ოზურგეთის თეატრის 151-ე თეატრალური სეზონი

დამატებულია: 2019-07-29
picture1

ივლისის ბოლოს ოზურგეთის თეატრმა მორიგი სათეატრო სეზონი დაასრულა, რომლის განმავლობაში შედგა:

ხუთი პრემიერა: ეგზიუპერის „პატარა უფლისწული“ (რეჟისორი მამუკა ბაბილოძე), გ. ნახუცრიშვილის „ჭინჭრაქა“ (რეჟისორი ოთარ კუტალაძე), ა. პეტროვას „კოცნა“ (რეჟისორი ნევენა მიტევა), ა. ვარსიმაშვილის სცენური ვერსია „ზამთარი იგი“ (რეჟისორი კახა გოგიძე), ა. ლინდგრენის „პეპი გრძელიწინდა“ (რეჟისორი რევაზ ბაინაზიშვილი).

თეატრმა მონაწილეობა მიიღო სამ საერთაშორისო ფესტივალში: (ბულგარეთსა, უკრაინასა და საქართველოში). ქართულ-ბულგარული კოპროდუქციით „კოცნა“ ოზურგეთის თეატრი მონაწილეობდა ბულგარეთის ქალაქ შუმენში თანამედროვე ბულგარული დრამატურგიის ფესტივალში, ფესტივალი არ ითვალისწინებდა საზღვარგარეთის ქვეყნების თეატრების სპექტაკლების კონკურსში მონაწილეობას. სპექტაკლი მაყურებლით გადაჭედილ დარბაზში მიმდინარეობდა, ოზურგეთის თეატრის მსახიობებმა მაყურებლის გულწრფელი ოვაციაც დაიმსახურა. ოზურგეთის თეატრს გადაეცა დიპლომი ფესტივალში მონაწილეობისთვის. შუმენიდან თეატრი გაემგზავრა ვრაცაში, ბულგარეთის ამ პატარა საფესტივალო და კოლორიტულ ქალაქში ოზურგეთის თეატრმა მცირე დრამატული ფორმების საერთაშორისო ფესტივალში მიიღო მონაწილეობა. ოზურგეთის თეატრის სპექტაკლმა ვრაცაში საერთაშორისო ფესტივალის ორი პრიზი მიიღო: ფესტივალის მთავარი პრიზი - „თანამედროვე ბულგარული დრამატურგის საუკეთესო გადაწყვეტა და მსახიობმა თამარ მდინარაძემ - „ქალის როლის საუკეთესო შესრულებისათვის“ სპექტაკლში „კოცნა“ ბებიისა და გერმანელი ქალის როლების შესრულებისათვის. სპექტაკლი უზრუნველყოფილი იყო სუბტიტრებით ბულგარულ ენაზე.

ევროპულ ტურნეში მესამე საფესტივალო ქალაქი იყო ხერსონი, ქალაქი უკრაინაში, სადაც პრესტიჟულ საერთაშორისო ფესტივალში „ტავრიის მელპომენა“ მსახიობ თამარ მდინარაძეს გადაეცა პრიზი ნომინაციაში „ქალის როლის საუკეთესო შესრულებისათვის“. ასევე წარმატებული იყო თეატრისათვის ფოთის საერთაშორისო ფესტივალი, რომლის ფარგლებშიც ახალციხეში ვუჩვენეთ „კოცნა“.

151-ე სეზონის განმავლობაში გაფორმდა ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმები: ოზურგეთისა და შუმენის თეატრებს, ნოდარ დუმბაძის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალსა და შუმენის ახალი ბულგარული დრამატურგიის ფესტივალებს შორის; ხერსონისა და ოზურგეთის დრამატულ თეატრებს შორის, ასევე „ტავრიის მელპომენეს“ საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალსა და ოზურგეთის ნოდარ დუმბაძის სახელობის საერთაშორისო ფესტივალებს შორის. აზერბაიჯანის, განჯის სახელმწიფო თეატრთან, ლიეტუვას შაულაის თეატრთან, ჩოხატაურისა და ამბროლაურის სახალხო თეატრებთან. თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ვასო ჩოგოგიძე ფესტივალებზე წარმატებების ტოლფასად მიიჩნევს ოზურგეთის თეატრის ვიზიტს უკრაინაში, ქალაქ გენიჩესკში.

ვასო ჩიგოგიძე: „ - ფესტივალებზე გამარჯვების სიხარულს არ ჩამოუვარდებოდა გენიჩესკელების საზეიმო დახვედრის რიტუალი ტრადიციული პურითა და მარილით, მისალმებებით, კონცერტით ქართველთა და უკრაინელთა მეგობრობის მემორიალთან, ქალაქის დასაწისში, გენიჩესკელი მაყურებლის ემოცია, ქართველთა სათვისტომოს „საქართველოს გაუმარჯოს“, ქართული დროშით, სპექტაკლის წინ მასპინძლების გამოსვლები, ჩვენი დელეგაციის თოთოეული წევრის დასაჩუქრება და დიდი სითბო.

მოგეხსენებათ, 1938 წლიდან იწყება ოზურგეთისა და გენიჩესკის რაიონების მეგობრობა, რომელიც ახსოვს ორივე რაიონს და რომლის აღდგენას შესაბამისი პერსპექტივა მოჰყვება. მიხარია, რომ თეატრი იყო ამის ინიციატორი, ჩვენ პატარა, დასურათებული ბუკლეტიც გამოვეცით ამ მეგობრობის შესანიშნავი ისტორიის შესახებ. ჩვენი ვიზიტის შემდეგ ერთმანეთს დაეკონტაქტა ორივე რაიონის ხელისუფლება და მალე გენიჩესკელებიც საპასუხო ვიზიტით გვეწვევა.

151-ე სეზონზე ჩვენ გვესტუმრნენ სახელმწიფო თეატრები: თბილისის თოჯინების თეატრი და ახალციხის თეატრი. მათ შესანიშნავი წარმოდგენები აჩვენეს მაყურებელს. ასევე საშუალება ჰქონდათ ჩენს მსახიობებს მიეღოთ მონაწილეობა ტელესერიალის გადაღებაში.

152-ე სეზონს საინტერესო შემოქმედებითი გეგმებით ვეგებებით და ჩვენს მაყურებელს ვთხოვ იყოს ყურადღებით ჩვენი საანონსო პუბლიკაციების მიმართ მედიასა და ფეისბუქგვერდზე. ერთად დავწეროთ თეატრის ახალი ისტორია.“

ავტორი: სტატიის ავტორი;

© alion.ge 2015 წელი ყველა უფლება დაცულია.