თენგიზ თოიძემ ბათუმის საერთაშორისო ტურნირზე გაიმარჯვა

დამატებულია: 2019-07-31
picture1

ბათუმის საერთაშორისო ტურნირზე ოზურგეთელი მოჭადრაკეები კარგად წარსდგნენ. თენგიზ თოიძე ტურნირის გამარჯვებული გახდა.

ბათუმში დამთავრდა საერთაშორისო ტურნირი ჭადრაკში „ბათუმი-2019“, რომელშიც გურიის რეგიონი ძირითადად ოზურგეთელი მოჭადრაკეებით იყო წარმოდგენილი. თავიდანვე უნდა ითქვას, რომ ტურნირი , რომელიც საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის კალენდრით, ყოველწლიურად იმართება, წელს, აჭარის ჭადრაკის ფედერაციის (პრეზიდენტი სალომე მელია) მიერ განსაკუთრებულად მაღალ დონეზე იყო ორგანიზებული. ღონისძიება ახალგაზრდულია და მასში ასაკობრივი კატეგორიების მიხედვით 8-10-12-14 და 20 წლამდე გოგონები და ჭაბუკები მონაწილეობდნენ. ძირითადი ტურნირის პარალელურად ჩატარდა ბლიც ტურნირიც, რომელიც ასაკობრივ კატეგორიებს არ ითვალისწინებდა და მასში მონაწილეობის უფლება ჰქონდა მწვრთნელებსაც. დებულება, ჩემპიონებისა და პრიზიორების გამოვლენასთან ერთად, ასევე ითვალისწინებდა შესაბამისი კრიტერიუმებით საუკეთესო მწვრთნელების გამოვლენას. ტურნირის საპრიზო ფონდი შეადგენდა 7 ათას ლარს, რომელიც თავიდანვე გაწერილი იყო თითოეულ ასაკობრივ კატეგორიაში 5-5 პრიზიორის და სხვადასხვა ნომინაციაში წარმატებულთა დაჯილდოებისათვის.

გასაკვირი არაა, რომ ტურნირში წარმატების ყველაზე დიდი იმედი ოზურგეთელ ჭადრაკის მოყვარულებს თენგიზ თოიძის ჰქოდათ. მისთვის მიმდინარე საჭადრაკო სეზონი, როგორც სპორტული მიღწევებით, ისე თეორიული ცოდნის ამაღლებით, მართლაც განსაკუთრებული გამოდგა. მან ჯერ მუნიციპალური და რეგიონალური ჩემპიონატები მოიგო, საქართველოს პირველობის უმაღლეს ლიგაში წარმატებული თამაშით მსოფლიო პირველობაზე (ქ.მინსკი, ბელორუსია, 16 აგვისტოდან) მონაწილეობის უფლება მოიპოვა, ორ საერთაშორისო ტურნირში პრიზიორი და ფულადი ჯილდოს მფლობელი გახდა. ასევე უნდა აღინიშნოს საჭადრაკო კლუბ “გურიას“ სახელით მისი წარმატებული მონაწილეობა საქართველოს საკლუბო ჩემპიონატში, სადაც დღემდე გამართულ 6 ტურში ყველაზე მეტი-5,5 ქულა, შესძინა გუნდს. ბათუმში, 35 თანატოლთან პაექრობაში კი , თენგიზმა ბრწყინვალე შედეგი -6 მოგება და ერთი ყაიმი(!) აჩვენა და ბოლო ტურში უშუალო კონკურენტის დამარცხებით ერთპიროვნული ჩემპიონი გახდა.

12 წლამდე გოგონათა შორის ასპარეზობაში ჩემპიონობასთან ძალზე ახლოს იყო ანა მეგრელაძე, რომელმაც ბოლო პერიოდში საგრძნობლად აიმაღლა სათამაშო კლასი. მას უმეტესი პარტიები მაღალრეიტინგიან ჭაბუკ თანატოლებთან მოუწია, ამიტომ მისი ვერცხლის მედლიანი მეორე ადგილი დიდ წარმატებად უნდა ჩაითვალოს, ამავე ასაკში საპრიზო ხუთეულში შევიდა ნათია ვასაძე. 10 წლამდე გოგონათა ჩათვლაში კი, ლიზი ვასაძე პედესტალის მესამე საფეხურზე ავიდა.

საპრიზო ადგილზე ვერ გავიდა, მაგრამ კარგად ითამაშეს ლუკა მახარაძემ და გიორგი ხოხლენკომ, რომლებიც მხოლოდ ნახევარი ქულით ჩამორჩნენ საპრიზო ადგილს.

ტურნირის პარალელურად გამართულ ბლიცში ქალთა შორის საუკეთესო შედეგით ოზურგეთელი მწვრთნელი ნინო წიტაიშვილი გახდა გამარჯვებული. ტურნირზე ათეულობით წარმოდგენილ მწვრთნელთა შორის საუკეთესოს გამოვლენის მიზნით ჩატარებულ კონკურსში ისევ ნინომ გაიმარჯვა. მართლაც მისი აღსაზრდელებიდან სამმა საპრიზო ადგილი აიღო და ორმა შესაძლო ქულების 60 % აიღეს.

ტურნირში დახურვაში მონაწილეობდა გურიის ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი ზურაბ ანდღულაძე, რომელმაც გურიის ჭადრაკის გულშემატკივართა სახელით წარმატება მიულოცა ოზურგეთელ იმედის მომცემ მოჭადრაკეებს. გაიმართა საუბარი აჭარის ჭადრაკის ფედერაციისა და საჭადრაკო კლუბ „ნონას’’ ხელმძღვანელობასთან, გურულ მოჭადრაკეეებთან ამხანაგური მატჩების გამართვის თაობაზე, რომლის ფორმატზე და პირობებზე დამატებით მოხდება შეთანხმება.

ავტორი: სტატიის ავტორი;

© alion.ge 2015 წელი ყველა უფლება დაცულია.