ვაკიჯვრელებს თავიანთ სოფელში ჰესის გაგონებაც კი არ სურთ

დამატებულია: 2019-07-26
picture1

დღეს სოფელ ვაკიჯვარში უშედეგოდ დამთავრდა ოზურგეთის მუნიციპალიტეტში 9,085 მგვტ დადგმული სიმძლავრის ნატანები 3 ჰესის მშენებლობის ექსპლუატაციის პროექტის სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვა. შპს `უნივერსალ ენერჯი ქორფორაიშენის~ მენეჯერის, საკონსულტაციო კომპანია `გამა კონსალტინგის~ თანამშრომლის ჯუგული ახვლედიანის, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მონიტორინგის სამსახურის თანამშრომლის გურამ ყაფლანიშვილის წარმოდგენილ პროექტს ვაკიჯვრელებმა ცივი წყალი გადაასხეს.

გურამ ყაფლანიშვილმა განმარტა, რომ ენერგეტიკის სამინისტროსა და კომპანიას შორის მემორანდუმის გაფორმება არ ნიშნავს მშენებლობი დაწყების ნებართვას, რომ ამ მემორანდუმში აუცილებლად გაითვალისწინებენ მოსახლეობის მოთხოვნებსა და ინტერესებს. თუ არ ჩავთვლით სიტყვის დასაწყისს, მოსახლეობამ არც კი უსმინა `უნივერსალ ენერჯი ქორფორაიშენის~ მენეჯერის გიორგი მარგებაძეს, კატეგორიული წინააღმდეგი წავიდა ჰესის აშენებისა.

`ჯერ მისმინეთ ხომ უნდა იცოდეთ, რას გთავაზობთ? ჩვენ არ გვინდა თითის წვერებზე სიარული, ვართ ბოლომდე გახსნილები. გვაქვს სოციალური პაკეტები, ბუნებრივი გაზი გინდათ? მზად ვართ, ეკონომიკის სამინისტროს წინაშე დავაყენოთ თქვენი მოთხოვნები და სანამ გაზი არ შემოვა, ჰესის მშენებლობა არ დავიწყოთ~ _ თქვა მარგებაძემ, რომლის გამოსვლაში ვაკიჯვრელებმა სოფლის სარგებელი დიდი ვერაფერი დაინახეს.

`არ გვინდა, ტყე იჩეხება~... `მდინარე მილში ემწყვდევა, ხეობა დაშრება, კლიმატი შეიცვლება~... `ტურიზმის ნიშნები გამოჩნდა და ისიც ჩაკვდება~.... `სოფელს აღარ ექნება საკურორტო პერსპექტივა~... `ბავშვებს ნუ წაართმევთ ვაკიჯვარს~... ამ და სხვა უამრავმა რეპლიკებმა მოიცვა დარბაზი.

`არ გაქვთ სწორი ინფორმაცია, პირიქით სოფლის საკეთილდღეოდ გაკეთდება ყველაფერი, დასაქმდებით, თურქეთში ჩაის და კახეთში ატმის საკრეფად აღარ დაგჭირდეათ წასვლა. რატომ არ გინდათ ვაკიჯვარში დავხარჯოთ 15 მილიონი დოლარი? ყველაზე დიდი სარგებელი ამ სოფელს უწევს...~ – ამაოდ დაშვრა მარგებაძე, რომლის გამოსვლა ვაკიჯვრელებს ხისტი ეჩვენათ.

შეხვედრაზე თავისი მოსაზრება გამოთქვა მოძრაობა `გადავარჩინოთ გურიის მდინარეების~ ერთ–ერთმა დამფუძნებელმა ირმა გორდელაძემ: ` ეს ყველაფერი არ უნდა კეთდებოდეს ეკოლოგიური კატასტროფების ხარჯზე. ნახეთ, რა დღეშია კარიერების მოქმედების შედეგად ჩვენი მდინარეები. ვაკიჯვრელებო, თქვენი გადასაწყვეტია, ფოჩიანი კანფეტები და ჰესი გინდათ თუ მდინარეებისა და მთლიანად სოფლის გადარჩენა~. ხალხს ვერც საკონსულტაციო კომპანია `გამა კონსალტინგის~ თანამშრომლმა ჯუგული ახვლედიანმა აცვლევინა პირი, რომელმაც განმართა: `ვერავინ იტყვის, რომ გარკვეული გავლენა არ იქნება, ეს გავლენა იქნება უმნიშვნელო და დასაშვები. ამათან, თქვენ შეგიძლიათ, კომპანიას წაუყენოთ თქვენი მოთხოვნები, რომელიც აიღებს ვალდებულებას ამ მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე~.

_ თუ არ გვინდა, მაინც მოხვალ? _ ჰკითხეს ბოლოს მარგებლიძეს.

_ შენება გვინდა. _ იყო პასუხი.

ავტორი: თემურ მარშანიშვილი;

© alion.ge 2015 წელი ყველა უფლება დაცულია.