურამ თიკანაძე ხელმძღვანელობდა. ჩემთან ერთად ამ ჯგუფში იყვნენ ვანო წიკლაური, გიორგი კობიძე, ვალიკო ფოფხაძე. ასვლისას გურამის მეწყვილე ვიყავი, _მასთან ერთად თოკში ჩაბმული. ვიცოდით, გურამს იმ დროისათვის დიდი ნერვიულობა შეხვდა, მაგრამ ჩვენთან არ იმჩნევდა...

ეს ყოველივე დაშვებისას მოხდა. დაახლოებით 4800 მეტრ სიმაღლეზე ვიყავით. წინ ფრიალო, შვეული კედელი გვქონდა გასავლელი. პალო თავად გურამმა დააგო. ბიჭეები ურჩევდნენ მეორე პალოც დაეგო, მაგრამ... დაშვება დაიწყო.

უცებ რაღაც გავარდა და დავინახეთ, გურამი მოწყდა და ქვევით მიფრინავდა. პირველი დაცემისას ხელებით შეეცადა ვარდნის შემცირებას, შემდეგ მეორედ დაეცა და... მთელი სამასი მეტრით ქვემოთ ჩაიქროლა...

_მივეშველოთ-მეთქი, _წამომცდა.

ვანო წიკლაურის ცრემლიან თვალებს რომ შევხედე, უცებ მოვედი გონს და მივხდი, რომ, გურამი აღარ იყო.

„გურიის მთები“ კავკასიონზე

ჩვენი ჯგუფი ყაზბეგში ცნობილი მთამსვლელისა და სახალხო მთქმელის იაგორ კაზალიკაშვილის ოჯახს ესტუმრა. გულითადად მიგვიღეს კაზალიკაშვილებმა. მისმა შვილიშვილმა, ქალბატონმა მერიმ გვითხრა, რომ გველეთში, მთამსვლელთა ბაზაში თბილისის კლდეზე ცოცვისა და ალპინიზმის სპორტული სკოლა იყო ჩამოსული და მას ცნობილი მთამსვლელი თამაზ ბაქანიძე ახლდა. თამაზ ბაქანიძე როგორ არ ვიცოდით, ოზურგეთელი (ნატანები) კაცი, რომელიც თანამედროვების უდიდეს მთამსვლელ რაიჰოლდ მესნერთანაც კი მეგობრობდა.

დარიალის ხეობით მივადექით გველეთში მთამსვლელთა სპორტულ ბაზაში ლადო გურჩიანს და თამაზ ბაქანიძეს. „გურიის მთების“ პრეზიდენტმა თენგიზ ბერიშვილმა სთხოვა მათ დახმარება.

_ გურამ თიკანაძის დაბადებიდან 65 წლისთავთან დაკავშირებით კავკასიონის ერთ-ერთი მწვერვალი უნდა დავლაშქროთ. გვინდა წინამძღოლობა გაუწიოთ ამ ბიჭებს. _ უთხრა თენგიზმა. თამაზს გურამის ხსენებაზე სახე გაუნათდა და უყოყმანოდ დაგვთანხმდა წინამძღოლობას.

დილით შევხდით. მან ჩვენი აღჭურვილობა დაათვალიერა. სურსათის მარაგი შეამოწმა და ყაზბეგის გავლით სოფელ გერგეტში ავედით. აქაც დავიმატეთ საჭურველი, თბილი ტანსაცმელი და გზას გავუდექით. იმ საღამოს მხოლოდ ხუთიოდე კილომეტრი გავიარეთ და ზღვის დონიდან დაახლოებით 3000 მეტრზე პირველი ღამისთევა მოვაწყვეთ (აქ მოგვიყვა გურამ თიკანაძის ტრაგიკული დაღუპვის ამბავი). მეორე დილით გზა განვაგრძეთ. გავიარეთ იაგორას ნიში, გადავლახეთ მთის გიჟმაჟი მდინარე ჩხერი და თოკში ჩაბმულები გერგეტის მყინვარზე გავაგრძელეთ გზა.

მეტეოსადგურში თბილად მიგვიღეს. თამაზ ბაქანიძე ჩინებულად ფლობდა გერმანულ ენას, ინგლისურიც საკმაოდ იცოდა და უცხოელ მთამსვლელებთან კონტაქტი არ გაგვჭირვებია.

ყაზბეგიდან გასვლის მესამე დღეს მთავარი ჯგუფის ვარჯიში გაიმართა. თამაზი ნაპრალების (ზოგან 100-200 მეტრზე მეტი სიღრმისაა) გადალახვას გვასწავლის.

