ყოველთვის „მიშა მოდისო“-არ გამოდგება არჩევნებზე, ხმა ხომ უნდა მოგცეთ?“

დამატებულია: 2019-09-02
picture1

ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ცხემლისხიდის და ბაღდადის მოსახლეობას შეხვდნენ.

ეს შეხვედრა სხვა სოფლებში გამართულ მსგავს შეხვედრებთან შედარებით უფრო კრიტიკული და ხმაურიანი იყო. ადგილობრივი მოსახლეობა ხელისუფლებისაგან მეტ ყურადღებას ითხოვს.

_200 კომლი ცხოვრობს სოფელ უჩხუბში. 3 კილომეტრი გზის რეაბილიტაციას საკითხს წლებია ვაყენებთ. სხვაგან მთის გზაც გაკეთდა და ბარისაც, ჩვენ რა დავაშავეთ _მიმართა პარლამენტარ თემურ ჭკუასელს და სხვებს უჩხუბელებმა მარინა და ხათუნა გიორგაძეებმა. ცხემლისხიდელმა ნუგზარ გიორგაძემ შეხვედრის ორგანიზატორებს ჰკითხა, თუ რატომ არ ესწრებოდა ოზურგეთის მერი კონსტანტინე შარაშენიძე ამ შეხვედრას, თუ რაიმე კეთდება, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ფულით არ არის? რაზედაც ნუგზარ გიორგაძეს ასევე ცხემლისხიდელი ალექსანდრე ჯოხაძე შეეპასუხა, რასაც რამდენიმე დამსწრის მწვავე რეაქცია მოჰყვა, თუმცა ფიზიკურ დაპირისპირებამდე არ მისულა საქმე.

ცხემლისხიდელ მეჩაიეს ზინა გუჯაბიძეს გასული საუკუნის 80-იან წლებში მთელი საქართველო იცნობდა. 90-იან წლებში 30 ჰექტარი ჩაის ფართობი აიღო იჯარით, სადაც ათეულობით ადამიანი ჰყავდა დასაქმებული, მოკრეფილ ჩაის მიკროფაბრიკაში ამუშავებდა და ჰყიდდა. _2007 წელს 60 ათასი ლარი ავიღე სესხად. მას შემდეგ ჩემი საწარმო გაჩერებულია _უთხრა პარლამენტარებს მან.

შეხვედრაზეც და შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან ცხემლისხიდელებმა თავიანთი უკმაყოფილება თხილის ჩამბარებლების მისამართით გამოთქვეს...

_გატეხავენ 30 კეკალ თხილს, საიდანაც დავუშვათ 26 კარგია. მაქსიმალური ფასი 3 ლარია -გვითხრა გიორგი გოგოლაშვილმა.

_რის 3 ლარი. 2 ლარზე მეტს აღარ იძლევიან. ჩვენმა თანასოფლემა ერთი ტომარა თხილი მიიტანა მიმღებ პუნქტში. 1,5 ლარი შესთავაზეს. გადაირია კაცი, 4-ჯერ შევწამლე თხილიო და ჩასაბარებლად მიტანილი თხილი ერთიანად გადაყარა... გოგოლაშვილს შეეპასუხა ნათია ჭელიძე. სოფელ ბაღდადში შეხვედრა საბავშვო ბაღის შენობაში გაიმართა.

_ბაღში გაქვთ რადიატორები და ბუნებრივი აირი არა _აღნიშნა შეხვედრის წინ პარლამენტარმა თემურ ჭკუასელმა.

დიმიტრი ხუნდაძე: _ დეპუტატები ყოველთვის რომ იდგნან ამომრჩევლების კართან, ეს შეუძლებელია. გვაქვს სიახლეები. ჯანდაცვის პროგრამებმა მილიარდს გადააჭარბა. გვაქვს უფასო მედიკამენტების პროგრამა პენსიების მატებაზე არის სიახლეები.

გურია საქართველოში მეორეა რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის შემდეგ, სადაც დაბალი შობადობაა. ვფიქრობთ მე-3 და მომდევნო ბავშვის დაბადებისას მთაში 200-ლარიანი, ხოლო ბარში 150-ლარიანი დახმარება გავცეთ. -აღნიშნა დიმიტრი ხუნდაძემ.

დავით დარჩია: _19 სექტემბერს მთავრდება ვაკიჯვარი-ფამფალეთი-ბახვი-ბაღდადი- ცხემლისხიდის მშენებლობის 7-მილიონიანი ტენდერის ბოლო ვადა.

_ამჟამად ერთი არტეზიული ჭით რამდენიმე ოჯახი სარგებლობს _თქვა ცხემლისხიდელმა ნოდარ ხომერიკმა.

_მუნიციპალიტეტმა შეიძლება გასცეს 70 ათასი ლარი და წყალსადენის ქსელის მშენებლობის დასრულებამდე გაუმჯობესდეს წყალმომარაგება თქვენთან _აღნიშნა გურიის გუბერნატორმა ზურაბ ნასარაიამ.

_ხალხს ძარცვავენ თხილის ჩამბარებლები.რამდენი თანხა დაუჯდა გლეხებს, რომ თხილის მოსავალი მიეღო. თითო საღი კეკალიც რომ არ ჩაუთვალოს გლეხს თხილის მიმღებმა, 100 კილოგრამ თხილზე 50 ლარს ჰპარავს.

ყოველთვის „მიშა მოდისო“-არ გამოდგება არჩევნებზე, ხმა ხომ უნდა მოგცეთ? _თქვა ნოდარ ხომერიკმა.

_რატომ არ უშვებენ სხვა რეგიონებიდან ჩამბარებლებს? _ კითხვა დასვა ბაღდადელმა სევიკო საჯაიამ.

თხილის თემაზე დასვა კითხვა პედაგოგმა ლელა სანიკიძემაც.

_ჩვენ ვიცით ამის შესახებ და შევისწავლით _უპასუხა თემურ ჭკუასელმა.

_რატომ უნდა მიიღოს კერძო მეჩაქუჩეებმა თხილი, სახელმწიფომ მიიღოს.

10 ჰექტარი თხილის პლანტაცია მაქვს. 5-ჯერ შევწამლე_ 21 ათასი ლარი გადავიხადე. თხილის ფასი 3 ლარს ქვემოთ წამოვიდა. ახალი სასწავლო წლის დაწყების წინ სულ ასეა. როგორ გადავყარო 7 ტონა თხილი? _თქვა ლექსო ხომერიკმა.

საბოლოოდ ცხემლისხიდ-ბაღდადის . პრიორიტეტული საკითხი წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია, გაზიფიცირება, შიდა საუბნო გზების მოწესრიგება და გარე განათების მოწყობაა.

შეხვედრაზე აქაურებმა განსაკუთრებულად აღნიშნეს სოფლის მაჟორიტარი დეპუტატის ლალი სიჭინავას თანადგომა თანასოფლელებისადმი..

მოსახლეობასთან შეხვედრებს პარლამენტის წევრები თემურ ჭკუასელი, ილია წულაია, ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე დიმიტრი ხუნდაძე, გურიის მხარის რწმუნებული ზურაბ ნასარაია, გუბერნატორის მოადგილე ქეთი მოისწრაფიშვილი, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია და მპგ „ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს“ ოზურგეთის საოლქო ორგანიზაციის წევრები ესწრებოდნენ.

ავტორი: სტატიის ავტორი;

© alion.ge 2015 წელი ყველა უფლება დაცულია.