რაც ახლა ბაილეთში კეთდება, მას ძველები საშვილიშვილო საქმეს ეძახდნენ. საგზაო სამუშაოებს, რომელსაც აქ შპს `პალადა~ აწარმოებს, სხვა სახელს მართლაც ვერ მოუძებნი. არა მგონია, ასეთი მასშტაბური პროექტი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის რომელიმე სხვა სოფელში ხორციელდებოდეს რაც, რა თქმა უნდა, მუნიციპალიტეტისა და სოფლის ხელმძღვანელობის სწორი გათვლა და დამსახურებაა.
მუნიციპალიტეტის მერიის ძალიხხმევით, ისეთი პროექტი შედგა, რომლის განხორციელების შემდეგ, ეს ერთი პრობლემა თითქმის მთელ სოფელში გადაიჭრება.
პროექტის მიხედვით ბაილეთის თემში სულ 1 893 763,58 ლარის სამუშაოები უნდა შესრულდეს. ახალსოფელში 1777 გრძივი მეტრი გზა უნდა მოასფალტდეს, ხოლო თვით ბაილეთში 1926 მეტრი, ორივეგან გზის სიგანე 5 მეტრი იქნება, ხოლო ასფალტის სისქე _ 6 სმ. ბაილეთში ზაქარიაძეების უბანში კიდევ დასაგებია 1960 მეტრი გზა. კეთდება ხიდები, მილხიდები, საწრეტი არხები.
აბა, ცუდი რაღა ხდებაო? _ იკითხავთ, ალბათ. ყანებისა და საყანეების, უფრო სწორად ნაყანებების ნახვამ მიგვიყვანა იმ დილემამდე, რის წინაშეც შესაძლებელია ბაილეთელები მალე დადგნენ. საქმე ისაა, რომ ახალსოფლის ტერიტორიაზე, მდინარე სუფსის აუზში კარიერის ამოქმედების შემდეგ, როგორც ამბობენ, 2000 წლიდან დღემდე, აქაურებმა სავარგულების თითქმის 50 პროცენტი დაკარგეს.
ახალსოფლელი როინი დარჩიას თქმით, ამის მიზეზი გახლავთ ის, რომ ქვიშა-ხრეშის მომპოვებლებმა მდინარეს კალაპოტი შეუცვალეს.
`მთელი პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ სავარგულები სუფსამ მას შემდეგ წაგვართვა, რაც ქვიშა-ხრეშის მომპოვებელმა კომპანიამ, მოსახლეობასთან შეუთანხმებლად, მდინარეს კალაპოტი შეუცვალა. წყალი აქეთ აწვება და მიაქვს ეს ჩვენი მიწები. 600 კუბური მეტრი გაბიონი იყო ჩაწყობილი, კარგად გაკეთდა, 43 დღე პირადად ვიმუშავე იქ და ვიცი, გააუქმეს მაგათმა, აღარ ჩანს საერთოდ. ჩემი ანგარიშით, 18-20 ჰექტარი სავარგული უკვე წაღებულია, აღარ არსებობს. ეს კერძო საკუთრებაში არსებული მიწები იყო. იმედა დარჩიას, გელა დარჩიას, თემურ ჩხარტიშვილის (ყოფილი პროკურორის), ზური ებრალიძის, მეორე თემურ ჩხარტიშვილის, ომარ ჩხარტიშვილის მიწები შუაშია გაჭრილი და სანახევროდ წაღებულია. ვინ აგვინაზღაურებს ზარალს, ან ვინ მოგვცემს სანაცვლო მიწას? მეზობელი სოფელი სილაურიც ამ დღეში იყო. თუმცა, სილაურელებმა დაატოვებინეს ტერიტორია~.
ეს ფაქტი მეორე დღეს სილაურის მაჟორიტარმა დეპუტატმა გოჩა კილაძემაც დაგვიდასტურა.
როგორც ადგილობრივები ამბობენ, აქ კარიერები წინა ხელისუფლების შს მინისტრის ვანო მერაბიშვილის ინტერესებში შედიოდა.
`ვერ გეტყვით, ვისი ბიზნესი იყო და არის, მაგრამ იმის თვითმხილველი ვარ, რომ კარიერის გახსნამდე იმ ადგილას მერაბიშვილის შვეულმფრენი დაფრინდა და შემდეგაც შს მინისტრმა რამდენჯერმე დაათვალიერა ობიექტი~, _ გვითხრა 59 წლის ელგუჯა მიხელიძემ, რომელიც 45 წელია ტრაქტორზე მუშაობს და აქაური ტერიტორიების ავან-ჩავანი კარგად იცის.
მისივე თქმით, მდინარე სუფსამ ამ ადგილზე უკვე 21 ჰექტარი მიწის ფართობი წაიღო: `ამის მიზეზი, ჩემი აზრით, ქვიშა-ხრეშის არასწორად მოპოვებაა. არადა, შეიძლება აქ ამ საქმის წარმართვა გარემოს დაუზიანებლად. ვთხოვე, შევეხვეწე ამ ხალხს, ისე ეკეთებინათ თავიანთი ბიზნესი, მოსახლეობა არ დაზარალებულიყო. როგორ შეასრულეს თხოვნა, ხომ ნახეთ? ბესიკ ვასაძეს, ჯონდერი როყვას, ელგუჯა როყვას, ვისაც 6 ათასი ჰქონდა, იმას 3 ათასამდე, ვისაც 3 ათასი ჰქონდა, იმას 1500 კვადრატული მეტრი მიწებიც აღარ აქვთ დარჩენილი. 60-65 მეყანე ასეთ მდგომარეობაშია~.
