კურორტ გომისმთაზე უნებართვო მშენებლობებს იღებენ

დამატებულია: 2019-08-07
picture1

გაზეთ „ალიონმა“მიმიდინარე წლის 9 ივლისის ნომერში ვრცელი სტატია გამოაქვეყნა სათაურით „რა ხდება გომისმთაზე _უკანონო მშენებლობების ბუმი და თვალშისაცემი სხვაობა მეზობელი მუნიციპალიტეტების მოსახლეობის შესაძლებლობებს შორის“, რომლის ელექტრონული ვერსია გაზეთის ვებ.გვერდზე ALION.GE განთავსდა.

გუშინ, 6 აგვისტოს, კურორტზე სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე აკაკი შენგელია, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ოსიკო თოთიბაძე, ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლები, შემოქმედის ტერიტორიული ერთეულის წარმომადგენლები, შემოქმედის ყოფილი გამგებელი ბესიკ ლომინაძე, პოლიციის თანამშრომლები იმყოფებოდნენ. დღეს, გურიის გუბერნატორთან გომისმთის საკითხზე ხანგრძლივი თათბირის შემდეგ მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსს შუქრი გაბრიჩიძეს ტელეფონით ვესაუბრეთ:

_ მძიმე მდგომარეობაა. წარმოიდგინეთ თვით მშენებარე ეკლესიის გვერდით, გომისმთის წყალსადენის მთავარი აუზის მიმდებარედ, რომელიც სანიტარული ზონაა, იყო მშენებლობებია დაწყებული. ტყის ზოლშიც კი არიან შესულები. გუშინ ცუდი ამინდი იყო და კურორტის დასაწყისში ვიმუშავეთ. ტექნიკის გამოყენებით ავიღეთ ე.წ. „კოლები“ (ზოგი დაბეტონებული იყო), ყველას ავიღებთ. თუკი ვინმეს მამაპაპისეული სახლი ჰქონდა, დაიშალა, განცხადებით უნდა მოგვმართონ.

დავიწყეთ აგებული სახლების დანომრვა. გუშინ 108 სახლი აღვწერეთ, საიდანაც 12 იყო მხოლოდ ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მცხოვრებლების. სამუშაოები გაგრძელდება. ჩვენ მხოლოდ აშენებულ სახლებს არ ვეხებით (უნებართვოდ აშენებულების საკითხს მუნიციპალიტეტი გაარკვევს). ყველა მონიშნული ნაკვეთი ჩამოერთმევა მის „მეპატრონეს“ _ გვითხრა შუქრი გაბრიჩიძემ.

გავრცელებული ინფორმაციით ძალიან მალე მერია მათთვის საიმედო და ერთგულ კაცს დანიშნავს კურორტის დირექტორად. დირექტორობის კანდიდატი უკვე ჩართულია დემონტაჟის პროცესებში.

ავტორი: ავტორი გაზეთი „ალიონი“;

© alion.ge 2015 წელი ყველა უფლება დაცულია.