რატომ ვერ დასრულდა ტროტუარის მოწყობის სამუშაოები თაყაიშვილის ქუჩაზე?

დამატებულია: 2019-07-23
picture1

დასრულდა ოზურგეთი-ქობულეთის გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები. მშენებლები ახლა კოსმეტიკურ სამუშაოებს ამთავრებენ.

ძალიან დიდი მოცულობის სამუშაოები ჩატარდა ქ. ოზურგეთში, თაყაიშვილის ქუჩაზე, მდინარე შვარაშკურის ხიდიდან ლიხაური-ბათუმი-ანასეულის გზაგამყოფის ბოლომდე. უნდა ითქვას, რომ მშენებელმა შპს „გზამშენი 18“-მა საუკეთესოდ შეასრულა სამუშაოები, მაგრამ მშენებლობას ვერ ასრულებს იმის გამო, რომ 2016 წელს საქართველოს ეკონომიკის სამინისტრომ ქ. ოზურგეთის მერიას აუქციონზე გასაყიდად გადასცა გზის მიმდებარე ტერიტორია, რომელშიც საგზაო ნაგებობა _მოსაცდელი და მიმდებარე ტერიტორია შედიოდა . აღნიშნული ტერიტორია, 1819.00 კვადრატული მეტრი ფართობი, ქ. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიამ 2016 წლის გაზაფხულზე გაიტანა აუქციონზე.

საჯარო რეესტრმა აღნიშნული ნაკვეთი 2016 წლის 17 მაისს დაურეგისტრირა გიორგი ტაკიძეს. ამჟამად ეს ფართობი იპეთეკითაა დატვირთული საქართველოს ბანკის მიერ.

შპს „გზამშენი 18“-მა თაყაიშვილის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოებისას შექმნილი პრობლემის გამო ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიას მიმართა.

როგორც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ქონების მართვის განყოფილების უფროსმა მალხაზ გორგოშიძემ გვითხრა, აუქციონი წინა ხელისუფლების დროს ჩატარდა. ამჟამად შპს „გზამშენს“ მუნიციპალიტეტის მერიაში განცხადება აქვს შეტანილი. მიმდინარეობს ადმინისტრაციული წარმოება. რეგლამენტით განსაზღვრულ დროში მოხდება ამ თემის განხილვა და იურისტები დაწერენ შესაბამის დასკვნას ან ბრძანებას.

აღნიშნულ საკითხზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების მიმდინარეობის შესახებ დაგვიდასტურა მუნიციპალიტეტის მერიის სამართლებრივი უზრუნველყოფის და ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა ლაშა თავაძემ.

_ მოხდება განხილვა ვნახოთ რა შეთანხმებას მივაღწევთ კერძო მესაკუთრესათან _გვითხა ლაშა თავაძემ.

_საკუთრება ჩემია. როდესაც საგზაო დეპარტამენტი გზის რეაბილიტაციის პროექტს ადგენდა, თავიდან ისინი 7-8 მეტრით იყვნენ შემოჭრილნი ჩემს საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე. ისინი გაგებით მოეკიდნენ ჩემს განმარტებას და პროექტირებაში შესაბამისი ცვლილებები შეიტანეს.

_ბატონო გია, სად უნდა მოაწყოს მშენებელმა ფეხით მოსიარულეთა ტროტუარები და ააგოს მოსაცდელი?

_სახელმწიფოს შეუძლია გადაიწიოს მის მიწაზე. საზღვარი სადაც ახლადაგებული ასფალტია, იქ გადის.

_ამჟამად მუნიციპალიტეტის მერიაში შპს „გზამშენი 18“-ის განცხადების საჯარო ადმინისტრაციული წარმოება მიმდინარეობს. მოხდება თუ არა განხილვისას რაიმე შეთანხმების მიღწევა თქვენს შორის?

_ ტეროტორია მე მეკუთვნის და მისი ნაწილის დათმობას არ ვაპირებ _გვითხრა გია ტაკიძემ.

ავტორი: სტატიის ავტორი;

© alion.ge 2015 წელი ყველა უფლება დაცულია.