ზურაბ დარჩიამ გვითხრა, რომ ბაილეთელებს მიწების სერიოზული დანაკარგი აქვთ ყოფილი ჩაის ფაბრიკის გასწვრივ, სანაპირო ზოლშიც. ამ ტერიტორიებზე, გაღმა მხარეს ანალოგირ დღეში ჩააგდო მდინარემ მეზობელი სოფელი ჯუმათი. ესეც იმის შედეგია, რომ აქ ადრე ქვიშა-ხრეშის მომპოვებელი კარიერი მოქმედებდა.
ცნობილი ფაქტია, რომ კარიერების მეპატრონეები ხშირად შეგნებულად იცვლებიან. ამიტომ, შევეცადეთ, გაგვეგო ვინ აწარმოებდა და ვინ აწარმოებს ახალსოფელში ინერტული მასალების მოპოვებას. რას მოიცავს მათი საქმიანობის არეალი, რა ვადით აქვთ აღებული ლიცენზიები, მაგრამ, არ ყოფილა ამის გაგება მთლად ადვილი.
გასული წლის შესაბამისი რუკის მიხედვით, ამ ტერიტორიაზე ორ ლიცენზიას ფლობდა შპს `ჯორჯიან მინერალსი~. პირველი ლიცენზიის ვადაა 2017 წლის 27 აპრილიდან 2022 წლის 28 აპრილამდე, 6,66 ჰექტარზე, მოცულობა _ 199 800 კუბური მეტრი; მეორე, უფრო მცირე ლიცენზიის ვადაა 2017 წლის 14 სექტემბრიდან 2021 წლის 13 დეკემბრამდე, 0, 5 ჰექტარზე, მოცულობა _ 15 000 კუბური მეტრი.
სავარაუდოდ, დღეს აქ შპს `ნატა 2000~ უნდა აწარმოებდეს ქვიშა-ხრეშის მოპოვების სამუშაოებს. შეიძლება ვერ ვიყოთ კომპეტენტურები, მაგრამ რაც რუკაზე ჩანს, ის ნამდვილად არ უწყობს ხელს გასწორხაზოვნებას.
ინფორმაციის დაზუსტების მიზნით, თბილისში, გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის პრესსამსახურის ხელმძღვანელს ლიკა ქოქიაშვილს დავუკავშირდით, რომელმაც გვითხრა, რომ ეკონომიკის სამინისტროს პიარის ეროვნული სააგენტოსთვის უნდა მიგვემართა, ტელეფონის ნომერიც დაგვიდგინა _ 2439557. გასულ სამშაბათს, 23 ივლისს, გაზეთის დასაბეჭდად მომზადების დღეს, 14-დან 17 საათამდე ჩვენ მიერ განხორციელებულმა ზარებმა რატომღაც ადრესატამდე ვერ მიაღწია. არაუშავს, შევეცდებით უახლოეს მომავალში დავუკავშირდეთ და დაზუსტებული ინფორმაცია გამოვაქვეყნოთ.
რასაკვირველია, მოპოვებული არასრული მასალებით არაფერს ვამტკიცებთ, ხელს არავის ვადებთ, უბრალოდ, ხალხის ნაამბობსა და ფაქტებს ვაფიქსირებთ. ჩვენი აზრით, როგორც ცენტრალური, ისე ადგილობრივი ხელისუფლების შესაბამისი სტრუქტურები, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციები აუცილებლად უნდა დაინტერესდნენ ამ საკითხით და დარღვევის შემთხვევაში, ოპერატიულად უნდა გატარდეს სათანადო ღონისძიებები.
მოკლედ, კარიერების გამოისობით შექმნილ სიტუაციას ბაილეთში მოსალოდნელი მიგრაციის სუნი ასდის. მოსახლეობის მხრიდან სოფლის დაცარიელება და მიტოვება, რა თქმა უნდა, დაშაულის ტოლფასი იქნება, მაგრამ თუ სავარგულები და საძოვრები არ ექნა, შესაბამისად მოსავალი ვერ მოიწია და პირუტყვი ვერ იყოლია, ოჯახი ვერ დააპურა, შვილები ვერ აღზარდა და დააკვალიანა, მტერ-მოყვარეს პასუხი ვერ გასცა, მაშინ რა უნდა კარიერებისგან ფსკერამობრუნებულ, გაცამტვერებულ სუფსის ჭალაში ბაილეთელ კაცს, ან ვის რაღად სჭირდება ეს მოასფალტებული გზები და სხვა ინფრასტრუქტურა, რომლისთვისაც ადგილობრივი ხელისუფლება ასე ისარჯება ??? SOS!!!