თოკში ვართ ჩაბმულნი. წრიაპები ყინულზე მოცურებისგან გვიცავენ. ალპენშტოკით ნაპრალისწინა ყინულის საიმედობას ვამოწმებთ, თოკშებმულნი წერაყინებით საჭიროების შემთხვევაში ერთმანეთი გაგვყავს დაზღვევაზე.

ნაშუადღევის 5 საათისათვის მივადექით ორწვერის ქედს. ამინდს არა უშავს. უკვე 4000 მეტრზე მეტ სიმაღლეზე ვართ და 2 საათში შეიძლება მწვერვალზე ასვლა, მაგრამ დაშვებისას დაგვაღამდება, თანაც დიდი ნაპრალები გვაქვს გადასალახი. თამაზ ბაქანიძის რჩევით საბაზო ბანაკში ვბრუნდებით.

საბაზო ბანაკში მცირე თათბირი გაიმართა, თუ როგორ მოვიქცეთ. გვინდა მეორე დღეს (ფერისცვალებას) მყინვარწვერზე ავიდეთ. მთავარია, როგორი ამინდი იქნება, რადგან დღეს გამოცდილ ესპანელ მთამსვლელებსაც გაუჭირდათ ასვლა.

_ თუკი ამინდი ნორმალური იქნება, ღამის 2 საათზე უნდა გავიდეთ, _ გვეუბნება თამაზი.

ღამის პირველ საათზე ამინდი აირია. ველოდებით გამოდარებას, მაგრამ დილამდე ქარი და ხოშკაკალი მძინვარებს.

რთულ მდგომარეობაში აღმოვჩნდით. დილითაც ამინდი არასახარბიელოა. ორწვერის მიდამოები სქელ ნისლშია გახვეული, თითქოს გვაშინებს, არავინ დაარღვიოს მისი მყუდროება. არადა, ჯგუფის დანარჩენ წევრებს უჭირთ ამ ცივ შენობაში კიდევ რამდენიმე დღით დარჩენა.

თამაზის გამოცდილება გვეიმედება. ამიტომ გავრისკეთ ცუდ ამინდში მწვერვალ ორწვერზე ასვლა.

რადგან მყინვარი თოვლს დაეფარა, უარი ვთქვით წრიაპებზე. მორენები გადავლახეთ და თოვლით დაფარულ ნაპრალებიან მყინვარს მივადექით. გზად მოსკოველი ალპინისტების გვხდებიან. უამინდობის გამო უკან დაბრუნებულან და ჩვენც იგივეს გვირჩევენ. ჩვენ გზას ვაგრძელებთ.

შუადღისას ორწვერის ქედის მისადგომებთან ვართ. ცოტა შევისვენეთ, თაფლიანი წყალი დავლიეთ და თოკით ვიწყებთ ქედზე ასვლას. წერაყინით ნელ-ნელა ჭრის საფეხურებს თამაზ ბაქანიძე. 50 მეტრი სიმაღლის დაძლევას საათზე მეტი დასჭირდა. თამაზი თოკს ამაგრებს კლდეზე და ახლა ჩვენ მივცოცავთ კედელზე, შემდეგ ქედზე გავდივართ.

ნისლში მწვერვალი აღიმართა. და, თურმე მწვერვალი კი არა, „გუშაგია,“შემდეგ მეორე, მესამე „გუშაგი.“

ბოლოს გამოჩნდა ორწვერის ქვიანი, სვეტად აღმართული მწვერვალიც. ჯერ ერთ წვერზე ავდივართ, შემდეგ - მეორეზე. გარშემო ნისლია და ქარი მძინვარებს...

სიხარულისაგან ვყვირით, გვინდა ერთმანეთს მივულოცოთ, მაგრამ თამაზი გვაჩერებს:

_ მილოცვა ქვემოთ, მშვიდობიანად რომ ჩავალთ, იქ იქნება. ვწერთ წერილს, (ინგლისური ტექსტი წინასწარ მოვამზადეთ), გაზეთ „გურიის მთებთან“ ერთად ვდებთ კონსერვის ქილაში და ვინახავთ, _ მწვერვალზე ვტოვებთ.

ქვემოთ ვეშვებით, ბოლო „გუშაგზე“ რევაზი და შოთა დავუშვით თოკით. უცებ დიდი ლოდი მოწყდა. საბედნიეროდ შოთა ახლოსაა და ქვის ვარდნის ძალაც მცირეა.

ამინდი კიდევ უფრო გაუარესდა. თოკის დასამაგრებლად საიმედო ლოდს ვერ ვნახულობთ. სამხრეთ დასავლეთისაკენ უფსკრულის მხარეს ვეძებთ ჩასავლელს. ბოლო თამაზი ჩამოდის.

