არჩილ თალაკვაძე: „საქართველოს მომავლის გზა განათლებაზე გადის“

დამატებულია: 2019-08-17
picture1

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ გუშინ 2 შეხვედრა გამართა ზემო და ქვემო ნატანების მოსახლეობასთან.

პირველი, რაც პარლამენტის თავმჯდომარემ ზემო ნატანებში, მოსახლეობასთან შეხვედრაზე გააჟღერა, ეს პენსიების ზრდის თემაა:

_პენსიებთან დაკავშირებით პოზიტიური ცვლილებები იქნება მალე _განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

პენსიების მომატებაზე ისინი პარლამენტში სექტემბერში, საშემოდგომო სესიაზე იმსჯელებენ.

მეორე თემა: ეს უფასო მედიკამენტების პროგრამის გაფართოებაა. ამჯერად 300-მდე მედიკამენტი შევა ჩამონათვალში, რაც უდაოდ დიდი შეღავათი იქნება მოსახლეობისთვის.

მესამე თემა: ეს განათლების სისტემის მზარდი მხარდაჭერაა. არჩილ თალაკავაძის თქმით, მომდევნო 3 წლის განმავლობაში საქართველოს ბიუჯეტის 25 პროცენტი განათლების სისტემას მოხმარდება.(პედაგოგების ხელფასების ზრდა,ინფრასტრუქტურა, პროგრამები გახდება თანამედროვე, მოსწავლეების და სტუდენტების ინიციატივების მხარდაჭერა, სტუდენტების დასაქმება).

_ჩვენ ამჟამად ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ვახდენთ ქალაქის #1 საჯარო სკოლის სრულ რეაბილიტაციას, დაბა ურეკის, დაბა ნასაკირალის და სოფელ შრომის ეკალდიდის უბანში ახალი სკოლების მშენებლობას. კაპიტალურად რემონტდება ქვემო ნატანების საჯარო სკოლა, მუსიკალური სკოლა ყოფილი კოლმეურნეობის გამგეობის შენობაში, გადავა. საქართველოს მომავლის გზა განათლებაზე გადის _განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

_აქ რომ მოვდიოდი, მაცნობეს რომ შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლების ვაკიჯვარის, ბახვისა და ცხემლისხიდის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციაზე ტენდერი გამოაცხადა. აქ სახელმწიფო 7 მილიონზე მეტი თანხის ჩადებას გეგმავს. იგივე მდგომარეობაა ნატანებშიც. უნდა გაკეთდეს რამდენიმე ჭაბურღილი.

სოფელ ნატანების მაჟორიტარმა დეპუტატმა თამაზ ტუღუშმა განმარტა, რომ ზემო ნატანებში 750 ოჯახის წყალმომარაგების პროექტი უკვე მომზადებულია.

სიახლე იყო ისიც, რომ ისაუბრეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მიერ დანერგილ საცხოვრისის პროგრამაზე, რომლითაც საცხოვრისის არმქონე (მეწყერი, სხვა სტიქიური უბედურება) პირს 25 ათას ლარს აძლევენ ახალი საცხოვრისის ასაშენებლად ან შესაძენად. ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ამ პრობლემის გადასაწყვეტად მსგავსი პროგრამის მიღების რეკომენდაციაზე ისაუბრეს.

ზემო ნატანებელმა ახალგაზრდებმა სოფელში მინისტადიონების აგება ითხოვეს; ზემო ნატანების სკოლაში ბუნებრივი აირის შეყვანა გათბობისათვის: ქვემო ნატანებში_საუბნო გზების პრობლემებზე დააყენეს საკითხი (როზა ტუღუში-საკუპრე; მანანა ქინქლაძე_შეკვეთილის ქუჩა; გულნარა ნინიძე _ახალშენი).

_როდის გახდება მთავრობისათვის სოფლის მეურნეობა პრიორიტეტი _ეს შეკითხვა დასვა ყოფილი ნატანების კოლმეურნეობის მთავარმა აგრონომმა ჭიჭიკო ნაკაიძემ.

_მთავრობა 1,5 მილიარდ ლარს დებს სოფლის მეურნეობაში _უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარემ.

_დახარჯულის შედეგი არ გვაქვს _თავის პოზიციას არ თმობდა ჭიჭიკო ნაკაიძე.

იყო საუბარი დაუმუშავებელ მიწებზე.

როგორც ითქვა, მთავრობაში არის მოსაზრება, რომ იმ მიწებს, რომლებსაც მისი მეპატრონეები 2 წლის განმავლობაში არ დაამუშავებენ, სახელმწიფო შეისყიდის.

.

ავტორი: სტატიის ავტორი;

© alion.ge 2015 წელი ყველა უფლება დაცულია.