ჩამოვედით 4 000 მეტრ სიმაღლეზე და ატყდა ჭექა-ქუხილი. ელვა თითქოს გარშემო გვივლის. ყურთასმენა არაა. კლდესთან ახლოს ვერ მივდივართ, ქვათაცვენის გვეშინია. წერაყინებს ხელს ვერ ვკიდებთ. რევაზ ცქვიტინიძე ფერდობზე აგდებს ვიდეოკამერის აკუმულატორს.

ჭექა-ქუხილმა ჩვენგან გადაინაცვლა. ასიოდე მეტრი გავიარეთ და კაკლისოდენა სეტყვა წამოვიდა. ჯგუფად ვდგევართ, გვერდებს მაინც დავიცავთ.

სინესტე ძვალ-რბილში ატანს. მეგობრისაგან ნათხოვარ, ამერიკელი ჯარისკაცის „ბატინკებშიც“ სინესტე შევიდა და ფეხებზე მცივა. ცოტათი მოძრაობა მშველის.

წინ თამაზ ბაქანიძე მიდის. თოკი დაზღვევაზე გვაქვს. რამდენიმე საათის წინ, ჩვენს გამოვლილ გზას ავცდით. მარჯვნივ დიდ უფსკრულს დაუღია ხახა.

ასვლის დროს, ერთ ადგილას თამაზმა გზის მაჩვენებლად ალპენშტოკი ჩაასო, მაგრამ 10 მეტრშიც არაფერი ჩანს. თან ღამდება და წინ გერგეტის მყინვარის ნაპრალებიანი ველი გვაქვს გასავლელი.

ერთ-ერთ მომენტში ჩვენი ნაფეხურები ვნახეთ, მაგრამ 50 მეტრის გავლის შემდეგ ქარსა და თოვლს ისე წაეშალა იგი, ვერაფერს ვამჩნევთ. ძლივს ჩავდივართ მყინვარამდე. აქ ვცდილობთ შეძლებისდაგვარად სწრაფად ვიმოძრაოთ. ნაპრალში ერთ-ერთი ჩავარდნისას ფეხი ვიღრძე, მაგრამ არ ვიმჩნევ. შებინდებისას მივაღწიეთ მორენებამდე. მარცხნივ ქვათაცვენის ცნობილი ველი ხმაურობს; ტყუილად კი არ ჰქვია „ხმაურა.“ღამით მივედით მეტეოსადგურში.

სიხარულით გვილოცავენ მშვიდობიან დაბრუნებას თბილისელი, ყაზბეგელი, გერმანელი, ჩეხი, რუსი მთამსვლელები. თურმე, სახელდახელოდ შექმნილი ინტერნაციონალური მაშველი ჯგუფი, ყაზბეგელი მთამსვლელის, მაშველთა სამსახურის უფროსის ჯონი ხუციშვილის ხელმძღვანელობით ის-ის იყო ჩვენს საძებრად წამოსვლას აპირებდა.

* *

ოზურგეთის სამხატვრო გალერეაში გურამ თიკანაძის ფოტონამუშევრების გამოფენა გაიმართა, რომელიც ფოტოხელოვანმა, გურამის მეგობარმა ნარიმან ერქომაიშვილმა მოამზადა. აქვე იყო ჩვენი გუნდის წევრის, ფოტოხელოვან რევაზ ცქვიტინიძის ნამუშევრებიც. ბევრი ადამიანი დაესწრო გამოფენას, მათ შორის გურამ თიკანაძის ახლობლებიც. იმავე წელს შემდეგი ღონისძიება კვარიათში საქართველოს მეკლდეურთა პირველობა იყო, რომლის სამსაჯო კომისიაში დენიზა გოზალიშვილი და თამაზ ბაქანიძე იყვნენ.

ამის შემდეგ თამაზ ბაქანიძეს ყოველ ზაფხულს ვხდებოდით. ვმოგზაურობდით აჭარა-გურიის მთებში, ვსაუბრობდით ალპინიზმზე და ხანდახან სახლშიც ვსტუმრობდით. იგი მუდამ უპრეტენზიო, ყოველგვარი ღირსებით შემკული პიროვნება იყო. აჭარა-გურიის მთებში მოგზაურობისას, თავისუფალ დროს ხატავდა.

რამდენიმე თვის წინ გაზეთ „ალიონის“ რედაქციაში გვეწვია. ვისაუბრეთ, ინტერვიუ ჩავწერეთ და მისი თხოვნით რამდენიმე დეტალის დაზუსტების შემდეგ უნდა დაგვებეჭდა...

აუცილებლად დავბეჭდავთ.

დასანანია, უფალმა ნათელში ამყოფოს დიდი ადამიანის სული.

ნუგზარ ასათიანი.

ავტორი: ნუგზარ ასათიანი;

© alion.ge 2015 წელი ყველა უფლება დაცულია.